საერთოდ, ასეთ კონსპირაციულ და მყვირალა ინფორმაციებს ყურადღებას არ ვაქცევ ხოლმე, მაგრამ ჩემი ყურადღება იმან მიიპყრო, რომ სტატია "რადიო თავისუფლების" საიტზეა განთავსებული და ამასთან, ერთობ საინტერესო ფაქტობრივ მასალასაც შეიცავს.
საინტერესოა, მოგვეხმარება პუტინის, 90-იანების პოსტ-საბჭოთა სივრცის და აქედან გამომდინარე, ბიძინას ფენომენის გაგებაშიც.
20 წლის წინ, 1999 წლის გაზაფხულზე, კრემლში „მემკვიდრეს“ ეძებდნენ. 26 მარტს ვლადიმირ პუტინი დაინიშნა უშიშროების საბჭოს მდივნად, თან ეფესბეს დირექტორის პოსტიც შეინარჩუნა. უკვე მაისის დამდეგისთვის ელცინმა გადაწყვეტილება მიიღო, ხელისუფლება პუტინისთვის გადაეცა. სინამდვილეში ვინ ეხმარებოდა მას აღმასვლაში? ჰყავდა თუ არა პუტინს მძლავრი მფარველები და სპონსორები, რომელთა სახელები დღემდე არ ვიცით? საიტ პუტინიზმის რედაქტორი არტიომ კრუგლოვი რუსეთის პრეზიდენტის ბიოგრაფიის ნაკლებ ცნობილ მხარეებს სწავლობს. მას რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის ჟურნალისტი დმიტრი ვოლჩეკი ესაუბრა.
რადიო თავისუფლება: 1990-იან წლებში დანაშაულებრივ დაჯგუფებებს ბევრ პოლიტიკოსზე უფრო მეტი ძალაუფლება ჰქონდათ. ალბათ ძალიანაც აფიქრებდათ, ვინ გახდებოდა „მემკვიდრე“...
არტიომ კროგლოვი: ელცინის მმართველობის ბოლოსკენ რუსეთში ჩამოყალიბდა მსოფლიო მნიშვნელობის ორი უმსხვილესი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც უზარმაზარ რესურსებს ფლობდა - პოდოლსკ-იზმაილოვოსა და სოლნცევოს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებები. ორივეს „კრიშა“ იყო სპეცსამსახურები, ასე რომ, როცა პუტინი პრეზიდენტობას აპირებდა, მათთან მოლაპარაკება მოელოდა. პუტინის მმართველობის პერიოდში ორივე ეს დაჯგუფება მშვენივრად გრძნობს თავს.
პუტინის მოსვლის შემდეგ იზმაილოვოელ ბანდიტებს მისცეს ოდინცოვოს საბაჟო, რომლის გავლითაც აეწყო იარაღის არალეგალური ექსპორტი. ამ ბიზნესს კურირებდა იური ზაოსტროვცევი. ეს ეცოტავათ და ჩეკისტებმა და ბანდიტებმა ააწყვეს შემხვედრი კონტრაბანდის არხი - გერმანიიდან ავეჯი შემოჰქონდათ. ეს თავის დროზე გახმაურდა ჩეკისტების ორ კლანს შორის კონფლიქტის გამო: პატრუშეველები ჩერკასოვ-ზოლოტოვის ჯგუფის წინააღმდეგ („სამი ვეშაპის“ საქმე). 2004 წელს ზაოსტროვცევი იძულებული გახდა, გადამდგარიყო, იმ მომენტისთვის უკვე ეფესბეს დირექტორის მოადგილე იყო. მაგრამ არაფრისთვის არ დასჯილა, რა თქმა უნდა, იზმაილოვოელები კი დღემდე სხედან ოდინცოვოს საბაჟოში.
პოდოლსკის ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა დაჯგუფებამ სახელი გაითქვა „ლანდრომატის“ თაღლითობით - რუსეთის ფედერაციიდან 50 მილიარდამდე დოლარის გატანით და გარეცხვით 2011-2013 წლებში. თაღლითობის ცენტრი იყო პოდოლსკი, ადგილობრივ „პრომსბერბანკს“ ბანდიტები აკონტროლებენ. სწორედ პოდოლსკიდან მიდიოდა უცხოეთში ეს უკანონო გადარიცხვები მოლდოვის სასამართლოების გადაწყვეტილებით, ყველაფერი, რაზეც ევროპაში დღემდე მიმდინარეობს გამოძიება. პოდოლსკელები ასევე მონაწილეები არიან „კოლუმბიური ბარტერისა“, რომელზეც გრუ აკეთებს ფულს.
რადიო თავისუფლება: ეს რა არის?
არტიომ კროგლოვი: იარაღს მივყიდით ნარკოკარტელებს, ნარკომეამბოხეებს ჯუნგლებში. ისინი გვისწორდებიან კოკაინით. როცა პეტერბურგში პუტინ-ცენტრს ააშენებენ, იქ ამის შესახებ ცალკე დარბაზი იქნება. შეიძლება კიდევ იყოს დარბაზი „ვენესუელა“. იქ ხომ მადუროს ცოლი ადგილობრივი ნარკობარონია, „კოკსი“ მათი „რევოლუციური დიქტატურის“ ნაწილია.
რადიო თავისუფლება: ახლახან აფრიკაში, კაბო-ვერდეში, რუსეთის გემზე 9,5 ტონა კოკაინი დააკავეს. მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულებისა. ესეც „კოლუმბიური ბარტერია“?
არტიომ კროგლოვი: ეს კინაჰანია. ნარკოკარტელია ევროპაში, შედარებით ახალი, 2000-იანების დასაწყისში გაჩნდა. კოლუმბიელების, გრუ-სა და ირლანდიური საძმოს ერთობლივი შვილი. მისი დამაარსებელია კრისტი კინაჰანი, არაერთხელ ნასამართლევი ირლანდიელი ბოროტმოქმედი. მას ეხმარება ვაჟი - დენ კინაჰანი. ორივე დიდხანს ცხოვრობდა მარბელაში, სამხრეთ ესპანეთში, უკანასკნელ წლებში შტაბ-ბინა გადაიტანეს დუბაიში, საამიროებში.
დანარჩენი აქ:
https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%9A...YI4WBNya3MZ2gJs