ივანიშვილი ფავორიტ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაუპირისპირდა - საბედისწერო ვახშამი, რომელსაც ლაშა ჟვანიას თანამდებობა შეეწირა
18:26 2019-04-23
ლაშა ჟვანიას სახელმწიფო სამსახურში მოღვაწეობა ამ ეტაპზე დასრულებულია - ჟვანია დაბრუნდა იქ, საიდანაც „ოცნების“ მთავრობის პოლიტიკაში ჩაება, მოულოდნელად მან პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტს ისევ საპატრიარქოს ფონდის ხელმძღვანელობა ამჯობინა.
ლაშა ჟვანიას, მასთან დაახლოებული პირები კარგ დიპლომატად ასახელებენ, ამბობენ რომ ალღოც უჭრის, რომ შემთხვევით ნაბიჯს არასოდეს დგამს და თავის დროზეც სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციის უფროსობაზეც იმიტომ დასთანხმდა, რომ მაშინ სხვა პოლიტიკური რეალობა იყო, - ზურაბიშვილი ივანიშვილის ფავორიტად ითვლებოდა, თავის მხრივ, ზურაბიშვილიც მისი მეხოტბის „ყურმოჭრილი მონა“ უნდა ყოფილიყო. თუმცა, დღევანდელი რეალობა საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შექმნილი მდგომარეობისგან სრულიად შეცვლილია, სულ რაღაც 3 თვეც საკმარისი აღმოჩნდა სიტუაციის რადიკალური ცვლილებებისათვის, როგორც ჩანს მოვლენების ამ სახით განვითარების პროგნოზირება გამოცდილი დიპლომატის ალღომაც ვერ შეძლო, რის გამოც ჟვანია უსიამოვნების ეპიცენტრში მოექცა.
როგორც ამბობენ სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს აღარ ემორჩილება, უფრო მეტიც, მასთან კომუნიკაცია ფაქტობრივად არ აქვს. როგორც „ნიუპოსტისთვის“ კონფიდენციალური წყაროებიდან გახდა ცნობილი, სალომე ზურაბიშვილი „შეფს“ არც ოფიციალური ვიზიტების შესახებ აღარ აყენებს საქმის კურსში, არც „სფიჩს“ აცნობს, არც მნიშვნელოვანი მოვლენების შეფასების შინაარზე უთანხმდება და არც მმართველი პარტიის საერთო მესიჯბოქსის იდეოლოგიას არ იზიარებს. ეს ყველაფერი კი ბიძინა ივანიშვილის განრისხების საკმარისზე მეტი მიზეზია.
როგორც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მაგალითმა გვიჩვენა, ივანიშვილი ანადგურებს ყველას და ყველაფერს, ვინც მის მითითებებს ზედმიწევნით ზუსტად არ ასრულებს. საინტერესოა, რატომ უმტყუნა ივანიშვილს, მორიგმა რჩეულმა პრეზიდენტმა, პოლიტიკური თანაცხოვრების დასაწყისშივე, მაშინ როცა მარგველაშვილის შემდეგ, ზურაბიშვილი, განსაკუთრებით, ზედმიწევნით კარგი შემსრულებელი უნდა ყოფილიყო?!
განზრახ თუ უნებლიედ, სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილის ნების საწინაღმდეგოდ გაკეთებული პოლიტიკური განცხადებების, მის გემოზე მორგებული, ბევრჯერ დარღვეული ეტიკეტის და „ტექნიკური ხარვეზების“ შემდეგ, რაც საზოგადოების მხრიდან ბევრჯერ გახდა შენიშვნის საბაბი, სალომე ზურაბიშვილმა ივანიშვილს მორალური სტრესიც მიაყენა, - წყაროს თქმით, იმ დღეს როცა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა კვიპროსელ კოლეგას ავლაბრის რეზიდენციაში უმასპინძლა და საგანგებოდ გამართულ საპატიო ვახშამზე, საპრეზიდენტო პენსიის გარეშე დატოვებულ მის წინამორბედთან, გიორგი მარგველაშვილთან ერთად მიუჯდა სუფრას, ივანიშვილი - „შუშის სასახლეს ლეწავდა“. სწორედ ეს ვახშამი აღმოჩნდა, საბედისწერო ლაშა ჟვანიასთვის, განრისხებულმა ბიძინა ივანიშვილმა მას დაურეკა, ჟვანიამ ბევრი საყვედური და ლანძღვა მოისმინა, მეორე დღეს კი მისი თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გახდა ცნობილი.
ლაშა ჟვანია, რომელიც ქართულ პოლიტიკაში ჯერ კიდევ შევარდნაძის ეპოქიდან არის და ინტრიგების თუ კულუარული თამაშების ნიუანსებიც კარგად იცის, როგორც ჩანს, მიხვდა რომ მალე ბევრი კითხვის ნიშნები გაჩნდებოდა, რაც მის სამომავლო კარიერასაც დააზარალებდა. ამიტომ, როგორც კულუარებში ამბობენ, მან პოლიტიკური ქარიშხალის ამოვარდნას დაასწრო და პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან თითქოს იმ მოტივით წავიდა, რომ მას პატრიარქი ძალიან მოენატრა. ჟვანიას უწმინდესთან მუშაობა, შესაძლოა, მართლაც, მოენატრა, მაგრამ სად იყო ეს განცდა მაშინ, როცა პატრიარქის ფონდს ტოვებდა?!...
დღევანდელი რეალობა კი ასეთია, ივანიშვილი-ზურაბიშვილის ურთიერთობა კულუალურ ველზე აღარ არსებობს. იმ ფონზე, როცა მთელი საერთშორისო თანამეგობრობა საქართველსო ხელისუფლებას შენიშვნას შენიშვნაზე აძლევს და მიუთითებს, რომ ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობა ფაქტობრივად არ არსებობს, მეგობარი პოლიტიკოსები ერთმანეთს აღარ ინდობენ, უმრავლესობის რიგებს, თითქმის ყოველ დღე ტოვებენ ლიდერი დეპუტატები, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კი ყოველ დღე, სკანდალიდან სკანდალამდე ცხოვრობს, შეიძლება ითქვას, რომ „ოცნება“პოლიტიკურ სამარეს საკუთარი ხელით იმზადებს.
http://www.newposts.ge/?l=G&id=203257-%E1%...%83%A1%E1%83%A1