მე არ ვიცი რა განწყობითაა ფორუმი ლაგაზიძისადმი, ისე კი მიმაჩნია რომ ბევრ რამეს სწორად ამბობს
ხათუნა ლაგაზიძე - “სტრატეგიული პარტნიორობა ვასალობას არ ნიშნავს!”
“დავითგარეჯის გარშემო არსებული ვითარება სწორედ ის სიტუაციაა, როცა არა გვაქვს პასუხი კითხვაზე: სად გადის ზღვარი საქართველოს ხელისუფლებების სიფრთხილეს, სიხარბესა და სიბრიყვეს შორის? ეს ყველა ხელისუფლებას ეხება, მარტო დღევანდელს ხელს ვერ შევახოცავთ. ძნელია ამ უმნიშვნელოვანეს თემაზე მხოლოდ მოკლე კომენტარი. ამიტომ მხოლოდ ამას ვიტყვი: 1. სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს ვასალობას; 2. ქვეყნის უსაფრთხოება არ შედგება მხოლოდ ენერგეტიკული უსაფრთხოებისგან და ქვეყნის ტერიტორიების შენარჩუნება მუცლის ამოყორვაზე დიდი ღირებულებაა; 3. იმავდროულად, ემოციებს აყოლამ და ურაპატრიოტიზმმა ქვეყნის 25% ოკუპირებულად აქცია; 4. გვახსოვდეს, რომ მრავალეთნიკური და რელიგიური ქვეყანა ვართ, და 5. ისიც გვახსოვდეს, რომ გვყავს ჩვენზეც და აზერბაიჯანზეც ძლიერი მეგობარი, რომელსაც შეიძლება ვთხოვოთ მედიატორობა. გამოსავალი არც ტერიტორიების დათმობაშია და არც აზერბაიჯანთან კონფლიქტში. ჭეშმარიტება სადღაც შუაშია და უნდა გვეყოს გონიერება ოქროს შუალედის მისაგნებად”, - აცხადებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “სტრატეგიული პარტნიორობა ვასალობას არ ნიშნავს!” / “ოპოზიციას საარჩევნო ურნასთან ვერ მიჰყავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და როგორ წარმოგიდგენიათ, მან ხალხი ქუჩაში გაიყვანოს...”
“ფაქტია, 19 მაისის არჩევნები იყო ძალიან მტკივნეული სილა ოპოზიციისთვის, მაგრამ სილაგალაწუნებულიც ვერ ხვდება, რა გზას უნდა დაადგეს და მთაწმინდაზე ერთიანი კანდიდატის მხარდაჭერაზე უარს ამბობს... მიუხედავად “ქართული ოცნებისადმი” უარყოფითად განწყობილი ელექტორატისა, საარჩევნო უბნებამდე მისი მიყვანა ვერ მოახერხა ყველა ოპოზიციურმა კანდიდატმა ერთად. რატომ არ მივიდა არჩევნებზე ამომრჩეველი? იმიტომ, რომ ხვდება - მისი ძალისხმევა ფუჭად დაიკარგებოდა, რადგან ვერც ერთ ოპოზიციურ კანდიდატში გამარჯვების რესურსი ვერ დაინახა. საზოგადოებას არ სჯერა ოპოზიციის უნარიანობის, ოპოზიცია ვერ ახერხებს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის დაინტერესებას და საარჩევნო უბანზე მიყვანას. სავარაუდოდ, იმავე სურათს მივიღებთ 2020 წლის არჩევნებზეც, ანუ იქნება საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარობის ბევრი ოპოზიციური კანდიდატი, რომელთა შორის ამომრჩეველი კვლავ დაიქსაქსება და ასე ცალ-ცალკე, ბრინჯივით დაბნეული ოპოზიციის რესურსი ძალიან მცირეა იმისთვის, რომ ქვეყნის სათავეში მყოფი “ქართული ოცნება” შეიცვალოს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ხათუნა ლაგაზიძე.
“ამის მიზეზად შეიძლება მივიჩნიოთ კიდევ ერთი რამ - ოპოზიციის ნაწილი, ისევე როგორც 2016 წელს, ახლაც ბოლო მომენტამდე იქნება იმის იმედად, რომ ბიძინა ივანიშვილი დაუძახებს და მომავალი საპარლამენტო კოალიციის წევრობას უბოძებს. ზუსტად ასევე ელოდნენ მის კეთილ ნებას “თავისუფალი დემოკრატები”, რესპუბლიკელები თუ “ეროვნული ფორუმი” 2016 წლის არჩევნების წინ, იმედოვნებდნენ, რომ მიუხედავად კოალიციის დაშლისა, ივანიშვილი მათ მაინც მოიაზრებდა პარტნიორებად, რითაც მხოლოდ დრო დაკარგეს. როცა მიხვდნენ, რომ დამოუკიდებლად უნდა ებრძოლათ, უკვე გვიანი იყო. დღესაც ამ ფუჭ იმედად არის ბევრი, ხელისუფლებას კი აწყობს მაქსიმალურად დაქსაქსული ოპოზიციური სპექტრი. ოპოზიციას საარჩევნო ურნასთან ვერ მიჰყავს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველი და როგორ წარმოგიდგენიათ, მან ხალხი ქუჩაში გაიყვანოს? გვახსოვს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” როგორ დააპირა ხალხის ქუჩაში გაყვანა სარალიძე-მაჩალიკაშვილის აქციებისას, მაგრამ როგორც კი ის გამოჩნდა პროტესტის სათავეში, აქცია შეწყდა. მეტიც, როდესაც საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ თითქმის 800 000 ხმა მიიღეს და დააანონსეს ფართომასშტაბიანი მიტინგები და წინააღმდეგობის მოძრაობა, 800 კაციც ვერ გამოიყვანეს”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რა განსაზღვრავს ხალხის ასეთ განწყობას, ეს ცალკე კვლევის საგანია, მაგრამ ეს არის რეალობა: ხელისუფლებისთვის პრინციპული საფრთხე საზოგადოებაში საპროტესტო განწყობის ზრდა კი არ არის, არამედ ამ ოპოზიციური განწყობის ქუჩაში გადატანა და სანამ ეს პროტესტი სამზარეულოებსა და სოციალურ ქსელებშია, მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ მათ ხელისუფლებაში ყოფნას არაფერი ემუქრება... ჩემთვის ცოტა გაუგებარია ენ-დი-აის კვლევის ის ნაწილი, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილს აქვს მიხეილ სააკაშვილზე დიდი უარყოფითი რეიტინგი, როდესაც რეალურად მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ ამომრჩეველი როგორ აძლევს ხმას `ქართულ ოცნებას~ და ბიძინა ივანიშვილს. ცხადია, დიდია ადამიანთა რიცხვი, რომელთაც არც ერთი პარტია არ მოსწონთ და ამას თუ დავუმატებთ იმათ პროცენტებს, ვინც საერთოდ არ აპირებს არჩევნებზე წასვლას ან უარი თქვა პასუხის გაცემაზე, გამოდის, რომ ამომრჩევლის თითქმის 50% სრულ უნდობლობას უცხადებს ხელისუფლებას, ანუ მმართველი პარტიის რეიტინგი კვლევის მიხედვით 21%-ია. თუმცა, “ქართულმა ოცნებამ” დიდი წარმატებით გაართვა თავი შუალედურ არჩევნებს და 50%-იანი ბარიერი სხვადასხვა მუნიციპალიტეტში უპრობლემოდ გადალახა. როგორ იქცა ეს 21% არჩევნებზე 50 და მეტ პროცენტად? სრულიად მარტივად - მიშას ჯადოსნური ჯოხით - 2012 წლის შემდეგ, ყველა არჩევნების წინ, იჭერს ჯადოსნურ ჯოხს და დიდი გულმოდგინებით მიერეკება ჩვენი საზოგადოების ნაწილს “ქართული ოცნების” მხარდასაჭერად” - ეს ხალხი “ქართული ოცნების” ამომრჩეველი არ არის, ისინი ე.წ. “ანტიმიშა” ამომრჩევლები არიან, - განმარტავს ექსპერტი.
“საზოგადოების ნაწილის იმედგაცრუებას იწვევს სააკაშვილის ტაქტიკაც - დაანონსდება “ნაციონალური მოძრაობის” გამარჯვება, აქციები, სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა და ა.შ., საბოლოოდ კი არაფერი ჩანს, რაც დიდ ნიჰილიზმს ბადებს ამომრჩეველში. არადა, სააკაშვილი არის ამ პარტიის მასაზრდოებელი და მის გარეშე პარტიის დღევანდელი შემადგენლობა “ევროპული საქართველოს” რეიტინგზე დავიდოდა, თუმცა სააკაშვილთან ერთად, ის ხელისუფლების შეცვლის გზაზე მთავარი ბარიერი და “ქართული ოცნების” შენარჩუნების გარანტია - მოკლედ, საოცარი დილემაა! უახლოესი მომავალი გვიჩვენებს, რამდენად კიდევ მეტად დაშლის ამ პარტიას ის წინააღმდეგობები, რომლებიც მოჩანს “ნაციონალურ მოძრაობაში. ყოველ შემთხვევაში იმის საფუძველი, რომ ამ პარტიის ბაზაზე კიდევ ვიხილოთ პარტიული წარმონაქმნები, არსებობს”, - ამბობს ხათუნა ლაგაზიძე.
“ქართული ოცნებისთვის” 19 მაისს მოპოვებული ფსიქოლოგიური უპირატესობა მნიშვნელოვანი იყო ორი ფაქტორის გამო: პირველი - ოპოზიციური ელექტორატისთვის ეჩვენებინათ, თქვენს არჩევნებზე მოსვლას აზრი არა აქვს, რადგან მაინც ჩვენ გავიმარჯვებთო; მეორე - გამარჯვება უშუალოდ ბიძინა ივანიშვილს სჭირდებოდა “ქართული ოცნების” შესაკრავად. ბოლო დროს თითქმის “ყველა მოსახვევში” პარტიას ვიღაც ტოვებდა, ამ გამარჯვებით კი აჩვენეს, მომავალი ხელისუფლება ისევ ჩვენ ვართ და თქვენს გაქცევ-გამოქცევას არანაირი პერსპექტივა არა აქვსო! ამიტომაც მგონია, `ოცნება~ ყველაფერს გააკეთებს, რომ მთაწმინდის არჩევნებიც მოიგოს... ვიმეორებ - მთაწმინდის ოლქში გამარჯვება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ოპოზიციისთვის, რათა დაანახოს ამომრჩეველს, რომ ოპოზიციას ერთ კანდიდატზე შეჯერების შემთხვევაში შეუძლია მთაწმინდაზეც და სხვა მაჟორიტარულ ოლქებშიც დაამარცხოს ხელისუფლება. თუ ეს რწმენა გაჩნდა ხალხში, ეს იქნება უმნიშვნელოვანესი ფაქტორი 2020 წელს ამ ხალხის არჩევნებზე მისაყვანად” - დასძენს ლაგაზიძე.
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3