Grigali
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5936
წევრი No.: 119544
რეგისტრ.: 13-August 10
|
#54200479 · 10 Feb 2019, 13:48 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
„ეროვნულ დემოკრატიული კლუბის“ 2019 წლის 8 თებერვლის კონფერენციის მიმართვა ქართულ საზოგადოებას
დღეს, საქართველოში შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია სარკისებრად აისახება ქვეყნისა და კონკრეტული ადამიანის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე და ზოგადად სახელმწიფოს მდგრადობაზე. სამწუხაროდ აქამდე ვერ მოახერხდა წინახელისუფლებების მიერ დანატოვარი პოლიტიკური და სისტემური კრიზისის შეფასება და დაძლევა. ფუნქციონირებს უაღრესად ხისტი, დემოკრატიული საზოგადოებისთვის მიუღებელი პოლიტიკური სისტემა, რომელიც მუდმივად საგანგებო რეჟიმში იმართება და დროდადრო საჭიროებს ე. წ. „რევოლუციებს“ და არა მშვიდობიან და ქმედუთუნარიან ინსტიტუციებს. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველოში ვერ განვითარდა ის პროცესები, რომლებიც ხელს შეუწყობდა განსხვავებული იდეოლოგიისა და პოლიტიკური შეხედულების მქონე ჯგუფების ჩამოყალიბებას, რომელთა იდეოლოგიურ ჭიდილში საზოგადოებას მიეცემოდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და შესაბამისად ჯანსაღ პოლიტიკურ ძალთა ბალანსი განაპირობებდა ძლიერი სახემწიფოებრივი ინსტიტუციების ჩამოყალიბებას. „ეროვნულ დემოკრატიული კლუბი“ წარმოადგენს ეროვნულ დემოკრატიული მსოფლმხედველობის მქონე ადამიანების გაერთიანებას, რომლებსაც გააჩნიათ საერთო ხედვები დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბების და განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების შესახებ. საქართველოში ეროვნულ - დემოკრატიული იდეოლოგიის სულის ჩამდგმელი ილია ჭავჭავაძე გახლდათ, რომლის თანამებრძოლნნი და რომლის იდეების გამგრძელებლები იყვნენ სპირიდონ კედია, დათა ვაჩნაძე, რეზო გაბაშვილი, ალექსანდრე ასათიანი, ნიკო ნიკოლაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ივანე ზურაბიშვილი, კონსტანტინე აფხაზი, იოსებ მაჭავარიანი, პეტრე სურგულაძე და სხვანნი. სწორედ ილიას მემკვიდრეობაზე დაყრდნობით დააფუძნდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, რომლის პირველი თავმჯდომარე გახლდათ სპირიდონ კედია, ხოლო პარტიის საპატიო თავმჯდომარე ნიკო ნიკოლაძე. ეროვნულ დემოკრატიული იდეის მხარდამჭერნი იყვნენ ისეთი ცნობილი სასულიერო მოღვაწები, როგორებიც იყვნენ კირიონი, ლეონიდე, ამბროსი, ნაზარი და სხვანი. 1979 წელს, მრავალწლიანი კომუნისტური წყვეტის შემდეგ, გია ჭანტურიას და მისი თანამოაზრეების ძალისხმევით, საქართველოში კვლავ გახდა შესაძლებელი ეროვნულ დემოკრატიული იდეის კულტივირება, რისი შედეგიც იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის ჯერ იატაკქვეშეთში აღდგენა და შემდგომ საზოგადოების წინაშე ღიად წარდგენა. ეროვნული დემოკრატიის იდეა და ხედვა სახელმწიფოებრიობის სწორი განვითარების შესახებ იმდენად დიდი და ძლიერია, რომ ამ იდეის მატარებელი და იდეასთან ასოცირებული ადამიანები ყველა დროში და ეპოქაში წარმოაგენდნენ სისტემისთვის მომაკვდინებელ საფრთხეს. სწორედ ამიტომაც, სისტემა მათ ფიზიკურად უსწორდება, რადგანაც სხვაგვარად მას არ ძალუძს სიამართლესთან დაპირისპირება. სწორედ ეროვნულ დემოკრატიული იდეიის განვრცობის და გამარჯვების საფრთხის გამო მოკლეს თავის დროზე ილია ჭავჭავაძე და შემდგომ კი, ჩვენს უახლოეს წარსულში, ამ იდეების გამგრძელებელი გია ჭანტურია. ვაანალიზებთ რა წარსულის მემკვიდრეობას და ვგრძნობთ რა პასუხისმგებლობას ხვალინდელი დღის წინაშე „ეროვნულ დემოკრატიული კლუბის“ წევრები მოვუწოდებთ ქართული საზოგადოების იმ ნაწილს, რომლისთვისაც ეროვნულ დემოკრატიული მსოფლმხედველობა ნიშნავს ქრისტიანულ მორალზე დაფუძნებული, ეროვნული და დემოკრატიული, მემარჯვენე-ცენტრისტული პროდასავლური პოლიტიკის გატარებას სახელმწიფო ცხოვრების ყველა მნიშვნელოვან სფეროში, გავერთიანდეთ საერთო მიზნის მისაღწევად; ერთიანი ძალისხმევით მოვახდინოთ ისეთი ინტელექტუალური და პოლიტიკური პროდუქტის შექმნა, რომელიც თანხვედრაში იქნება თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევებთან და რომელშიც ასახული იქნება ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის, ტრადიციული და რელიგიური ღირებულებების სიმბიოზი ერთიან, დემოკრატიულ სახელმწიფოსთან. მიგვაჩნია, რომ დღეს როდესაც სახელმწიფოსა და ხელისუფლების გონივრული ორგანიზაციის უქონლობის გამო დასასრული არ აქვს ქვეყნის წარუმატებლობასა და მარცხს, ხალხის სიდუხჭირესა და დამცირებას; როდესაც ქვეყნის მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, როდესაც დემოკრატიული ინსტიტუციები სუსტია; როდესაც ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური ფონი უკიდურესად გამძაფრებულია, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის ეროვნულ დემოკრატიული ფასეულობების ირგვლივ, გაერთიანებული ადამიანების მზაობა, სურვილი და ნება შეცვალოს არსებული რეალობა. ამისთვის კი საჭიროა შრომა, რათა ყველა მიმართულებით დაიდოს შეჯერებული ხედვები სახელმწიფოს მოწყობის და განვითარების სხვადასხვა საკითხებთან მიმართებაში. ისტორიულ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით, არსებული რეალობის და თანამედროვე გამოწვევის გათვალისწინებით უნდა მომზადდეს პროგრამა, იდეათა მეტ-ნაკლებად მწყობრი სისტემაა, რომელიც იქნება საფუძვლი ორგანიზებული პოლიტიკურ ქმედებისა. სწორედ ამ საპროგრამო დოკუმენტის შექმნის მიზნით დაარსდა „ეროვნულ დემოკრატიული კლუბი.“ ჩვენი სურვილი და მიზანია მოვახდინოთ ეროვნულ დემოკრატიული პრინციპების გამზიარებელი საქართველოს მოქალაქეების გაერთიანება, ქვეყანაში ძირეული ცვლილებების მოსახდენად. ეს კი შეუძლებელი იქნება პოლიტიკაში ინიციატივიანი, გაბედული და კომპეტენტური მოქალაქეების ჩართვის გარეშე და სწორედ ისინი არიან ამ მიმართვის ადრესატები. ზემოთთქმულიდან გამომდინარე იმედს გამოვთქვამთ, რომ ეროვნულ-დემოკრატიული იდეის გარშემო მოხდება საქართველოს მოქალაქეთა და საზოგადოებრივ–პოლიტიკური ჯგუფების გაერთიანება, რომლებიც იზიარებენ ეროვნულ დემკრატიულ ფასეულობებს და აღჭურვილნი არიან ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის მაღალი შეგნებით, რომელთა აქტიურობაც შესაძლებელს გახდის ისეთი ერთობის შექმნას, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს საქართველოს სახელმწიფოს უკეთესი გზით განვითარებაში.
|