ლარის კურსის ვარდნასთან დაკავშირებით მთავრობის წევრების განმარტებები საკმარისი არ არის, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში დემურ გიორხელიძემ განაცხადა. მისი თქმით, გასაგებია ნოდარ ხადურის ოპტიმიზმი, თუმცა ფინანსთა მინისტრს ამის საფუძველი არ აქვს.
"ლარის კურსის ვარდნის საკითხი ყველას ეხება. საკმარისი არ არის მთავრობის წევრების განმარტებები. ჩვენ გვაქვს მკაცრი სტატისტიკა, ციფრები, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. ეროვნულმა ბანკმა უკვე 430 მილიონი "გაისროლა" კურსის სტაბილიზაციისთვის, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. კურსი 1,67-დან დღეს დაცემული არის 1,77-მდე. არ არსებობს მექანიზმი იმის, რომ კურსი უკან წამოვიდეს თუ დიდი რაოდენობით დოლარები არ შემოვა ქვეყანაში. პირველი ამოცანა არის, რომ კურსი ამ დონეზე შევინარჩუნოთ. ამასთან, გასაგებია ნოდარ ხადურის ოპტიმიზმი, მაგრამ ამ ოპტიმიზმის საფუძველი მას არ აქვს, რადგან 400 მილიონ დოლარზე მეტის გაშვება მოხდა რეზერვებიდან სავალუტო ბაზარზე, თუმცა კურსის სტაბილიზაცია მაინც ვერ მოხერხდა", - აღნიშნა გიორხელიძემ.
მისივე თქმით, შექმნილი სიტუაციიდან ერთადერთი გამოსავალი ეკონომიკის წინსვლაა.
"ფაქტის წინაშე ვდგავართ, რომ ეკონომიკაში არაფერი ხდება, ადამიანების სამუშაო ადგილებით უზრუნველყოფა ნულოვანია, შემოსავლებში არაფერი იცვლება და შესაბამისად, დაიძრა ლარი. შეშფოთებულმა იმპორტიორებმა, რომლებზეც დამოკიდებულია მთელი ქვეყნის ეკონომიკა წინმსწრები ტემპით დაიწყეს ფასების გაზრდა, რომ მოულოდნელობისგან თავი დაეზღვიათ. ლარის ვარდნა, სავარაუდოდ, გაგრძელდება, მაგრამ მთავარია ასეთი სწრაფი ტემპით არ იყოს. გაქცევა ასეთ რთულ სიტუაციაში სავალუტო კურსის არის აბსოლუტურად მიუღებელი, დაუშვებელი. როგორმე უნდა მოახდინოს მთავრობამ ლარის სტაბილიზაცია. მთავრობასაც და ეროვნულ ბანკსაც მართებთ მეტი განმარტებების გაკეთება, უფრო ცხადი უნდა იყოს მათი პოლიტიკა", - აღნიშნა გიორხელიძემ
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/ekonomika/95093-laris...l#ixzz2r9Q596gk