დაკარგული ჰასკის პოვნისთვის 1000-ლარიანი ჯილდო დააწესეს - ძაღლის პატრონი დახმარებას ითხოვს
ლაქი 3 წლის ჰასკია, რომელიც სულ რაღაც ერთი თვის წინ, მოსიყვარულე პატრონთან ერთად, ბედნიერად ცხოვრობდა. მას არც რაიმეს სწავლას აიძულებდნენ და არც არასდროს დაუბამთ, ყოველთვის ოჯახის სრულუფლებიან წევრად მიიჩნეოდა, რომელიც ცოტა ხნის წინ მომხდარი შემთხვევის გამო, დაიკარგა. ლაქის თავისი პატრონი, 26 წლის ნინო ბუქურია ერთი თვეა, უშედეგოდ დაეძებს.
როგორც ნინო ჩოქური AMBEBI.GE-ს მკითხველს უამბობს, ოთხფეხა მეგობრის გარეშე არცერთი დღე არ გაუტარებია. 3 წელია, დღე და ღამე ერთად არიან, დასასვენებლადაც კი არ წასულან, იმიტომ, რომ დაუმორჩილებელი ხასიათის გამო, ლაქის სოფელში მეზობლები არ შეეწუხებინა.
შემთხვევა 21 მაისს მოხდა. ნინოს ბებიას სხვა ძაღლისთვის ეზოში საჭმელი უნდა დაესხა, როცა კარი გააღო და ლაქი ქუჩაში გაიქცა. ნინოს თქმით, მსგავსი მცდელობა აქამდეც ჰქონია, თუმცა ორთაჭალას და თავის უბანს არ გასცილებია, ამიტომ ყოველთვის, აბრუნებდნენ ხოლმე. ნინო ვარაუდობს, რომ ლაქი გამვლელმა მანქანაში ჩაისვა და უკან სწორედ ამის გამო აღარ დაბრუნდა.
როცა ლაქი დაიკარგა, სახლში არ ვიყავი. ბებიას უნდა გაეტანა ჩვენი უბნის ძაღლისთვის საჭმელი, რომელსაც ჩვენ ვაჭმევთ ხოლმე, სახლის წინ გვაქვს ჯამები დადგმული. როცა კარი გააღო, ლაქი სწორედ იმ დროს გაექცა. მან ძალიან კარგად იცის სახლის მიმდებარე ტერიტორია, მთელ უბანს იცნობს და ყველამ იცის, რომ ჩემი ძაღლია. უბანში არასდროს არ დაგვიკარგავს.
ბევრჯერ გაქცეულა და თუნდაც, მე რომ არ ვყოფილვარ უბანში, უკან მოუყვანიათ. არ ყოფილა შემთხვევა, რომ ლაქი ერთი დღით მაინც დაგვეკარგა. იმ დღეს არ ვიცი, რა მოხდა, სავარაუდოდ, მოძრავი მანქანა დაინახა, შეეშინდა და გაიქცა ჩვენს ზედა ქუჩაზე. აღნიშნულ ქუჩაზე ძალიან ბევრი ავტომობილი მოძრაობს და არ არის გამორიცხული, რომ დაიჭირეს და ჩაისვეს. ყველა მხარეს ვეძებე. რომელ ქუჩაზეც ლაქი ავიდა, იქიდან უკან აღარ ჩამოსულა, გარეთ მყოფებს როცა ვკითხე, მითხრეს, რომ არაფერი დაუნახავთ", - იხსენებს ძაღლის პატრონი.
მე ლაქი არ გამიწვრთნია, თავისუფალი ხასიათის ძაღლია, არ არის აგრესიული, არასდროს არავის არ ერჩის, ცოტა მშიშარაც არის, ვიღაცამ მისთვის რამის დაშავება რომ მოინდომოს, მაშინაც არ გადავა აგრესიაზე. არ მიყვარს, როცა ძაღლებს რაღაცების სწავლას აიძულებენ. მერჩივნა, რომ ყოფილიყო თავისუფალი, ლაღი ძაღლი. ერთადერთი, რაც თვითონ ისწავლა, იყო კარის გაღება. თუ ვინმემ მანქანაში ჩაისვა და წაიყვანა, არ მესმის, როგორ არ აწუხებთ თვითონ ლაქის ტირილი. მე რომ გავდიოდი სახლიდან, ისეთ ამბავს ატეხდა ხოლმე, რომ მისი ტირილით მთელი უბანი წუხდებოდა", - აღნიშნავს ნინო.
ნინო ერთგული მეგობრის დაკარგვას ძალიან განიცდის. წუხს, რადგან მიაჩნია, რომ ლაქი შეიძლება, არასათანადო პირობებში აღმოჩნდა და ამის გამო იტანჯება.
ლაქის პოვნისთვის ცნობილმა ქართველმა მეცო-სოპრანომ ანიტა რაჭველიშვილმა 1000 ლარიანი ჯილდოც დააწესა. ნინომ და მისმა მეგობრებმა დაკარგული ჰასკის ფოტოები თბილისის თითქმის ყველა უბანში გამოაკრეს.
"ჯილდო გვაქვს დაწესებული, ანიტა საოცარი ადამიანია და მისი მადლობელი ვარ. ძაღლი სტერილურია, ვერ გაამრავლებენ. ლეკვების გასაჩენად და გასაყიდად რომ უნდოდეთ, ამისთვისაც ვერ გამოდგება, რადგან ერთხელ შევაჯვარე, ინფექცია შეეჭრა და სტერილიზაციის გაკეთება მოგვიხდა, რომ სიმსივნეში არ გადასულიყო. თუ ვინმეს აქვს ინფორმაცია, რომ ვეძებთ, არ ვიცი, რა მიზეზით არ გვიბრუნებენ. აზერბაიჯანის საზღვარზეც კი ვიყავით, რადგან იქაც გადაჰყავთ ძაღლები და ყიდიან, განცხადებები დავტოვეთ, გავაკარით. გვირეკავენ ხოლმე და გვეუბნებიან, რომ დაინახეს, მერე მივდივართ იმ ტერიტორიაზე და იქ აღარ გვხვდება", - აღნიშნავს ნინო.
ლაქის დაბრუნების იმედი ნინოსა და მის მეგობრებს არ გადაუწურავთ. ფიქრობენ, რომ ამდენი ძალისხმევითა და კეთილი ადამიანების დახმარებით, ერთ დღეს ის აუცილებლად გამოჩნდება.
https://www.ambebi.ge/article/235204-dakarg...marebas-itxovs/
P.S.მოდერს ვთხოვ,დროებით არ მოისროლოს სხვა განყში,ამდენი ხალხი შემოდის აქ და იქნებ ვინმემ სადმე შემთხვევით ნახა ეს ძაღლი და დაუბრუნონ პატრონს,თან ჯილდოცაა დაწესებული და თან კეთილ საქმეს გააკეთებს.
This post has been edited by არმეძებო on 19 Jun 2019, 17:17