07:00 / 28-02-2013
ირაკლი წერეთელი: "ივანიშვილის კადრებიდან ბევრი დასახვრეტია"
ეროვნული დამოუკიდებელი პარტიის ლიდერი ირაკლი წერეთელი 25 თებერვლიდან საქართველოს დეოკუპაციის მოთხოვნით ფართომასშტაბიან აქციებს გამართავს. მისი თქმით, თუ მათ მიერ წამოყენებული მოთხოვნები არ შესრულდება, ეს ხელისუფლება ცუდად დაამთავრებს. რა გეგმები აქვს ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ წევრს, უფრო კონკრეტულად თავად გვიამბობს.
- 25 თებერვალს მე და ჩემი მეგობრები ვგეგმავთ თბილისში ანტისაოკუპაციო, განმათავისუფლებელი დემონსტრაციის გამართვას კონკრეტული მოთხოვნებით. ამ დემონსტრაციაზე ვიწვევთ ყველას და არ გვაინტერესებს, ზვიადისტია, მიშისტი თუ ბიძინისტი. ამ დღეს ყველა ქართველი ჩემთვის ამ ქვეყნის შვილია და მიმაჩნია, რომ ერთ დღეს მაინც ყველა ერთი იდეის გარშემო უნდა გაერთიანდეს. რა უბედურებაა, სააკაშვილის მომხრეებს "ნაცებს" რომ ეძახიან და ივანიშვილისას - "ქოცებს". ჯერ რა სახელებია ეს, რა უბედურებაა! ქართველები არ არიან ორივე მხარე?.. მე საქართველოს ორ ნაწილად ვყოფ, ნიკოლოზ ბარათაშვილის შემოქმედებაში წააწყდებით ასეთ ფრაზას, "ნამდვილქართველნი". მაშინ ასე კახელებს მოიხსენიებდნენ, რადგან ბოლო საუკუნეებში ამ კუთხის შვილებმა ძალიან ბევრი ბრძოლა გადაიტანეს და მაშინდელი მსოფლმხედველობით, თუ მეომარი არ იყავი, ქართველიც არ იყავი. მე დღეს ქართველად მხოლოდ იმას მივიჩნევ, ვისაც საქართველოს დეოკუპაცია და თავისუფლება უნდა. ვისაც რუსეთი და მონობა უნდა, მას ანტიქართველს ვეძახი.
- ამ ხელისუფლებას ხშირად ადანაშაულებენ პრორუსულობაში...
- დიახ, ასეა, ეს ხელისუფლება არის სამარცხვინოდ რუსული პოლიტიკის გამტარებელი, ვინაიდან რუსეთს აგრესორის სტატუსი ოფიციალურად არ მიანიჭა. არადა, პირადად მე სამჯერ გავუგზავნე ბიძინა ივანიშვილს მოთხოვნა, სპეციალური დოკუმენტებით, მაგრამ პასუხი არ მომსვლია. პირიქით, რუსეთთან ურთიერთობის დარგში რაღაც თანამდებობა შემოიღო, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დაბრუნება უნდა და სოჭის ოლიმპიადაზე აპირებს ქართველი სპორტსმენების გაშვებას. ეს არის ხელისუფლება, რომელსაც ეროვნული თავმოყვარეობის განცდა არ აქვს. 25 თებერვალს ჩვენი ერთ-ერთი მოთხოვნა სოჭის ოლიმპიადისთვის ბოიკოტის გამოცხადებაც არის, იმავე მოთხოვნით მივმართავთ აშშ-ის, ბრიტანეთისა და ნატოს წევრი ქვეყნების საელჩოებსაც. თუ ამას არ შეასრულებენ, ფართომასშტაბიან აქციებს მოვაწყობთ. პატარა საქართველო თუ ამერიკელების გამო მუსლიმანურ აღმოსავლეთ სამყაროს გადაეკიდა, რატომ არ შეიძლება, ამერიკამ ჩვენ გამო რუსეთს აწყენინოს?..
- ბატონო ირაკლი, ეს ხელისუფლება ამბობს, რომ ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან რაღაც ფორმით საერთო ენა უნდა ვიპოვოთ...
- კეთილი ინებოს და იმან იპოვოს. თქვენ ყველა მეზობელთან კარგი ურთიერთობა გაქვთ?.. მაგალითად, ჩემი კარის არც ერთი მეზობელი ჩემი ძმაკაცი არ არის. დისტანცია უნდა იყოს დაცული. მეზობელმა ბინა თუ წამართვა და ცხვირ-პირი გამიტეხა, დაბადების დღეზე რომ დამპატიჟოს, უნდა მივიდე?.. თუ რადგან მათზე პატარა ვართ ტერიტორიულად, ქედი უნდა მოვუდრიკოთ? მაშინ რად გვინდოდა დამოუკიდებლობა?.. ისრაელიც პატარაა, მაგრამ აბა, ვინმემ რამე გაუბედოს. მე ძალიან მიყვარს ებრაელი ერი, მაგრამ რატომ უნდა გვაჯობონ ვაჟკაცობაში? ქართველებს უამრავი ომი გვაქვს გადახდილი. სხვადასხვა პარტია იქაც არის, მაგრამ ჩვენსავით ერთმანეთს არ ჯიჯგნიან და მტერს არ ელაქუცებიან. რაც მთავარია, ამერიკასთან უახლოესი სტატეგიული ურთიერთობა აქვთ და მათი მოკავშირეა. ჩვენთვის კი ამერიკა მოკავშირე არასდროს ყოფილა, ის ჩვენი პარტნიორია. ამერიკა არ არის ვალდებული, საქართველოს გამო ომი დაიწყოს, ისრაელთან ურთიერთობა კი ამას ავალდებულებს. ამას მიღწევა უნდა... ამათ კი ასეთი საკითხებისთვის არ სცალიათ, ხან კოაბიტაციობენ და ხან ერთმანეთს ჭამენ. რა უბედურებაა ეს კოაბიტაცია. მართალი გითხრათ, ესენი შეძლებენ თუ არა თანაარსებობას, არც მაღელვებს. მთავარია, საქართველო თავისუფალი იყოს. მე არც "ნაცი" ვარ და არც "ქოცი". ისე კი, წინა ხელისუფლება იმაში ჯობნიდა არსებულს, რომ მათ რუსეთის მიმართ ერთი შეხედვით სწორი დამოკიდებულება ჰქონდათ. თუმცა, საბოლოოდ, სააკაშვილმა სტრატეგიული ობიექტები გადასცა და საბაჟოც გაუხსნა ცალმხრივად რუსეთს. და რაც მთავარია, საერთაშორისო ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელი მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთს აგრესორად არ აღიარებენ. ასე რომ, დიდი განმათავისუფლებლის სახელით ვერც მიხეილ სააკაშვილი დაიტრაბახებს.
- რა ცვლილებებს ხედავთ ოქტომბრის არჩევნების შემდეგ?
- პირველ რიგში, ვხედავ, რომ პატიმრებს არ აუპატიურებენ, რაც ძალიან კარგია. ვიცი, რომ პატიმრებზე ძალადობა შეწყდა და ახლა პირიქით, ისინი ძალადობენ ციხის თანამშრომლებზე, მაგრამ ეს არ არის კარგი. პატიმარმა თავისი ადგილი უნდა იცოდეს. ასევე, ვატყობ, რომ ტარიფი შემცირდა, დენი გაიაფდა, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მთავარი ქვეყნის დამოუკიდებლობაა, რაშიც მე ბიძინა ივანიშვილს არ ვენდობი.
- რა გაძლევთ უნდობლობის საფუძველს?
- ჯერ ერთი, დავიწყოთ იმით, რომ ის არის ვაჭრობიდან მოსული კაცი და ხომ გახსოვთ, რუსთაველი რას გვასწავლის? - თქვენ ვაჭარნი ჯაბანი ხართო... არ შეიძლება, ბიზნესიდან მოსულმა კაცმა წარმატებული პოლიტიკა აწარმოოს. მსოფლიოში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. ბიზნესის კეთებას სულ სხვა ნიჭი უნდა, რომელიც ამ კაცს აშკარად აქვს, სხვანაირად ამდენ ფულს ვერ მოაგროვებდა. იცით, რატომ არის ამერიკა ძლიერი სახელმწიფო? პირველ წლებში მისი პრეზიდენტობის უფლება იმ ადამიანებს არ ჰქონდათ, ვისაც მისი თავისუფლებისთვის არ უბრძოლია. ივანიშვილს კი არასდროს უბრძოლია საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. როდესაც ქვეყანას უჭირდა, რუსეთში იყო და ფულს აგროვებდა. ღმერთმა შეარგოს, ფულიანი კაცის არასდროს მშურდა, მაგრამ მისთვის ქართული მიწის ტკივილი ნაცნობი ვერასდროს იქნება. ის ვერასდროს აღიქვამს ერის სულიერ გოდებას და ყოველთვის ეცდება, ამას ქვეყნისთვის მატერიალური კეთილდღეობის შექმნით უპასუხოს. თუ ადამიანისთვის ეროვნული თავისუფლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არ არის, ის ახლად გათავისუფლებულ ქვეყანაში ლიდერი ვერ იქნება. კი ბატონო, ყველა ამბობს, რომ ადამიანურ ურთიერთობებში ძალიან უბრალოა, არ მოგატყუებს და არც შენგან აიტანს ტყუილს, მაგრამ ეს არ არის მთავარი. მას პენსიონერთა პრობლემა უფრო აღელვებს, ვიდრე საქართველოს დეოკუპაციის პრობლემა. ჩემი თავი ენაცვალოთ პენსიონერებს, მაგრამ ის პრობლემები, რაც ახლა პენსიონერებს აწუხებთ, არ არის ის სატკივარი, რაც მომავალ თაობას შეაწუხებს.
- ის ამბობს, რომ პოლიტიკურ საკითხებში თავისი კადრების იმედი აქვს...
- მაგარი კადრები ჰყავს, მოღალატეები არიან და მათგან ბევრი დასახვრეტია. მისი ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსი ქალბატონი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ აფხაზი არის ერი და აფხაზეთის პრობლემა მათი გადასაწყვეტიაო. აფხაზი ისეთივე ქართველია, როგორიც იმერელი, თუში, კახელი... სხვათა შორის, ერთადერთი კარგი საქმე, რაც მიხეილ სააკაშვილს გამოუვიდა, შეგნებულად კი არ გააკეთა, გამოუვიდა, ის არის, რომ მსოფლიო ქართულ-აფხაზურ კონფლიქტს კი არ ახსენებს, რუსეთ-საქართველოს პრობლემას უწოდებენ. მან დააგვიანა, მაგრამ მაინც კარგი იყო, რომ ამას მიაღწია.
სხვა კადრებზეც მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა - ირაკლი ალასანია კარგი კადრი ჩანს. ინტელიგენტი, წესიერი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს და ჯერჯერობით პრორუსულობის არაფერი ეტყობა, ჩემსავით გამოკვეთილი პოზიცია არ აქვს, მაგრამ ახალაიას ნამდვილად სჯობია. მანამდე რომ შაშკინი იყო, იმასაც სჯობია, თუმცა მას არაფერი დაუშავებია. ისე კი, შაშკინი ივანიშვილს კი არა, სააკაშვილს გაექცა ქვეყნიდან, რადგან არჩევნების შემდეგ ჯარის გამოყვანა უნდოდათ და მან უარი თქვა. სიხარულიძესაც სჯობდა და უფრო ადრე რომ გვყავდა, კეზერაშვილი, ის ხომ საერთოდ ანეკდოტი იყო... ირაკლი ოქრუაშვილსაც სჯობდა.
- რატომ, მას ყველა ბრალდება მოუხსნეს...
- დიახ, ბრალდება შეიძლება მოუხსნეს, მაგრამ კაცობა ხომ არსებობს?! გამოვიდა და მიხეილ სააკაშვილი ასე უღმერთოდ ჩაუშვა, მერე ისევ შეურიგდა, მერე ისევ დაასმინა, სააკაშვილი ჩეჩნებს ამზადებდაო... მასზე, როგორც კაცზე ლაპარაკი არც შეიძლება. მე თუ მკითხავთ, ის სამშობლოს ღალატისთვის უნდა გაასამართლონ. როდესაც საქართველო გათავისუფლდება, მერე შეიძლება გვქონდეს აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ის რომ აგრესორია, ამაში ერთიანი უნდა ვიყოთ და ვინც ამ სახელმწიფოსთან მეგობრობაზე ლაპარაკობს, ყველა დასაჭერია... სხვა ახალ კადრებზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას - ირაკლი ღარიბაშვილი პატიოსანი ადამიანი ჩანს, ძალიან მომწონს ეგ ბიჭი. თეა წულუკიანი კარგი იურისტია და კბილაშვილიც სამართლიანი კაცი ჩანს. მომწონს, რომ ძნელად იჭერენ ადამიანებს. მიხეილ სააკაშვილი ერთ კვირაში დაიჭერდა ყველას, რადგან დიქტატორია. არადა, თუ გვინდა, რომ საქართველო ოდესმე დემოკრატიული სახელმწიფო გახდეს, ადამიანებს ძნელად უნდა იჭერდნენ. კბილაშვილს ამის გამო ხშირად საყვედურობენ, მაგრამ არ არის ასე, როდესაც მტკიცებულებები არ არსებობს, ვერც უნდა დაიჭირონ ვინმე. ჩიკაგოში ცხოვრობდა ერთი, ბოდიში მომითხოვია და, გათახსირებული კაცი, ალ კაპონე, 700 კაცი ჰყავდა მოკლული და ბოლოს გადასახადების გადაუხდელობისთვის დააკავეს. ეს არის დემოკრატია, აბა, ვინც ხელისუფლებას თვალში ეზედმეტებოდა, ყველას რომ იჭერდნენ, იმიტომაც მოეხაზა იმ ხელისუფლებას, თუმცა ეს არ არის საკმარისი, სულაც არ მინდა დემოკრატიულები ვიყოთ და რუსეთს შევუძვრეთ. მირჩევნია, ნაკლებად დემოკრატიულები ვიყოთ და თავისუფლება გვქონდეს.
- ამბობენ, რომ პრემიერ-მინისტრი ძალიან გულწრფელია...
- დიახ, მაგრამ პოლიტიკოსმა ყველაფერი არ უნდა თქვას, რასაც ფიქრობს. უკვე მოუვიდა ზედმეტი რამდენჯერმე. რომელი მინისტრი ვის ცოლთან ერთობა, ამაზე საჯაროდ არ უნდა ილაპარაკო და ქართველი კაცები ცოლებს ღალატობენ თუ არა, ამაზე ლაპარაკიც არ შეიძლება. ამას გულწრფელობა კი არა, ჩაშვება ჰქვია. საწყალი ალასანია ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენა. მერე კი თქვა, ირაკლიზე არ მითქვამსო, მაგრამ ჯერ ლაპარაკობდა ირაკლი ალასანიაზე და მერე ღალატი ახსენა. თქვენ გგონიათ, ეს შემთხვევით მოუვიდა?.. თქვენ იცით, რომ მას მოსკოვში ანაკონდას ეძახდნენ? გულუბრყვილო და როგორც ახლა ამბობენ, ზედმეტად გულწრფელი რომ იყოს, ამდენ მილიონს ვერ იშოვიდა. ვერავინ დამაჯერებს, რომ მილიარდერმა კაცმა ის არ იცის, ჟურნალისტებთან შეხვედრისას რა ილაპარაკოს და რა არა?.. ივანიშვილი ზემოთ რომ არის, შვიდი იმდენია მიწისქვეშ.
- ისევ თქვენს აქციას დავუბრუნდეთ, რა მოხდება, თუ თქვენი მოთხოვნები არ შესრულდა?
- თუ ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებენ, გავრეკავთ და მაგათ ირაკლი წერეთლის გარეკვა ხუმრობა არ ეგონოთ...
http://www.ambebi.ge/politika/72586-irakli...akhvretiaq.htmlესეც მე ვარ?
ყველას ამოასხა უკვე
This post has been edited by SPLIYVI on 1 Mar 2013, 03:02