aandf
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1578
წევრი No.: 4869
რეგისტრ.: 13-April 04
|
#3691794 · 3 Sep 2006, 11:25 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
რატომ გააერთიანეს ერთ საგნად ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია? სპეციალისტები აცხადებენ, უნივერსიტეტი სოფლის სკოლას დაემსგავსა, სადაც მათემატიკის გაკვეთილი შეიძლება გეოგრაფიის მასწავლებელმა ჩაატაროს
ქიმიის მეცნიერებათა დოქტორ მერაბ ჯელიას თქმით, საბუნებისმეტყველო მეცნიერებისადმი უარყოფით დამოკიდებულებას განათლების სამინისტრო სკოლაშივე ავლენს, სადაც, მისი განცხადებით, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ცალკე საგნებად სწავლება პრაქტიკულად აღარ ხდება. შემუშავდა სასკოლო სახელმძღვანელო, რომელშიც ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია ერთად არის.
მერაბ ჯელია: "ასევეა მისაღები გამოცდების სისტემაც; საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე შემსვლელი აბარებს ამ კრებით საგანს. აქედან გამომდინარე, ფიზიკის ფაკულტეტზე შემსვლელმა უნდა იცოდეს, ტარაკანა ხეშეშფრთიანებს მიეკუთვნება თუ ფეხსახსრიანებს. არ მესმის, ეს რაში სჭირდება...
მიდრეკილება მაქსიმალურად იქით არის მიმართული, რომ ამ საგნებს პრაქტიკულად აღარავინ სწავლობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მალე, გარდა იმ ერთი-ორი ფენომენისა, რომლებიც იმთავითვე ორიენტირებული არიან ამ საგნების ცოდნისკენ, აღარც ფიზიკოსი გვეყოლება და აღარც ქიმიკოსი".
საკუთრივ ქიმიის ფაკულტეტზე საუბრისას მერაბ ჯელიამ საგანგებოდ აღნიშნა, რომ დღეს უნივერსიტეტს აკადემიურ თანამდებობებზე ჩატარებული კონკურსის "წყალობით" სპეციალისტი, რომელსაც ქიმიის ფაკულტეტის დონეზე ლექციის წაკითხვა შეუძლია, არავინ ჰყავს.
მერაბ ჯელიას, როგორც თავად ამბობს, თსუ-ში დღეს არსებული სიტუაცია სოფლის სკოლის შემთხვევას აგონებს.
"სოფლის სკოლაში როცა დაორსულდება მათემატიკის მასწავლებელი, რის გამოც დეკრეტულ შვებულებაში გადის. არ არის მეტი საშველი და მათემატიკის გაკვეთილის ჩატარებას გეოგრაფიის მასწავლებელს სთხოვენ... ასეთი რაღაცა სოფლის სკოლაში შეიძლება, მაგრამ სახელმწიფო უნივერსიტეტში არ უნდა ხდებოდეს. მაშინ, როცა სპეციალისტები გყავს, ლექცია გამოუცდელებს, დილეტანტებს არ უნდა ჩაატარებინო", - აცხადებს ჯელია.
ანზორ ხელაშვილი: "აღარ ვიცი, ვინ ვარ, რას წარმოვადგენ; ასე, პანღურის კვრით გაგდება ნუთუ შეძლება.! გია ხუბუა ბოლონიის უნივერსიტეტს რომ ახსენებს ხშირად, სწორედ ბოლონიის უნივერსიტეტშია ის, რომ ახალგაზრდა მეცნიერები გამოცდილებთან ერთად ეწევიან კვლევით მუშაობას და არა ის, რომ ასაკობრივი ცენზის გამო პროფესორ-მასწავლებლებს უნივერსიტეტიდან ერეკებიან.
მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში თსუ-ს ფიზიკის კათედრას მთელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით ყველაზე ბევრი პრემია აქვს მიღებული. 90-იანი წლებიდან ჩვენს კურსდამთავრებულებს იმდენად მაღალი დონის ცოდნა ჰქონდათ, რომ აშშ-ის უნივერსიტეტში ასპირანტად წასვლისას ფიზიკაში გამოცდას აღარ აბარებინებდნენ, იმდენად გვენდობოდნენ."
მეცნიერთა აზრით, განათლების სამინისტრო საბუნებისტყველო მეცნიერების დანგრევას ცდილობს. ამის საილუსტრაციოდ კი, როგორც თავად ამბობენ, არაერთი მაგალითი აქვთ.
ანზორ ხელაშვილი ამბობს, რომ: "ორი თვის წინ გერმანიაში მოღვაწე ქართველმა მეცნიერმა რეზო შანიძემ სპეციალური დანადგარი ჩამოიტანა, რომელიც სამეცნიერო გამოკვლევებისათვის უნიკალურია. განათლების სამინისტრომ ამაზე უარი თქვა; გარდა ამისა, რომ უარი თქვა სუპერთანამედროვე ლაბორატორიაზე, "ფოლკსვაგენის გრანტიც" (რომელიც სპეციალურად საბუნებისმეტყველო მეცნიერებისთვის გამოიყო) არ მიიღო. რეზო შანიძე იძულებული გახდა, თავისი სამეცნიერო მუშაობა კვლავ გერმანიაში გაეგრძელებინა.
ქიმიის ფაკულტეტზე გვყვავდა ერთი თამაზ გელაშვილი, რომელმაც საკანდიდატო დისერტაცია 24 წლისამ დაიცვა, მაგრამ, რამდენადაც აქ 30 ლარზე ვერ იმუშავებდა, ვერ შევინარჩუნეთ და უცხოეთს მიაშურა."
საბუნებისმეტყველო დარგის მეცნიერები ჩავარდნების შესახებ არა მარტო თავიანთ დარგში, არამედ ჰუმანიტარული მიმართულებითაც საუბრობენ;
მერაბ ჯელია აზრით: "ძველი ქართულის კურსის წამკითხველი უნივერსიტეტს აღარ ჰყავს. აღარ არიან გრივერ ფარულავა, რეზო სირაძე... მარტო ერთი ელგუჯა ხინთიბიძე რას უშველის. ქართველოლოგია, როგორც დარგი, ისპობა. ფიზიკის სპეციალობას, ბოლოს და ბოლოს, აქ თუ ვერა, უცხოეთში მაინც დაეუფლები, მაგრამ ქართველოლოგია აქ თუ არა, სხვაგან სად უნდა ისწავლო. უცხოელი ხომ არ გასწავლის."
სამი დარგის გაერთიანების შესახებ კომენტარი განათლების მონისტრის მოადგილე ბელა წიფურიას ვთხოვეთ. იგი აცხადებს, რომ განათლების სამინისტროს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ერთ საგნად გაერთიანება ოპტიმალურად ესახება.
ბელა წიფურია: "სამი დარგის გაერთიანების მოდელს მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტები იყენებენ. ეს მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველკურსელები, რომლებიც საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარებენ, 4 წლის შემდეგ ბაკალავრის ხარისხს მიიღებენ კონკრეტული სპეციალობებით, ეს იქნება ფიზიკა, ქიმია თუ ბიოლოგია. შესაბამისად, საყოველთაოდ აღიარებული ხარისხი ქართულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებაში კვლავ იარსებებს."
ეს ანზორ ხელაშვილისთვის გაუგებარი და წარმოუდგენელია:
"თუკი ოთხი წლის მანძილზე სტუდენტი სამივე საგანს ერთად გაივლის, ექნება არა სპეციალური, არამედ ზოგადი ცოდნა. ეს კი იმის ტოლფასია, ჭადრაკის მხოლოდ სვლები გასწავლონ და უცებ საერთაშორისო ტურნირზე სათამაშოდ დაგსვან."
ყოველივე აღნიშნულის შემდეგ ანზორ ხელაშვილი ჩვენთან საუბრისას ერთსაც ასკვნის: "დღეს საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც განათლების სამინისტრო თავის მოწინააღმდეგედ უნივერსიტეტს მიიჩნევს და პირდაპირ მტრად ეკიდება." "რეზონანსი "
ცხადია უმაღლესი განათლების სისტემის ნგრევა მიზანმიმართულად ხდება. ეს ხდება რეფორმას ამოფარებულის პოზიციებიდან. რეფორმა დროის მოთხოვნაა და აუცილებელია განვითარების უკლებლივ ყველა ეტაპზე, მაგრამ ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები მართლა ვერ უძლებს კრიტიკას.რჩება ის რომ ჩვენ (დაგვავალეს)მოვამზადოთ შავი მუშახელი რომელიც ან ამჟამინდელი მთავრობის პიარისთვის განკუთვნილი მდარე ხარისხის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს, ან ძლიერთა ამა ქვეყნისათა შეუსრულებს პირად დაკვეთებს, აუშენებს სახლებს, ავტოფარეხებს, ა.შ. შედეგად ერის არსებობის, მისი თვითმყოფადობის ფუნდამენტი, უმაღლესი განათლება, აღარ იარსებებს და ახალი თაობა გაიზრდება ფსევდო ფასეულობებზე "ჩვენ ერთი გუნდი ვართ" ტიპის "წარმატებებთან" ასოცირებულ უსაფუძვლო პიარ კამპანიაზე და სურეალურ ფასეულობებზე, რომლებიც მას დააკნინებს და საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვების საფუძველს მუდამ დაუტოვებს. ამაზე აშკარად, დაუფარავად მიუთითებს სააკაშვილის გამოსვლები რომ ჩვენ გვჭირდება მეტი მუშა, მეტი მლესავი, მაგრამ არცერთი სიტყვა რომ ჩვენ ასევე გვჭირდება მეცნიერება. ეს დღესაც მიმდინარეობს, მაგრამ ამას საუბედუროდ პოპულიზმით და ფსევდოფასეულობებით გადაჭედილ მედია სივრცეში არავინ აქცევს ყურადღებას. თუ უნივერსიტეტი დასამარდა, საქართველო არაკვალიფიციურ შავი მუშების არმიად იქცევა და ეს პროცესი შეუქცევადი გახდება. შეიძლება ახალი თაობისთვის ამას არც ჰქონდეს მნიშვნელობა, რამეთუ ისინი ვეღარც გააცნობიერებენ.
|