სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ყოფილი მფლობელები ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი და ტელეკომპანია "საქართველოს" სახელით, ნიკოლოზ ნაყოფია საზოგადოებას და სამაუწყებლო კომპანიის თანამშრომლებს მიმართავენ.
"მივმართავთ საზოგადოებას და თითოეულ "რუსთავი 2-ელს". ერთი კვირა გავიდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან, რომელიც მის ძალაში შესვლამდე, გამოცხადებიდან 4 საათში „აღასრულა“ ივანიშვილის იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.
არ დავმალავთ, რომ როგორც ყველა, ვისთვისაც ძვირფასია ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, დემოკრატიული მომავალი და სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, ჩვენც შოკირებული ვიყავით სტრასბურგის მოსამართლეთა ჩვენთვის აუხსნელი გადაწყვეტილებით - გადაწყვეტილებით, რომელიც შერჩევითად ციტირებს მტკიცებულებებს, არ მსჯელობს საკვანძო ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებზე (როგორიცაა ჩვენი კეთილსინდისიერი შემძენის სტატუსი) და ამბობს, რომ ის, რაც ჩვენ ყველამ პირდაპირ ეთერში ვიხილეთ, არ ყოფილა სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა.
გვინდა, მადლობა გადავუხადოთ თითოეულ "რუსთავი 2-ელს" - საუკეთესო გუნდს, რომელიც ბოლო წლების მანძილზე იდგა თავისუფლებისა და დემოკრატიის ფრონტის ხაზზე და, უდიდესი ზეწოლის ფონზე, ობიექტურად აშუქებდა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ნიკა გვარამიას, რომელიც ამ ბრძოლაში მართლაც ცენტრალური ფიგურა იყო.
მაგრამ ეს არ არის დამშვიდობების მადლობა, მეგობრებო. ეს არის მადლობა აქამდე გადახდილი ბრძოლებისთვის, რადგან ბრძოლა გრძელდება და გრძელდება გამარჯვებამდე.
ამასთან, გვინდა მოვუწოდოთ ყველა პოტენციურ "შემძენს", თავი შეიკავოს სადაო ქონების დაუფლებისაგან, რადგან ისინი ჩაითვლებიან არაკეთილსინდისიერ შემძენებად. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ გზას და მივმართავთ ყველა კანონიერ მეთოდს სამართლიანობის აღსადგენად, როგორც ევროსასამართლოს დიდ პალატაში, ასევე საქართველოს სასამართლოებში. იმედს ვიტოვებთ და დარწმუნებულები ვართ, რომ დიდ პალატაში ყველა ზემოხსენებული გარემოება იქნება გათვალისწინებული და სრულყოფილად შესწავლილი.
ამ ბრძოლაში ჩვენ დანებების, უიმედობის ან უკან დახევის უფლება არ გვაქვს. ერთად ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ," - აღნიშნულია განცხადებაში.
ტელეკომპანია "რუსთავი 2-ის" საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის "ტვ საქართველოს" 50%-იანი წილი, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, კობა ნაყოფიას შვილმა, ნიკოლოზ ნაყოფიამ შეიძინა. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აღნიშნული ცვლილება 2018 წლის 16 აგვისტოს დარეგისტრირდა.
წილების გასხვისებამდე "ტელეკომპანია საქართველოს" 60% და 40%-ს ლევან და გიორგი ყარამანიშვილები ფლობდნენ. ცვლილების შედეგად, მათი წილი 25%, 25%-მდე შემცირდა.
18 ივლისს ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორად პაატა სალია დანიშნა, რომელმაც ამ პოზიციაზე ნიკა გვარამია შეცვალა.
მანამდე სტრასბურგის სასამართლომ გააუქმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შემაჩერებელი მექანიზმი.
კერძოდ, 2017 წლის 2 მარტს საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. იმავე წლის 3 მარტს კი, „რუსთავი 2“-ის მიმართვის საფუძველზე, სტრასბურგის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. სწორედ ამ აღსრულების შეჩერება გააუქმა სტრასბურგის სასამართლომ.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/112689/d...bas-avrtseleben