"ჩვენთან, საქართველოში, სოფელი უკან მიჰყვება ქალაქს, ისე ვერ ვითარდება, რომ თქვა, თანამედროვე სოფელიაო. მთელ დედამიწაზე, მაგალითად, თბილისი უფრო ჰგავს სხვა ქალაქებს, ვიდრე ჩვენი სოფელი - სხვა სოფლებს. არა მარტო ცხოვრების პირობებით, არამედ - მეურნეობის მოწყობითაც კი ჩვენში ქალაქსა და სოფელს შორის არც არის დიდი სხვაობა. ახალი მოწყობა სჭირდება ჩვენს სოფლის მეურნეობას. გზები უნდა გამოინახოს, რომ სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა ზედმეტად არ იწვალოს. მაგალითად, ჩემს სოფელში დღეს თითო-ოროლა ბავშვი თუ დარბის. აღარავის გვინდა, ჩვენი ოჯახის ახალგაზრდა სოფელს შემორჩეს. მისთვის მოღუშულ და მოწყენილ ცხოვრებას ხომ ვერ ვისურვებთ? ახალგაზრდას განვითარება სჭირდება. ჩვენი სოფლების მეურნეობაც ისეთია, ვერ უწყობს თანამედროვეობას ფეხს. ამიტომაც ვერ ჩერდებიან იქ ახალგაზრდები და თუ ჩერდებიან - სვამენ. არც არავინაა დამშლელი. გული მტკივა, რომ ვუყურებ, ნაშოვნი ერთი-ორი თეთრით სმას და უსაქმურობას როგორ ამჯობინებენ, არადა, რამდენი საქმეა იქვე, მათ გვერდით.
ხალხი საზღვარგარეთ გადაიხვეწა. ჩვენიდან ქალების ყველაზე დიდი პროცენტია წასული საბერძნეთში, იტალიაში, თურქეთში, ისრაელში. ქალები მუშაობენ და საქართველოში ოჯახებს არჩენენ, კაცები კი იფერებენ და შრომის ნაცვლად, სასმელს ეტანებიან. ფაქტობრივად, მაინც ეკლესია დგამს ყველაზე მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რომ ხალხი გაჯანმრთელდეს და გამრავლდეს. რა არის, იცი? ეკლესია თავის მრწამს ეფუძნება, ჰოდა, საერო ცხოვრებაში ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლები ძალიან ბევრს უნდა ინდომებდნენ, რაიონებსა და სოფლებში ჩამკვდარი ენთუზიაზმი რომ გააღვიძონ.
ძალიან კარგია, "მთის კანონი" რომ გვაქვს, რაღაც-რაღაცებიც კეთდება სოფლების განვითარებისთვის, მაგრამ... რა მგონია, იცი? ხალხს საქმე გააერთიანებს, შეკრავს. ჩვენი წინაპრებიც ხშირად კონკრეტული მიზეზის გამო ერთპირად შეიკვრებოდნენ, კომუნის მსგავს რაღაცებს ქმნიდნენ და ერთ საქმეს აკეთებდნენ. ახლა რაც გინდა დაუწერე, არაფერი გამოვა, თუკი ხალხმა თვითონ არ აირჩია გზა. მხოლოდ ფული რომ ურიგო, იმათ ვერ მოაჭარბებ და ვერც გულს მოუგებ, საქმესაც არ გააკეთებენ და ვერც შედეგს მიიღებ..."
ბესიკ ხარანაული
http://gza.kvirispalitra.ge/qveyana/7385-q...-ughalatoq.html This post has been edited by LenaFlower on 2 Nov 2019, 22:51