ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტმა სოხუმის აეროპორტის სტატუსისა და რეგიონის საჰაერო სივრცის გამოყენების შესახებ დადგენილება მიიღო.
ამასთანავე, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სოფელ ბაბუშერაში მდებარე "არძინბას აეროპორტს" საერთაშორისო კოდი - URAS-იც მიანიჭეს. R აღნიშნულ შემთხვევაში როსტოვის საჰაერო სივრცეს აღნიშნავს.
დე ფაქტო მთავრობა გეგმავს, რომ ბაბუშერას აეროპორტი საერთაშორისო რეისებისთვის გახსნას, თუმცა ეს იურიდიულად შეუძლებელია, რადგანაც აეროპორტი და საჰაერო სივრცე 1993 წლის ICAO-ს დადგენილებით არის დაკეტილი.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ის აღნიშნულ წამოწყებას გმობს, ასევე განმარტავს, რომ აფხაზეთის რეგიონსა და მის საჰაერო სივრცეზე ოფიციალურად საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი ვრცელდება, რაც საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას კრძალავს.
"ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონით, აფხაზეთის რეგიონსა და მის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე ვრცელდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, ანუ განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რომელიც კრძალავს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია (ICAO), ბუნებრივია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საქართველოს საჰაერო სივრცის ერთიანობას.
ICAO-ს წესდების მიხედვით, სოხუმის აეროპორტი და შესაბამისი საჰაერო სივრცე დაკეტილია 1993 წლიდან.
ამგვარად, ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონში (კერძოდ, სოხუმის აეროპორტში) ვერ მოხდება საერთაშორისო ფრენების განხორციელება, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს, ICAO-ს წესდებას და საქართველოს კანონმდებლობას.
საქართველოს სატრანსპორტო ადმინისტრაცია გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, საერთაშორისო მექანიზმების ჩათლით, რათა დაცული იქნას ICAO-ს და საერთაშორისო სტანდარები," - ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს კომენტარში.
ბაბუშერას აეროპორტი 1960-იან წლებში აშენდა. აფხაზეთის ომის შემდგომ მასში პირველი თვითმფრინავი 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაეშვა, რაც რუსულ სამხედრო ხომალდს წარმოადგენდა. მას შემდეგ, სოხუმში კიდევ რამდენიმეჯერ მოხდა რუსული ხომალდის დაშვება.
https://www.bm.ge/ka/article/icao-s-dadgeni...s-cdilobs/37621