ნეტავ რატომ გაუფასურდა ლარი ბოლო ორ დღეში...
ხაზარაძე - ბოლო ორ დღეში ქართულმა კომპანიებმა ლონდონში მილიარდი ლარი დაკარგეს
"პროკურატურამ ჩაატარა ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მესამე ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგინა ისედაც მყიფე რეპუტაცია. ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით", - განაცხადა საქალაქო სასამართლოს შენობაში მისულმა მამუკა ხაზარაძემ.
სასამართლო დარბაზში შესვლამდე მამუკა ხაზარაძემ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მომდევნო კვირაში ის და ბადრი ჯაფარიძე გამართავენ პრესკონფერენციას, რომელზეც საზოგადოებას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მმართველ საბჭოში დაგეგმილ ცვლილებებს გააცნობენ. ხაზარაძის თქმით, ის და ბადრი ჯაფარიძე ამ პროექტის გადარჩენის მიზნით, მის მმართველ საბჭოს ოფიციალურად ჩამოცილდებიან.
"პოლიტიკოსები ამბობენ, რომ მე და ბადრი ჯაფარიძე ვეფარებოდით "თიბისი ბანკს" და ანაკლიას იმისათვის, რომ გადაგვეფარა და იმუნიტეტად გამოგვეყენებინა ჩვენი ეს ორი უზარმაზარი კომპანია, რომელიც ჩვენ შევქმენით. ჩვენ ორჯერ მოგვიწია ამ უპასუხისმგებლო, ქვეყნისთვის საზიანო ქმედებების გამო, რომელმაც არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში მოჭრა ქართულ საინვესტიციო გარემოს თავი, გადადგომა. მეორე გადადგომა იცით, რომ გუშინ განვახორციელეთ. ეს მოხდა მას შემდეგ, რაც 98%-იანი ნდობით აგვირჩიეს ინვესტორებმა.
ის ფაქტი, რაც აღვნიშნე და განვმეორდები, რომ დოკუმენტის გადმოსაცემად, პროკურატურამ ჩაატარა ქვეყნის საწინააღმდეგოდ მიმართული მესამე ბრიფინგი, რომელმაც ქართულ ეკონომიკას დააკარგინა ისედაც მყიფე რეპუტაცია. ქართულ კომპანიებს, რომლებიც ლონდონის ბირჟაზე არიან, ორი დღის განმავლობაში დაუგდო ღირებულება დაახლოებით მილიარდი ლარის ოდენობით. ჩვენს ეკონომიკამ ორ დღეში, პროკურატურის უნიჭო განცხადებით, ისევე როგორც 6 თვის წინ ქვეყანას, მიადგა უზარმაზარი ზარალი.
დღეს ჩვენ აქ მოვედით, პრესიდან გავიგეთ, რომ თურმე მილიონ ლარს გვთხოვენ. ეს არის დღევანდელი მთავრობის და დღევანდელი პოლიტიკის შედეგი, როდესაც მილიარდ ლარ ინვესტიციას ბადრი და მამუკას ორ მილიონ ლარში ცვლიან. აღარ ვსაუბრობ რეპუტაციაზე, ნდობაზე და საერთოდ იმ გაუგებარ პოზიციაზე, რომელიც დღეს სამწუხაროდ ჩვენ ხელისუფლებას აქვს. ჩვენ ვართ კანონმორჩილი ადამიანები. ბოლო 29 წლის განმავლობაში, რაც ბიზნესს ვაკეთებთ, არ დაგვირღვევია კანონი, სწორედ ასე შევქმენით ასეთი ძლიერი გუნდი, რომლითაც დღეს ვართ წარმოდგენილები.
რაც შეეხება ანაკლიას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ანაკლია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტი, ანაკლია არის შემოტრიალება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის, ორიენტაციის და ერთხელ და სამუდამუდ კარიბჭედ დაფიქსირება აზიასა და ევროპას შორის, მსხვილი ინვესტორების გაჩენა, რომელთანაც ჩვენ თითქმის დამთავრებული გვქონდა მოლაპარაკება და ხელახლა ამ ქაოსში ჩაგვაგდეს... ეს არის აბსოლუტურად გაუგებარი რამ, ერთი მხრივ ამბობენ, რომ "ანაკლიას ჩვენ მხარს ვუჭერთ", მეორე მხრივ კი პირდაპირ ღიად ებრძვიან ამ პროექტს.
ის ფაქტი, რაც მათ ქართულ ეკონომიკას მიაყენეს 2 მილიონი ლარის სანაცვლოდ, ეს არის დანაშაული. დადგება დრო და ამაზე პასუხს აგებენ.
ზარალი, რაც მათ [პროკურატურის განცხადებით] საქართველოს ეკონომიკას მიაყენეს არის დანაშაული. მომავალ კვირას ჩვენ გვექნება პრესკონფერენცია. ჩვენ შევცლით ანაკლიის მმართველ საბჭოს და მე თავმჯდომარეობას და ბადრი მოადგილეობას ჩამოვშორდებით, რომ ვინმემ არ დაგვაბრალოს, რომ ჩვენ გამო შეჩერდა ინვესტიცია", - ამბობს ხაზარაძე.
ცნობისთვის: საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით დღეს მიმართა.
"მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით)", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
პარალელურად, ლონდონის საფონრო ბირჟაზე თიბისი ბანკის ჯგუფის აქციების ღირებულების ვარდნა გრძელდება. არსებული მდგომარეობით კომპანიის ერთი აქცია 12.20 გირვანქა სტერლინგი ღირს. ბოლო ორ დღეში TBC PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 147 მილიონი გირვანქა სტერლინგით, ანუ 185 მილიონი დოლარით (538 მილიონი ლარით) შემცირდა.
ავტორი: შოთა ტყეშელაშვილი
https://www.bm.ge/ka/article/xazaradze---bo...-dakarges/37508