ნაციზმზე გამარჯვების დღედ 9 მაისის ნაცვლად 8 მაისის გამოცხადებას ითხოვენ
08/05/2011 00:27
კოალიცია „ევროპული საქართველოსათვის“ ნაციზმზე გამარჯვების დღედ 8 მაისის, ხოლო 9 მაისის ევროპის დღედ აღნიშვნის ინიციატივით გამოდის. კოალიციის ეს იდეა ჯერ კიდევ გასული წლის დეკემბერში გახდა ცნობილი.
„ევროპული საქართველოსთვის“ წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „9 მაისის "დიდ სამამულო ომში გამარჯვების" ზეიმი - წითელ მოედანზე პარადით - მეორე მსოფლიო ომის გარშემო შექმნილი სტალინისტური მითოლოგიის ცენტრალური ნაწილია და ამავე მითოლოგიას აქტიურად იყენებს პუტინის რუსეთი.
კოალიციის წარმომადგენლები 9 მაისის თარიღთან დაკავშირებით მოკლე ისტორიულ ექსკურსსაც ავრცელებენ, რომლის თანახმადაც:
„1939 წლის 23 აგვისტოს მსოფლიოს ორმა ყველაზე დანაშაულებრივმა, ტოტალიტარულმა რეჟიმმა – საბჭოთა კავშირმა და ნაცისტურმა გერმანიამ – რიბენტროპ–მოლოტოვის პაქტით გავლენის სფეროებად დაინაწილა ევროპა, რითაც სათავე დაუდო ყველაზე სისხლისმღვრელ ომს კაცობრიობის ისტორიაში.
საბჭოთა კავშირის მიერ პოლიტიკურ, რელიგიურ და ეთნიკურ ნიადაგზე ათეულმილიონობით ადამიანის მკვლელობის და სხვა დანაშაულთა მასშტაბი და სისასტიკე არაფრით ჩამოუვარდება ნაცისტური გერმანიის მიერ ჩადენილი დანაშაულებისას, პირიქით აღემატება კიდეც მას. ნაცისტურმა რეჟიმმა 12 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ხოლო საბჭოთა კავშირმა – სხვადასხვა მონაცემებით 60-დან 100 მილიონამდე.
1921 წელს საქართველოში საბჭოთა კავშირის საოკუპაციო რეჟიმის დამყარების შემდეგ, რეჟიმმა ათეულ ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსვერპლა, ხოლო ასობით ათასობით ადამიანი საკონცენტრაციო ბანაკებსა და სხვა ქვეყნებში იქნა დეპორტირებული. „წითელმა ტერორმა“ ფაქტიურად ერის რჩეული ნაწილი გაანადგურა. რეჟიმმა შეიწირა არაერთი შესანიშნავი შემოქმედი და ერის საუკეთსო შვილი.
მიუხედავად იმისა, რომ 1939 წლისთვის საქართველო უკვე 18 წლის განმავლობაში იყო ოკუპირებული, ევროპის გავლენის სფეროებად დანაწილებამ და მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა კავშირის გამარჯვებამ გაახანგრძლივა მისი საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ყოფნა. საბჭოთა კავშირის გამარჯვება დამღუპველი იყო ბევრი სხვა ქვეყნისთვისაც, რომელთა ოკუპაციაც განახორციელა საბჭოთა რეჟიმმა.
საბჭოთა კავშირსა და გერმანაის შორის ომის დაწყების შემდეგ ქართველები ფრონტის ორივე ხაზზე აღმოჩნდნენ. 35 000 ქართველი იბრძოდა ნაცისტური გერმანიის მხარეზე, თუმცა მათი მიზანი საბჭოთა კავშირის დამარცხება და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. ისინი სამხედრო ფიცს არა ჰიტლერს, არამედ დამოუკიდებელ საქართველოს აძლევდნენ, ქართული დროში ქვეშ იბრძოდნენ და ქართულ სამხედრო ნიშნებს ატარებდნენ უნიფორმებზე. გასხვავებით საბჭოთა კავშირის მხარეს მებრძოლი ქართველებისგან, რომლებიც საბჭოთა პროპაგანდის მსხვერპლიც იყვნენ და სხვა არჩევანიც არ ქონდათ, ისინი საკუთარი ნება–სურვილით იბრძოდნენ და იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.
საბჭოთა კავშირისა და გერმანიის ომი რუსეთის ისტორიაში „სამამულო ომის“ სახელითაა ცნობილი. ოკუპირებული საქართველო ამ ომში ჩათრეული აღმოჩნდა, თუმცა ის საქართველოსთვის არასდროს ყოფილა სამამულო. 700 000 ათასი საქართველოს მოქალაქე იქნა ომში გაწვეული, მათგან 300 000 ომმა იმსხვერპლა. უამრავი ადამიანი დასახიჩრდა, ხოლო ბევრი ომში მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა. ისეთი პატარა და მცირერიცხოვანი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს განუზომლად დიდი დანაკარგი იყო და მისი შედეგების დაძლევა უაღრესად ძნელი აღმოჩნდა ქართველი ერისთვის.“
კოალიციის წევრებს მიაჩნიათ, რომ ეს არ იყო საქართველოს ომი და საქართველო არც გამარჯვებული გამოსულა ამ ომიდან, პირიქით, ამ ომმა უაღრესად დიდი ადამიანური მსხვერპლი და ეკონომიკური ზარალი მოუტანა ქვეყანას და გაახანგრძლივა მისი ოკუპაცია საბჭოთა კავშირის მიერ.
„ამიტომ საქართველოში უნდა გაუქმდეს „9 მაისი – ფაშიზმე გამარჯვების დღე“ როგორც ოფიციალური დღესასწაული. ნაცვლად ამისა, 8 მაისი უნდა აღინიშნოს როგორც მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთა დღე.“
თარიღების შეცვლის იდეის ავტორები, 8 მაისს, 11:00 საათზე ვაკის პარკში შეიკრიბებიან და უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავენ.
წყარო:
http://www.tribuna.ge/index.php?option=com...d=2671&Itemid=1 This post has been edited by madlen_nuka on 8 May 2011, 00:43