ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ბარამიძემ პოლიციის მიერ პარლამენტის შესასვლელების რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტვასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციას ჰქონდა მიზანი, მოსახლეობისთვის ბიძინა ივანიშვილის რეალური სახე ეჩვენებინა, თუმცა მისივე თქმით, ეს ივანიშვილმა დღეს თავად გააკეთა.
"მე მინდა, მივულოცო ბატონ ბიძინას და "ქართულ ოცნებას" აი, ეს საოცრება. აი, ამ გზას თუ დაადგა ივანიშვილი ღიად, ძალიან ცუდად... ეს რა არის? ბერლინის კედელი საქართველოს დედაქალაქში? და ჰგონია, რომ ამით შეძლებს პოლიტიკური მიზნების მიღწევას? ჩვენი მიზანი იყო, ბიძინა ივანიშვილისთვის მისი სამარცხვინო სახიდან ნიღბის ჩამოხსნა და ასე კარგად თუ მოახერხებდა ამას თვითონ, არ მეგონა. პარლამენტის ბლოკირება თვითონ მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა. ესენი არიან ხრუშოვის დონის ადამიანები, რომლებმაც ერთ ღამეში ააშენეს ბერლინში კედელი და ახლა თბილისში აგვიშენეს. იფიქრეს, იფიქრეს და ასეთი იდიოტობა მოიფიქრეს, ამას პუტინიც კი არ აკეთებს რუსეთში", - განაცხადა ბარამიძემ.
* * *
მე-13 რაიონი აქვთ გაკეთებული. მთავრობა თვითონ იკეტავს თავს საკუთარი მოსახლეობისგან. ამაზე სასაცილო რა შეიძლება იყოს? - ამის შესახებ „გირჩის" ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ პარლამენტთან განაცხადა, რითაც პოლიციის მიერ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების რკინის კონსტრუქციით ჩაკეტვას გამოეხმაურა.
ჯაფარიძის თქმით, პარლამენტმა მუშაობა საერთოდ ვერ უნდა შეძლოს.
„მე-13 რაიონი აქვთ გაკეთებული. შემოღობეს რკინის ჯებირებით, რას ფიქრობენ და ასე როგორ აპირებენ მუშაობის გაგრძელებას, არ ვიცი. კარგია, ეს სურათი არის მინიმუმი, რაც უნდა იდოს სულ.
კარგი შედეგი იქნება, საერთოდ თუ არ შევუშვებთ შიგნით, მაგრამ მაგას სჭირდება ბევრად მეტი ხალხი.
მთავრობა თვითონ იკეტავს საკუთარ თავს, ხან ჯებირებით, ხან ავტობუსებით, ამაზე სასაცილო რა შეიძლება იყოს. გამოდის ის კაცი და ლაპარაკობს, ვითომ ნორმალური მდგომარეობაა, ყველაფერი კარგადაა და ორ კვირაში მიუნხენში გაგიშვებთ სამუშაოდო, გასულია ეს ხალხი, უფრო სწორად ის კაცია გასული და ესენი აყვნენ, საგიჟეთში ვცხოვრობთ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
* * *
ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტისკენ გადაადგილებას ვერ ახერხებენ. მათ ხელს რკინის კონსტრუქციები უშლის, რომლებიც ადგილზე პოლიციას აქვს განთავსებული.
ცოტა ხნის წინ, აქციის მონაწილეებმა აღნიშნულის საპროტესტოდ რკინის კონსტრუქციებზე ხელების ბრახუნი დაიწყეს