სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული ნათანიელ ერიაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
ახლოვდება ცეცხლის კურთხევის რიტუალი.
ამასთან დაკავშირებით მსურს მცირე განმარტება გავაკეთო – აღდგომას ბრწყინვალე დღესასწაულზე, იერუსალიმში ცეცხლი არ გადმოდის. სინამდვილეში, მაცხოვრის აღდგომის ტაძარში მიმდინარეობს ცეცხლის კურთხევის ცერემონია, რომელიც მრავალ საუკუნეს ითვლის.
იერუსალიმის პატრიარქის ჩხრეკის პრაქტიკა არის მითი, რადგან ის იქ ცეცხლის გარდამოსვლის მოლოდინით საერთოდ არ შედის. ამის საჭიროება ფიზიკურად არ არსებობს და სწორედ ამიტომაც არ ხდება მისი უწმინდესობის ჩხრეკა იერუსალიმის პოლიციის მიერ. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიტროპოლიტმა კორნელიუსმა, რომელიც საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე იყო და კუვუკლიაში ჩაატარა მსახურება, აღნიშნა, რომ ეს ბუნებრივი ცეცხლია. ცეცხლის ღვთაებრიობაზე არც სომეხთა სამოციქულო ეკლესია საუბრობს. აღსანიშნავია, რომ იერუსალიმის პატრიარქი სომეხ იერარქთან ერთად შედის კუვუკლიაში, განიმოსება, წარმოთქვამს ლოცვის ტექსტს, რომლის ნახვაც ყველას შეუძლია და იქ არაფერია ზეციური ცეცხლის მოხმობაზე ნახსენები, ანთებს კანდელიდან სანთლებს(კუვუკლიაში ორი კანდელი ანთია) და გამოაქვს გარეთ. ის, რომ ცეცხლი არ წვავს, ეს მითი დიდი ხნის წინ დაიმსხვრა. იყო პერიოდი, როცა ამის მრევლის უმრავლესობას სჯეროდა.
“ცეცხლის გადმოსვლა” ესქატოლოგიური ერესია – რწმენა, რომ ცეცხლის გადმოსვლა/არგადმოსვლას კავშირი აქვს უფლის მეორედ მოსვლასთან, არის უსაფუძვლო სისულელე.
ბარემ ესეც ვთქვათ, ცეცხლის გარდამოსვლაზე და მის შეუწველობის თვისებაზე არ საუბრობენ არცერთ სხვა მართლმადიდებლურ, ავტოკეფალურ ეკლესიაში. ეს მითი გაავრცელეს 90-იან წლებში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მესვეურეებმა. მაშინ ვერ წარმოიდგენდნენ იმას, რომ ხალხი სამუდამოდ არ ისხდებოდა ბნელში და ჩვენთანაც გამოანათებდა. ახლა კი, ძალიან რთულია სიტყვები უკან წაიღონ და აღიარონ ეს ყველაფერი, მითუმეტეს, როცა ტელევიზიები მანიაკალური მონდომებით გაჰკიოდნენ იმავეს.
ცეცხლის გადმოსვლა/არგადმოსვლა არ უნდა იყოს ქრისტიანისთვის ჭეშმარიტების კრიტერიუმი. ვისთვისაც ჭეშმარიტების საზომი მხოლოდ ეს არის, მეცოდება, რადგან ჭეშმარიტების საზომი ქრისტეა ქრისტიანთათვის – კაცად მოსული ღმერთი – თავმდაბალი, ქუჩებში რომ არ ყვირის, ელიას და ელისეს სიოს ჩქამში რომ ეცხადება, ჩვენს გულთან მორიდებით დგას და გვიკაკუნებს – გველოდება, როდის ვაღირსებთ ჩვენს ამპარტავნულ არსებაში მის შემოშვებას. ქრისტე, რომელიც მოციქულებს მონასავით ემსახურება – ფეხებს ბანს, რომელიც მეძავის შეხებას არ უკადრისობს, სისხლმდინარე, წარმართი ქალის თხოვნას არ უგულებელყოფს, არც ზაქესთან ვახშამს თვლის შეუფერებლად, არც ავაზაკის აღსარებას ტოვებს თანაგრძნობის გარეშე, თვითონ უკიდურეს ტკივილებში მყოფი და არც სავლეს განდევნის – მისი მდევნელს. ის ღმერთი, რომელიც სხვების დასანახად ჯვრიდან არ ჩამოვიდა და აღდგომის შემდეგ მხოლოდ მოციქულებს გამოეცხადა. აი, ვინ უნდა იყოს ქრისტიანთათვის ჭეშმარიტების საზომი.
მათ კი, ვისი რწმენის მკვებავი ძალა არის ეს „ხილული სასწაული“ ვეტყვი, რომ კაპიკის ფასი არა აქვს მასეთ რწმენას.
„ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს, და სასწაული არა მიეცეს მას, გარნა სასწაული იონა წინასწარმეტყუელისა” (მათ. 16.4. 12.39).
დააფასეთ ქრისტიანობა და ამოდით ერთხელ და სამუდამოდ ამ წარმართული რწმენა-წარმოდგენების ჭაობიდან.
http://fti-socialmedia.newposts.ge/