http://tribuna.ge/index.php?option=com_con...d=6816&Itemid=1„ჩამოთვლილთაგან ვის დაასახელებდით „წლის პოლიტიკოსად?“– ამ კითხვით „ტრიბუნამ“ ინტერნეტგაზეთის მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა.
გამოკითხულთა 51,3% „წლის პოლიტიკოსად“ ბიძინა ივანიშვილს ასახელებს; 17,8%– შალვა ნათელაშვილს; მიხეილ სააკაშვილს 9,7% მიიჩნევს „წლის პოლიტიკოსად“, ნინო ბურჯანაძეს – 6,6%. ეროსი კიწმარიშვილმა გამოკითხვაში მონაწილეთა ხმების 5,5% მოაგროვა, ირაკლი ალასანიამ - 5%.
5%–ზე ნაკლები ხმები დააგროვეს ვანო მერაბიშვილმა, გიორგი თარგამაძემ, გიგი უგულავამ, დიმიტრი შაშკინმა, დავით ბაქრაძემ და ნიკა გილაურმა. უფრო კონკრეტულად კი მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა: ვანო მერაბიშვილი – 1,7%, გიორგი თარგამაძე – 0,6%; გიგი უგულავა – 0,6%; დიმიტრი შაშკინი – 0,5%; დავით ბაქრაძე 0,4%; ნიკა გილაური – 0,3%. „ტრიბუნას“ გამოკითხვა 2011 წლის 9 დეკემბერს დაიწყო და 2012 წლის 13 იანვარს დასრულდა. ინტერნეტგამოკითხვაში მონაწილეობა 6800–მა ადამიანმა მიიღო.
მილიარდერი პოლიტიკაში
გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენად არაერთმა უცხოელმა თუ ქართველმა ანალიტიკოსმა ქართველი მილიადერის ბიძინა ივანიშვილის მიერ პოლიტიკური პარტიის შექმნის სურვილის შესახებ 7 ოქტომბერს გაკეთებული განცხადება დაასახელა. ბიზნესმენი, რომელიც საჯაროობას გაურბოდა და ფარული ქველმოქმედებით იყო დაკავებული, ხელისუფლების უმთავრეს კონკურენტად ჩამოყალიბდა.
მოქალაქეობის საკითხი და პრობლემები ბანკ „ქართუს“
7 ოქტომბრის შემდეგ ბიზნესმენმა რამდენიმე ვრცელი წერილით მიმართა საზოგადოებას და, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, სწორედ ერთ-ერთი მათგანიდან გაიგო საქართველოს საჯარო რეესტრმა, რომ ბიზნესმენი საქართველოსთან ერთად საფრანგეთის მოქალაქეც იყო. შესაბამისად, პრეზიდენტის ბრძანებულებით, მას და მის მეუღლეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდათ.
ივანიშვილის ადვოკატებმა პრეზიდენტის ბრძანებულება სასამართლოში გაასაჩივრეს. მანამდე კი ბიზნესმენმა უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. სასამართლომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის ნაწილში პრეზიდენტის ბრძანებულება კანონიერად სცნო, ხოლო ხვედელიძის შესახებ განაცხადა, რომ „მას მოქალაქეობა უკანონოდ შეუწყდა“ და პრეზიდენტს, ხვედელიძის სასარგებლოდ, 100 ლარის ოდენობით ბაჟის გადახდა დააკისრა.
სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ივანიშვილმა უარი თქვა საფრანგეთის მოქალაქეობაზეც და საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციის მიღება გადაწყვიტა. საფრანგეთი, კანონის თანახმად, ივანიშვილის თხოვნას მანამდე არ დააკმაყოფილებს, ვიდრე იგი საქართველოს მოქალაქობას არ მიიღებს. ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, საჯარო რეესტრში უკვე შეიტანეს ივანიშვილის მოთხოვნა მოქალაქეობის მიღების შესახებ და პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად მხოლოდ 43 დღე დარჩა.
ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვის შესახებ გაკეთებული განცხადების შემდეგ პრობლემები შეექმნა მის ერთადერთ ბიზნესს საქართველოში – ბანკ „ქართუს“. სამართალდამცველებმა ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს ბანკის კუთვნილი საინკასაციო მანქანა. ასევე, ამოიღეს 2 მილიონი დოლარი და 1 მილიონი ევრო. მთავარი პროკურატურის მიერ 10 იანვარს გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი გახდა, რომ „ქართუს“ კუთვნილი თანხა დაუბრუნდა, თუმცა, რა ეტაპზეა გამოძიება, კვლავ უცნობია.
ფულის გათეთრების ბრალდებით გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს „ქართუში“ ეროვნული ბანკი შევიდა და დღემდე ამოწმებს ივანიშვილის ბანკის საქმიანობას. „ქართუს“ ხელმძღვანელობა კი ბანკისთვის შექმნილ პრობლემებს მფლობელის პოლიტიკურ მიზნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ „სახელმწიფო„ქართუს“ წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას აწარმოებს“.
პოლიტიკური პარტნიორები
ბიძინა ივანიშვილმა, თავდაპირველად, პოლიტიკური თანამშრომლობის სურვილი რესპუბლიკელებთან“ და „თავისუფალ-დემოკრატებთან“ გამოთქვა. მაშინ ოპოზიციის რამდენიმე წარმომადგენელი, „ეროვნული ფორუმი“, „ხალხის პარტია“, „კონსერვატიული პარტია“ და ნინო ბურჯანაძის პარტია არ უხსენებია, ხოლო დანარჩენს „ფსევდოოპოზიცია“ უწოდა.
„რესპუბლიკელებთან“ და „თავისუფალ დემოკრატებთან“ თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას თავიდანვე მიაღწია, რის შემდგაც მათ ალიანსს „ხალხის პარტია“ და „კონსერვატიული პარტია“ დაემატა. რაც შეეხება სხვა პარტიებს, ივანიშვილი აცხადებს, რომ მოლაპარაკებებს მხოლოდ „ეროვნულ ფორუმთან“ აწარმოებს.
ივანიშვილის პოლიტიკური პარტნიორები ამბობენ, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ჩამოყალიბდება კოალიცია, რომლის სიის პირველი ნომერიც ბიძინა ივანიშვილი იქნება. თუმცა, მანამდე ივანიშვილმა პოლიტიკური პარტია უნდა ჩამოაყალიბოს, რისი უფლებაც მოქალაქეობის არმქონე პირს არ აქვს.
დეკემბრის დასაწყისში მან უკვე ჩამოაყალიბა საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული ოცნება“, რომლის ხელმძღვანელიც თავად არის. ორგანიზაციაში ფუნქციონირებს რამდენიმე თემატური ჯგუფი. თემატურმა ჯგუფებმა, საბოლოოდ, ერთგვარი კონცეფცია უნდა შეიმუშავონ, რომლის გამოყენებაც, ჯგუფების ხელმძღვანელთა განმარტებით, ყველა პოლიტიკურ ძალას შეეძლება.
რაც შეეხება ივანიშვილის პარტიას, მისი ჩამოყალიბების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა რამდენიმე დღის წინ გაირკვა, რომ ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენამდე პარტიას მისი მეუღლე, ეკატარინა ხვედელიძე, უხელმძღვანელებს.
„კანონები ივანიშვილისთვის“
ქართველ და უცხოელ ექსპრტთა ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლებას „ძალაუფლების დაკარგვის ეშინია“ და ყველანაირად ცდილობს ივანიშვილისთვის ხელის შეშლას, რისთვისაც ცვლილებები შევიდა რამდენიმე კანონში. მაგალითად, გართულდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსება - იურიდიულ პირს აეკრძალა, ხოლო ფიზიკურ პირს ლიმიტი დაუწესდა.
გარდა ამისა, კონტროლის პალატაში ჩამოყალიბდა პარტიების ფინანსური კონტროლის სამსახური, რომელმაც ფინანსური ანგარიში პირველად სწორედ „ქართული ოცნებისგან“ მოითხოვა, რადგან მიიჩნია, რომ ორგანიზაციას „გაცხადებული პოლიტიკური მიზნები“ აქვს. „ქართულ ოცნებაში“ კი კონტროლის პალატის მტკიცებას არ იზიარებენ და მისგან ახსნა-განმარტებას ითხოვენ.
პარტიების დაფინანსების შესახებ კანონის ამოქმედებამდე ივანიშვილისა და ფეხბურთელ კახა კალაძის, რომელმაც მილიადერდის მხარდაჭერის შესახებ განცხადება ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვიდან რამდენიმე დღის შემდეგ გააკეთა, ორგანიზაციებიდან ოთხმა პარტნიორმა პარტიამ ფინანსები მიიღო, რის გამოც ახალ კანონს ერთგვარი უკუძალა ენიჭებოდა და პარტიების, კანონის მიღებამდე, ამ კანონის დარღვევით მიღებული გაუხარჯავი ფინანსების უკან დაბრუნება მოუწევდათ.
აღნიშნული კანონის მიღებას განცხადებით გამოეხმაურა აშშ-ის საელჩო. ვაშინგტონი მიესალმებოდა საარჩევნო კოდექსსა და პარტიების დაფინანსების შესახებ კანონში შეტანილ რიგ ცვლილებებს, თუმცა სინანულს გამოთქვამდა „რეტროაქტიური დებულებების“ გამო. განცხადებიდან რამდენიმე საათში საპარლამენტო უმრავლესობამ პრესკონფერენცია მოიწვია, კანონის უკუძალა უარყო და სინანული გამოთქვა, რომ აშშ-ის საელჩოს „არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს“.
ოპოზიციის ნაწილი კი ამტკიცებს, რომ აშშ-ის საელჩოს განცხადების შემდეგ, საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებული კანონიდან ამოიღებული იქნა სიტყვა „ამ“, რომელაც კანონს შინაარსი შეუცვალა.
საზოგადოების ერთი ნაწილი მიესალმება „პარტიების დაფინანსების შესახებ“ კანონის გამკაცრებას, რადგან ისინი პოლიტიკაში დიდი ფულის შემოსვლაში რისკებს ხედავენ.
მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა განაცხადა, რომ მოქალაქეობის მიღებას ნატურალიზაციის გზით აპირებდა, ცვლილება შევიდა პრეზიდენტის ბრძანებულებაშიც და პირისთვის მოქალაქეობის მისაცემად დასკვნის მოსამზადებლად რეესტრისთვის დაწესებული 1-კვირიანი ვადა გაუქმდა. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ ბრძანებულებაში შესული ცვლილების შემდეგ პრეზიდენტს ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენა შეუძლია დროში გაწელოს.