ამაზე რამდენიმე თემა გაიხსნა პოლიტგანყში, მაგრამ ჩემდა გასაკვირად დიდი პოპულარობით არ სარგებლობს. არადა უმნიშვნელოვანესი თემაა.
აქ ჩვენთვის მთავარი ფაქტორი ისაა, რა პოზიცია უჭირავს საქართველოს ეკლესიას.
ყურადღება უნდა გამახვილდეს მთავარ დეტალზე: კონსტანტინოპოლის მიმართ რა ნარატივები არსებობს ქართულ ეკლესიაში. რაღაც მასალებს გავეცანი და ძალიან საინტერესო რამეები ვნახე.
ისტორიული მიმოხილვით რომ დავიწყოთ, ბერძნულ-რომაულ კულტურას დიდი გავლენა ჰქონდა და იქიდან ბევრი კარგი რამე მივიღეთ, გავამდიდრეთ ქართული კულტურა. აღარ მოვყვები ათონის გიგანტური სახეების - იოანეს, ექვთიმეს, გიორგი მთაწმინდელის, ეფრემ მცირეს და სხვათა მოღვაწეობას რა მნიშვნელობა ჰქონდა.
თუმცა, მოგეხსენებათ, არსებობდა სერიოზული პრობლემებიც ბერძნებთან, რომლებიც ათონზე ქართველების შევიწროებას ცდილობდნენ. ზოგი ბერძენი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასაც ეჭვქვეშ აყენებდა XI საუკუნეში: "თვით დაისუმენ კათალიკოზთა და არა სამართალ არს ესე... ჯერ არს, რათა ხელმწიფებასა ქუეშე ანტიოქიისა პატრიაქისასა იმწყსებოდინ, და აქა იკურთხეოდის კათალიკოზი მათი, და ვიყუნეთ ჩუენ ერთი სამწყსო და ერთ მწყემს“. შემდეგ ამაზე ეფრემ მცირემ გასცა პასუხი და დაიცვა ქართული ეკლესიის და ქათველების სიმართლე და პრესტიჟი.
გიორგი მთაწმინდელი ბერძნებთან პოლემიკაში იმასაც ამბობდა, ლათინები უფრო ნაკლებად დაშორდნენ მართლმადიდებლობას, ვიდრე ბერძნებიო. გულისხმობდა ბერძნებს შორის გავრცელებულ სხვადასხვა ერესებს: ხატმებრძოლეობას, მონოთელიტობას, არიოზელობას და ა.შ.
მოკლედ იყო კარგი ურთიერთობებიც და სერიოზული საეკლესიო-იდეოლოგიური ჯახებიც.
კონსტანტინოპოლთან დაკავშირებით უნდა ითქვას ერთი რამ. კონსტანტინოპოლის ეკლესიის ისტორია რადიკალურად იცვლება 1453 წლიდან. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, მეჰმედ მეორე ფატიჰმა გენადიუს სქოლარს 1454 წლიდან უფლება მისცა ყოფილიყო პატრიარქი და შეენარჩუნებინა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ამ დროს აია სოფია უკვე მეჩეთად იყო გადაკეთებული. ამიტომ ახალმა პატრიარქმა რეზიდენცია სხვაგან მოიწყო. ეს სერიოზული პოლიტიკური აქტი იყო. მეჰმედმა იმპერიაში მცხოვრებ ქრისტიანებზე გავლენისა და ლოიალურობის მოპოვება შეძლო. ჩამოყალიბდა ბერძნების სასულიერო და საზოგადოებრივი ელიტა (ფანარიოტები). ამით ოსმალეთის იმპერიამ შეძლო არა მარტო იმპერიის შიგნით მცხოვრებ ქრისტიანებზე გავლენის და კონტროლის მოპოვება, არამედ მთელ მართლმადიდებლურ სამყაროზე გარკვეული გავლენა ჰქონდა უკვე, რადგან კონსტანტინოპოლის საპატრიარქო "დედა ეკლესიად" იწოდება და ისაა "უპირველესი თანასწორთა შორის".
ესაა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს შესასვლელში არსებული მოზაიკა, რომელზეც ერთად არიან გამოსახული გენადიუს სქოლარი (პატრიარქი) და მეჰმედ მეორე.

ასე რომ, 1454 წლიდან მოყოლებული ეს "ის" კონსტანტინოპოლი აღარ არის და ეს გარკვეულ ანტაგონიზმს იწვევს ქართულ ეკლესიაშიც, ცხადია. კონსტანტინოპოლის საპატრიარქო, ბუნებრივია, დღემდე თურქეთის სერიოზული გავლენის ქვეშაა.
ახლა, რა მოხდა დღეს უკრაინაში. რეალურად რომ შევხედოთ, ყველა საუბრობს ბართოლომეოზე, რუსეთზე, ჩვენ პოზიციებზე, უკრაინის ისტორიაზე და ა.შ. რაც სწორია და ბუნებრივია, მაგრამ ნაკლებად საუბრობენ ხოლმე თურქეთზე და დასავლეთზე ამ პროცესში. რეალურად კი დასავლურმა სამყარომ თურქეთის და კოსნტანტინოპოლის საპატრიარქოს ხელით სერიოზული დარტყმა მიაყენა რუსულ იმპერიას. 50 მილიონიანი ერის ჩამოშორება რუსული იმპერიული კაგებეშნიკური ეკლესიისაგან სერიოზული დანაკლისია იმპერიისათვის და დიდი წარმატებაა უკრაინელებისათვის. თანაც, ბართოლომეო კანონიკურ სამართალში ძალიან მაღალ დონეზე დგას როგორც ვიცი და ისე უნაკლოდ გააფორმა ყველაფერი, ვერავინ ვერ ედავება ამ მიმართულებით.
მაგრამ, ამ ყველაფერში ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ისაა, ქართული ეკლესია როგორ პოზიციონირებს კონსტანტინოპოლსა და მოსკოვს შორის. ზოგი სასულიერო იერარქი პირდაპირ რუსეთს აქებს და ადიდებს. ზოგი ალბათ შედარებით შეფარულად. ზოგი პროდასავლურია და ა.შ.
გარკვეული პრობლემაა ეკლესიის წიაღში არსებული ულტრა-კონსერვატიული ძალებიც, რომელთა აზრითად მართლმადიდებლების გარდა ყველას "მოელის კუპრში ქშენანი". ისინი იმასაც კი ამბობენ, რომ სხვებს (მაგ. კათოლიკეებს) ქრისტიანი არც კი უნდა დავუძახოთ, არამედ ცრუქრისტიანები, მწვალებლები და ა.შ.
ამ ულტრაკონსერვატიული ძალების გავლენით დავტოვეთ ეკლესიათა მსოფლიო საბჭოც 1997 წელს, რადგან საქართველოს ეკლესიაში ზოგი ასეთი ძალა კინაღამ სქიზმაშიც კი გავიდა. მაგალითად შიომღვიმის მონასტერმა გაავრცელა ღია წერილი, სადაც დაგმობილია ეს საბჭო, ეკუმენიზმი და განცხადებულია, რომ შიომღვიმის მონასტერი წყვეტს ევქარისტიულ კავშირს ეკუმენისტ პატრიარქ ილია მეორესთან...
მოკლედ ახლა უმნიშვნელოვანესი და უსაინტერესოესი პროცესები მიდის. მოდით, ვიმსჯელოთ ამაზე. ჩვენი კულტურული, პოლიტიკური, იდეოლოგიური ორიენტირები და მომავალი დიდწილად ამ პროცესებზეა დამოკიდებული.
არა არს დაფარულ...