არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი. თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია, - ასე მიმართა პრემიერმინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს პარლამენტში.
პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობა“ პრემიერმინისტრობის კანდიდატ გიორგი გახარიას და მინისტრობის კანდიდატებს უსმენდა. სხდომაზე, რომელსაც რომან გოცირიძე უძღვებოდა, გახარიასთან და 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ვიდეორგოლი აჩვენეს. გოცირიძემ განმარტა, რომ ეს არის ხალხის შეკითხვა გახარიას მიმართ.
„ერთმნიშვნელოვნად, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ის რაც აქ ხდება, არის „ნაციონალური მოძრაობის სახე, ტყუილი, სიცრუე, როდესაც ხდება სიმართლის ჩანაცვლება, როდესაც ხდება მოდელირებული რეალობით ადამიანებზე ზემოქმედება.
ამას თქვენ აკეთებდით არა მხოლოდ ცხრა წელი, ამას თქვენ აკეთებდით დღესაც. მე ერთი რამ მინდა გითხრათ, არსად წასვლას არ ვაპირებ, მე თქვენ დაგასრულებთ და დაგასრულებთ თქვენ საქართველოს მოსახლეობა და ამომრჩეველი.
თქვენ ხართ ჩვეულებრივი ქუჩის ოპოზიცია და 2020-ში თქვენ დარჩებით ქუჩაში. გირჩევთ, ქალბატონო სალომე, თვალიდან ხელი მოიშოროთ და სიმართლეს თვალი გაუსწოროთ“, - მიმართა გახარიამ ოპოზიციონერს.
„რთულია დღეს ამ ტრიბუნიდან საუბარი, განსაკუთრებით ასეთი პათოსის შემდეგ, რომელიც აბსოლუტურად ცარიელია პოლიტიკურად პასუხისმგებლიანი პოზიციით. მე ძალიან კარგად მახსენდება რთული წუთები ამ შენობაში, როდესაც ქალბატონი სალომე პირადად მემუქრებოდა იმით, რომ დაგრჩათ რამდენიმე წუთი, ახლა აქ ხალხი შემოიჭრება და თქვენი დასასრული დაიწყება“, - გახარიას ამ პასუხს სალომე სამადაშვილის რეპლიკა მოჰყვა, რის შემდეგაც მან სხდომის შეწყვეტა მოითხოვა.
„სინამდვილეში რაც ახლა ხდება, ეს არის ჩვეულებრივი სახე, როგორ იმარჯვებს სიმართლე სიცრუეზე. ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ სიმართლის საშუალებით ეს ხალხი ყოველდღე ვამხილოთ. სხვა გზა არ გვაქვს. ძალიან კარგად მახსოვს, 20 ივნისის ღამეს, ეს ადამიანები აქ იყვნენ გამაგრებულები, ამ დარბაზში და ელოდებოდნენ, როდის შემოიჭრებოდა ეს ხალხი აქ. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ეს ის ადამიანები არიან, ისხდნენ და საათებით ითვლიდნენ, რაც უფრო მეტი მსხვერპლი იქნებოდა და რაც უფრო მეტი დაშავებული იქნებოდა, ეს გამოეყენებინათ პოლიტიკური ინტერესების მისაღწევად, ამის საშუალება არ უნდ მივცეთ, ეს იქნება ჩვენი ძირითადი ამოცანა“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ფრაქციის სხდომაზე მაკო გომურისა და მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრების დაშვებას ითხოვდნენ. მანამდე მაკო გომურმა Facebook-ზე დაწერა, რომ კახეთში იმყოფებოდა და მისთვის საშვის დაშვების შესახებ მხოლოდ სხდომის დაწყებამდე 5 წუთით ადრე გაიგო. მოგვიანებით მან საკუთარი პოსტი წაშალა.
რაც შეეხება „ევროპულ საქართველოს“, მთავრობის შემადგენლობის მოსმენა უკვე „ევროპული საქართველოს“ ფრაქციების ფორმატში 16:00 საათზე დაიწყება.
„ევროპული საქართველოს“ წევრებს შეკითხვები ძირითადად გიორგი გახარიასთან აქვთ. კითხვები კი 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს შეეხება.
„საზოგადოებას აქვს ძალიან მწვავე კითხვები 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გახარიასთან და ჩვენ ჩავთვალეთ თავი ვალდებულებად, რომ ეს კითხვები გახარიას დავუსვათ. კომიტეტის სხდომებზე დღის წესრიგს განსაზღვრავს უმრავლესობა. იქ არ იყო პრემიერმინისტრობის კანდიდატი. დღეს დღის წესრიგს განსაზღვრავს „ევროპული საქართველო“. „ევროპული საქართველო“ დაუსვამს გახარიას იმ კითხვებს, რომელიც ხალხს აქვს, განსაკუთრებით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ირმა ნადირაშვილმა.
მინისტრობის კანდიდატების მოსმენა დღეს გაგრძელდება, 8 სექტემბერს კი, პლენარული სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის დამტკიცებისთვის მმართველ გუნდს 76 დეპუტატის მობილიზება დასჭირდება.
პრემიერმინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას კანდიდატურა 3 სექტემბერს, პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ პარტიის თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრად ვახტანგ გომელაური, თავდაცვის მინისტრად კი ირაკლი ღარიბაშვილი არიან წარდგენილი.
რაც შეეხება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ლევან იზორიას, ის უსაფრთხოების საბჭოს მდივნის თანამდებობაზე დასახელდა.
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/115777/g...gasrulebt-video