ეს არის ოთარ ჭილაძის გენიალური პოემა თავისი ფორმით და შინაარსით.
ამაზე წინ ქართული პოეზია მეოცე საუკუნეში ალბათ არ წასულა და ვერც წავიდოდა.
http://old.1tv.ge/ge/blog/view/122027.htmlოთარ ჭილაძე არის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის ქართულ ლიტერატურაში.
„ადამიანი გაზეთის სვეტში“ -ეს გახლავთ ოთარ ჭილაძის არაჩვეულებრივი ნაწარმოები- თეთრი ლექსი , რომელიც ადამიანს უამრავ საკითხზე აფიქრებს. თეთრი ლექსით , პოეტი თითქოს დემონსტრაციულად უარს აცხადებს იმ სიტყვათა რითმებზე , რომელიც ლექსს სილამაზეს სძენს და სურს თავისი სათქმელი ლექსში „ცხელი“ აზრებითვე გადმოგვცეს.
ლექსს წინ უძღვის ეპიგრაფი , რომელიც გვაუწყებს , რომ ამერიკელ ჯარისკაცთაგან ერთ-ერთი თავად ამერიკელმა ჯარისკაცებმა მოკლეს , ვინაიდან მან არ ისურვა პატრიოტი პანამელი ჯარისკაცების დასჯაში მონაწილეობის მიღება.
ლექსი იწყება იმით , რომ ამერიკელი ჯარისკაცი - კრუს ხიმენესი სისხლის გუბეში წევს. ორივე მხარე - პანამელებიც და ამერიკელებიც დაბნეულნი არიან , ვიანიდან დიდი ამბის მომსწრენი გახდნენ - სიკვდილის , რომელიც ბევრს ნიშნავს. სიცოცხლის ბოლო წამი , რომელიც ამავდროულად სიკვდილის პირველი წამიცაა მსჭვალავს ყველანაირ ფიქრს, თითქოს ყველაფერი წამიერ გაელვებას ჰგავს. მაგრამ ეს წამი თითოეული ჩვენგანისათვის , იმ ჯარისკაცებისთვის , დემონსტრანტებისათვის... შესაძლოა მთელს ცხოვრებად და მთელს საუკუნედ იქცეს , იმიტომ რომ იგი უსათუოდ გადაიქცევა ცხოვრებაზე დაფიქრებად და უმთავრეს კითხვებზე პასუხის ძებნას დაგვაწყებინებს : „ვინა ვართ ჩვენ, ადამიანები ?“ „რა გვსურს?“ „რისთვის მოვევლინეთ ქვეყანას?“ „რა აზრი ან გამართლება აქვს ჩვენს ცხოვრებას ?“ ეს ის კითხვებია , რომელსაც დროდადრო ნებისმიერი ადამიანი უსვამს საკუთარ თავს. ადამიანი სუსტია, რადგან არ იცის „როგორ იმართლოს , ან ვის წინაშე იმართლოს თავი“ .
მიწაზე მწოლიარე ამერიკელი ჯარისკაცი ფიქრობს სიკვდილზე, ფიქრობს იმაზე , თუ რა რთულია იგი და ხედავს, თანდათან როგორ უერთდებიან ჯარისკაცები მკაცრ პეიზაჟს. აღნიშნული მომენტი საკუთრივ გამოხატავს , თუ როგორ უერთდებიან ადამიანები მოვლენებს, ფაქტებს და ბუნებასაც კი.
ადამიანი აკეთებს არჩევანს : მონობასა და ადამიანობას შორის. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ადამიანები და შეგვიძლია დავრჩეთ მონებად , როდესაც ამას ვიღაც გვაიძულებს. მაგრამ ვინ არის ადამიანი? რისთვის ცოცხლობს? ან რისთვის კვდება იგი? ვაჟა- ფშაველა წერს : „არ იცით დასჩნდით რისადა
ან რისათვისა ჰკვდებითა!“
იგი მიმართავს სწორედ იმ ადამიანებს , რომელთაც არ გააჩნდათ საკუთარი ცხოვრების მიზანი , მრწამსი...
რისთვის დასაჯეს ამერიკელი ჯარისკაცი? იმისთვის , რომ მან შეიგრძნო, ისინი ვის დასასჯელადაც მოვიდნენ , მართლები იყვნენ და გადაწყვიტა, სიმართლის მხარეს დამდგარიყო. „ბედნიერია ყოველი თვალი , თუკი სიმართლეს უყურებს იგი“ . ეს არის ის , რისთვისაც ღირს ცხოვრებაცა და სიკვდილიც.
კრუსის სხეული ხიდივითაა გადადებული დასასჯელებს და დამსჯელებს შორის. ვინ არიან დასასჯელები ან ვინ არიან დამსჯელნი? ვინ გადაწყვიტა , რომ ერთი მხარეა დასასჯელი და მეორენი დამსჯელნი უნდა იყვნენ? ვინ წონის ამ ყველაფერს?! ან ვინ წონის საერთოდ სიმართლეს?!
სიმართლე და თავისუფლება ეს არის ის , რისთვისაც ღირს თავგანწირვა და ეს არის ის, რისთვისაც თავს სწირავს ხიმენესიც. მან იცის საკუთარი ჭერის, სახლისა და პურის, ფასიცა და გემოც, ხოლო ადმიანმა , რომელმაც იცის ეს ყველაფერი , იცის, რა არის სიმართლე, იცის , რა არის თავისუფლება - „ყველა ნაყოფზე ტკბილი ნაყოფი“.
ჩვენთვის, ქართველებისთვის ძალიან ძვირფასია სიტყვა - თავისუფლება , საუკუნეების განმავლობაში ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და ბუნებრივია , რომ არასდროს, ქართველს არ უარყვია ეს სიტყვა .აღნიშნული ნაწარმოები კი არის განსახიერება იმისა, რომ ადამიანმა შეიძლება თავისი სიცოცხლე გაიღოს იმისთვის ,რომ დაიცვას საკუთარი ღირსებაც და დაიცვას სხვაც.
სულ ბოლოს კი ყველა კითხვა გადადის მაღალ რეგისტრში . დასასრულს, თითქოს სიტყვები - სიმართლე და თავისუფლება ცოტახნით განზე იწევს და წინა პლანზე გადმოდის შერკინება სიკეთისა ბოროტებასთან.
თუკი მართლა სიკეთით შეიქმნა ეს ქვეყანა , თუ ადამიანები სიკეთის მსახურები ვართ , მაშინ რატომ იღვრება ამდენი სისხლი? საიდან ჩნდება ამდენი ბოროტება? „და რატომ კვდება ადამიანი , თუ დამტკიცება უნდა სიმართლის?“ აი კიდევ ერთი კითხვა და ამასთან პასუხიც. როგორც ჩანს, ცხოვრება არც ისე ჰარმონიულადაა მოწყობილი და გააზრებული ადამიანთაგან , რომ სიმართლისთვის მებრძოლ კაცს , ეს სიმართლეც, თავისუფლებაც და ღირსებაც შერჩეს. ძალიან ხშირად ასეთი ადამიანები მარცხდებიან და ზოგჯერ , იღუპებიან კიდეც.
„ადამიანი უფრო მეტია, ვიდრე ჰგონია, მაგრამ აქამდე ვერ უპოვია საბრალოს თავი..“ ეს საკითხი სრულიად ყველას ეხება - მეც , თქვენც , მასაც , ჩვენ- ყველას. „შენ ხარ ღვთის ხატება და მსგავსება“ - ამას გვეუბნება ოთარ ჭილაძე , „შენ სიკეთის მსახურად ხარ დაბადებული, მაგრამ ეს ცხოვრება ისეა მოწყობილი , რომ შესაძლოა, შენ ბოროტების მსახური იყო უფრო მეტად ; შენი არჩევანი როგორია? მზად ხარ შენ სხვისი ღირსებაც დაიცვა და ამ ყველაფერს ანაცვალო ყველაზე ძვირფასი , რაც გაქვს - შენი სიცოცხლე.“
მაცხოვარმა, ჩვენ , ადამიანებს დაგვიბარა : „გიყვარდეს მოყვასი შენიო“ , არ იყოს სულ ერთი იგი შენთვის, ეცადე გამოხატო მისდამი სიყვარულიო , იმიტომ რომ ჯვარი , რომელიც შედგება ორი ღერძისგან , გამოხატავს როგორც ღვთის , ისე მოყვასის სიყვარულს.
და მაინც, ჯარისკაცს სჯერა , რომ მისი ეს გარჯა, თავგანწირვა აუცილებლად ნაყოფს გამოიღებს. კაცის განწმენდით იწყება ქვეყნის განწმენდა და წვიმა , როგორც დიდი ტაძარი ხდება თავშესაფარიცა და საფარველიც ამ განწმენდისა. „ყველაზე მეტად კი მაშინ ზრუნავ საკუთარ თავზე , როცა სხვისთვის ირჯები...“