2014 წლის შემდეგ რუსეთიდან შემოტანილი საწვავის წილი საქართველოში 5%-დან 27%-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებულ კვლევაშია საუბარი.
კვლევის მიხედვით, 2014 წელს რუსეთიდან საქართველოში სულ 50 ათასი ტონა ბენზინი და დიზელი შემოვიდა, 2018 წელს კი ამ მაჩვენებელმა 296 ათას ტონას მიაღწია, რითაც რუსეთი საქართველოსთვის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახდა.
კვლევის ავტორი ბესო ნამჩავაძე აცხადებს, რომ ბოლო წლებში საქართველოს რუსეთთან დიდ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს, რაც ბიზნესისთვის საკმაოდ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული.
„საწვავი სტრატეგიული პროდუქტია და რაც უფრო დამოკიდებელი ვიქნებით რუსეთზე, ეს საერთო ჯამში უფრო ცუდია. რუსეთზე იმიტომ კეთდება აქცენტი, რომ დიდი ბაზარია, ბევრი ფული გადის აქედან და ჯამში არა მარტო საწვავი, არამედ ყველაფერი რომ ავიღოთ, საქართველოს ძალიან დიდი ურყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს მასთან. ზოგს შეიძლება უხარია, რომ ექსპორტი იზრდება, მაგრამ იმპორტი უფრო მეტად გაიზარდა.
მე ვფიქრობ, რაღაც გამაფრთხილებელი მოძრაობა უნდა იყოს მთავრობის მხრიდან. ყველაფერს რომ თავი დაანებოთ, ძალიან რისკიანი ბაზარია რუსეთში ბიზნესის აწყობა იქიდან გამომდინარე, რომ ერთი პოლიტიკური გადაწყვტილებით შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს. რაც უფრო მეტად გაითავისებს ადამიანი ამ რისკებს, ალბათ მით უფრო უკეთესია. ბევრი ინვესტიცია არ უნდა განახორიციელოს ამ მიმართულებით, ამაშია ალბათ გამოსავალი. დანარჩენი ინდივიდუალურია“ - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში ბესო ნამჩავაძემ.
კვლევის მიხედვით, 2014-2018 წლებში რუსეთის გარდა, საწვავის მსხვილი მომწოდებლებიდან 5%-დან 15%-მდე გაიზარდა თურქმენეთის წილი. ხოლო რუმინეთის და აზერბაიჯანის წილები მნიშვნელოვნად, 60%-დან 41%-მდე შემცირდა.
2014-2018 წლებში ყველაზე იაფი აზერბაიჯანიდან იმპორტირებული საწვავი იყო.
https://www.bm.ge/ka/article/rusetidan-saqa...-gaizarda/34427