წყარო კომპანიის ფეისბუქი:
https://www.facebook.com/zoomart.ge"ზოომარტის" საგანგებო განცხადება: რეკეტი სახელმწიფოს სახელით!
მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს დაუყონებლივ დაიწყონ მოკვლევა ქვემოაღნიშნულ ფაქტებზე. მედიას და არასამთავრობო ორგანიზაციებს კი ვთხოვთ გაშუქებას და ჩართულობას.
ჩვენთვის ჯერჯერობით დაუდგენელი საჯარო მოხელე ან თუნდაც მთლიანი უწყება ცდილობს კომპანია "ზოომარტის" პარალიზებას და მისი წლობით ნაშენები საქმიანი რეპუტაციის შელახვას!
ეს ყველაფერი დაიწყო 2019 წლის ნოემბრის თვეში როდესაც ჩვენს მიერ იმპორტირებული 23 ათასი ევროს ღირებულების ტვირთი გააჩერეს საბაჟოზე “ხარისხის ლაბორატორიაში“ გმო-ს ტესტის ჩასატარებლად. ანალიზებმა საკმაოდ ავტორიტეტულ, მსხვილი მულტინაციონალური ბრენდის პროდუქციაზე აჩვენა "დადებითი" შედეგი და ჩვენ ადმინისტრაციული წესით დავჯარიმდით 5 ათასი ლარით. ასევე საკმაოდ შეირყა ჩვენი რეპუტაცია, რადგან პროდუქციაზე მოგვიწია GMO აღმნიშვნელი სტიკერების დაკვრა.
დაჯარიმების შემდეგ აღნიშნულ პროდუქციაზე, ზუსტად იმავე შეფუთვიდან ავიღეთ ნიმუშები და „ხარისხის ლაბორატორიაში“ დავუკვეთეთ ტესტი. ტესტმა აჩვენა რადიკალურად საპირისპირო შედეგი, პროდუქციას არ აღმოაჩნდა გენმოდიფიცირებული ელემენტები. ანალოგიური შედეგები დაფიქსირდა საზღვარგარეთ ჩატარებულ კვლევებშიც.
ნოემბრიდან მოყოლებული რეგულარულად ხდება ჩვენი იმპორტის შეყოვნება, ე.წ “წითელში" მოხვედრა კომპანიის პარალიზების მიზნით. რამდენიმე დღის წინ, მორიგი იმპორტის დროს საბაჟოზე კვლავ გააჩერეს ჩვენი ტვირთი ლაბორატორიული კვლევებისათვის. ამჯერადაც „ხარისხის ლაბორატორიაში“ ჩატარებულმა ფიქტიურმა კვლევამ (თუ რატომ ფიქტიურმა, ამაზე ქვემოთ) გმო-ზე აჩვენა დადებით შედეგი და ადმინისტრაციული წესით დავჯარიმდით 10 ათასი ლარით. ე.წ “კვლევის“ თანახმად სოიოში გენმოდიფიცირებული ელემენტების შემცვლელობა ცდება განსაზღვრულ ნორმას. ამ "ანალიზში" არის დაშვებული ფატალური შეცდომა, რადგან პროდუქციაში საერთოდ არ გამოიყენება სოიო. მეტიც, მომწოდებელი სოიოს უკვე 20 წელია რაც აღარ იყენებს წარმოებაში!
კომპანია "ზოომარტი" საქართველოში ექსკლუზიურად წარმოადგენს 15-მდე საერთაშორისო ბრენდს, ოპერირებს 11 ფილიალით, ყოველთვიურად ემსახურება 20,000-ზე მეტ მომხმარებელს და დასაქმებული ყავს 100-მდე თანამშრომელი. არ ვაპირებთ რომელიმე კორუმპირებული ჩინოვნიკის ინტერესებს შევწიროთ წლობით ნაშენები ბიზნესი და რეპუტაცია.
მომდევნო კვირაში ჩვენი იურისტები მოამზადებენ ყველა საჭირო დოკუმენტაციას, რომელიც გასაჯაროვდება და გამოიკვეთება მრავალი უხეში დარღვევის ფაქტი. თუ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არ იქნება მიღებული შესაბამისი ზომები, მივმართავთ სასამართლოს.
პატივისცემით,
"ზოომარტი"
This post has been edited by მ.დ.უ on 17 Jan 2020, 22:39