alikantura
Super Crazy Member
     
ჯგუფი: Members
წერილები: 6831
წევრი No.: 109238
რეგისტრ.: 14-January 10
|
#62720985 · 12 Sep 2026, 15:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შესავალი
დიდი ხნის წინ ამ ფორუმზე, ამავე განყოფილების სიზმრების თემაში, სიზმრების ინტერპრეტაციებით ვიყავი დაკავებული. ეს საქმიანობა ძალიან მომწონდა, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ამ პროცესში ადამიანების რეალურ ემოციებთან, განცდებთან და გამოცდილებებთან გიწევს შეხება. ახლა აქ ფაქტობრივად აღარ შემოვდივარ და სიზმრების ახსნითაც პრაქტიკულად აღარ ვარ დაკავებული.
რამდენიმე დღის წინ ძველი პოსტები გადავიკითხე და გამიჩნდა სურვილი, აქვე დამეტოვებინა ის მიდგომა, რომელიც ამ პროცესში ნელ-ნელა ჩამომიყალიბდა. მით უმეტეს, რომ ეს ყველაფერი სწორედ ამ ფორუმზე დაიწყო და, ალბათ, აქვეა მისი ადგილი.
მე არ ვარ ფსიქოლოგი და ვფიქრობ, ფსიქოლოგიაში საკმაოდ მწირი ცოდნა მაქვს. ამ თემისადმი ინტერესმა, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, საბოლოოდ ვერ დამაახლოვა ამ პროფესიასთან. შესაბამისად, მიდგომას, რომელსაც სიზმრების ინტერპრეტაციისას ვიყენებდი, მეცნიერულ მეთოდს ვერ ვუწოდებ. ის უფრო პრაქტიკული მიდგომაა, რომელიც ძალიან ბევრი სიზმრის განხილვისა და მათი ავტორებისგან მიღებული უკუკავშირის შედეგად ჩამომიყალიბდა.
ამის მიუხედავად, გამოცდილების დონეზე ვფიქრობ, რომ სიზმრის ფენომენზე გარკვეული, ზოგჯერ თამამი შეხედულებების გამოთქმა შემიძლია. მათი მეცნიერულად დასაბუთება ან არსებული თეორიებისთვის დაპირისპირება ნამდვილად არ შემიძლია და არც არის ამ თემის მიზანი. ვფიქრობ, ქვემოთ ჩამოყალიბებული თეზისების საფუძველი ამავე ფორუმზე განხილული რეალური შემთხვევებია (სიზმრების თემებში), სადაც სიზმრის ავტორებისგან მიღებული უკუკავშირი ხშირად მაძლევდა საფუძველს მეფიქრა, რომ ინტერპრეტაციისას გამოყენებული გარკვეული პრინციპები მუშაობდა. რამდენად დამაჯერებელია ეს მასალა და რა ღირებულება აქვს მას - ეს უკვე თქვენთვის მომინდია.
ზოგადად სიზმრებზე
ჩემი სამუშაო ჰიპოთეზა ასეთია - ყოველთვის რა მიზეზით ვხედავთ სიზმრებს, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, ზოგი სიზმარი შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ „მესიჯს“. პრაქტიკაში მინახავს სიზმრები, რომლებშიც ასეთი მესიჯი საკმაოდ მკაფიოდ იკითხებოდა.
ამაში არაფერ მისტიკურს არ ვგულისხმობ. ადამიანს შეიძლება უკვე ჰქონდეს მეხსიერებაში კონკრეტული ფაქტები, გამოცდილებები, ემოციები და დამოკიდებულებები, მაგრამ ისინი ერთმანეთთან გაცნობიერებულად არ ჰქონდეს დაკავშირებული. სიზმარი კი ზოგჯერ ამ ყველაფერს ისეთი სიუჟეტით აწყობს, რომ შესაძლებელი ხდება გარკვეული პრობლემის, შინაგანი წინააღმდეგობის ან კონფლიქტის სხვა კუთხით დანახვა.
პირობითად, ამ „მესიჯს“ მე აღვწერდი როგორც არაცნობიერად არსებული ინფორმაციის ან გარკვეული აზრობრივი სტრუქტურის ცნობიერ დონეზე გამოტანის შესაძლებლობას. აქ მთავარი შეიძლება იყოს არა ახალი ინფორმაციის მიღება, არამედ უკვე არსებული ინფორმაციის ახლებურად დაკავშირება და გააზრება.
ჩემი დაკვირვებით, ასეთი მესიჯის ფუნქცია ხშირად უკავშირდება იმ საკითხის გააზრებას, რომელიც ადამიანს შინაგან დისკომფორტს, წინააღმდეგობას ან შფოთვას უქმნის. მისი გაცნობიერება კი შეიძლება დაეხმაროს ადამიანს ამ მდგომარეობასთან ან კონკრეტულ გამოწვევასთან უფრო კომფორტულად და ჰარმონიულად გამკლავებაში და ზოგჯერ საკუთარი დამოკიდებულების, შეფასების ან ქცევის ცვლილების წინაპირობაც გახდეს.
ეს ფენომენი განსაკუთრებით შესამჩნევია განმეორებად სიზმრებში ან ისეთი უცნაური და გამორჩეული სიუჟეტის შემთხვევაში, რომელიც ადამიანს უნებურად ამახსოვრდება და ყურადღებას იქცევს. ჩემი გამოცდილებით, სწორედ ასეთი სიზმრები უფრო ადვილად ექვემდებარება ინტერპრეტაციას.
თუმცა აქ ერთი პრაქტიკული გარემოებაც უნდა გავითვალისწინოთ: განმეორებადი, უცნაური ან ემოციურად გამორჩეული სიზმარი ადამიანს, როგორც წესი, უკეთ ახსოვს. შესაბამისად, მას შეუძლია სიუჟეტის უფრო სრულად გადმოცემა. ჩვეულებრივი სიზმრების შემთხვევაში კი ხშირად გვრჩება მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები - პერსონაჟი, ნივთი, მოქმედება ან ემოცია - მაშინ, როდესაც სიზმრის საერთო სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი დაკარგულია. ასეთ შემთხვევაში ინტერპრეტაციის შესაძლებლობაც და მისი ღირებულებაც მნიშვნელოვნად მცირდება.
ყველაზე საინტერესო ჩემთვის ყოველთვის ის შემთხვევა იყო, როდესაც ადამიანი ამბობდა დაახლოებით ამას: „ეს ფაქტები ვიცოდი, მაგრამ ასე ერთმანეთთან არასოდეს დამიკავშირებია.“
სწორედ აქ შეიძლება ჰქონდეს სიზმრის გააზრებას რეალური ღირებულება - არა იმიტომ, რომ სიზმარმა ადამიანს რაღაც ზებუნებრივი ან მისთვის მანამდე სრულიად უცნობი ინფორმაცია მიაწოდა, არამედ იმიტომ, რომ უკვე არსებული ინფორმაცია სხვაგვარად დაალაგა და მისცა შესაძლებლობა დაენახა ის კავშირი, რომელსაც მანამდე ვერ ამჩნევდა.
ახსნის ლოგიკა
ჩემი მიდგომით, სიზმრის ახსნა არ იწყება ცალკეული სიმბოლოების მნიშვნელობის მოძებნით. პირველ რიგში საჭიროა სიზმარი აღვიქვათ როგორც ერთი მთლიანი სიუჟეტი, რომელსაც თავისი პერსონაჟები, გარემო, მოქმედებები, ცვლილებები და შიდა კონფლიქტი აქვს.
სიზმრის განხილვისას ძირითადად რამდენიმე ელემენტს ვაკვირდები.
პერსონაჟები - ვინ მონაწილეობს სიზმარში, რა კავშირი აქვს ავტორს მათთან, რას აკეთებენ ისინი და რა ფუნქცია აქვთ სიუჟეტში. მნიშვნელოვანია, რომ სიზმარში კონკრეტული ადამიანი ყოველთვის პირდაპირ საკუთარ თავს არ გამოხატავს. ზოგჯერ ის შეიძლება გარკვეულ თვისებას, ურთიერთობის ტიპს, ავტორიტეტს, დამოკიდებულებას ან თავად სიზმრის ავტორის რომელიმე შინაგან პოზიციას წარმოადგენდეს. ამიტომ პერსონაჟის მნიშვნელობა მხოლოდ მისი ვინაობით არ უნდა განვსაზღვროთ.
გარემო და სიმბოლოები - ადგილი, ნივთები, ცხოველები, ფერები და სხვა ელემენტები. აქ ჩემთვის მთავარი კითხვა არ არის მხოლოდ „რას ნიშნავს ეს სიმბოლო?“, არამედ - რას აკეთებს ის კონკრეტულ სიზმარში და რა ფუნქცია აქვს სიუჟეტში? ერთი და იგივე სიმბოლოს სხვადასხვა სიზმარში განსხვავებული დატვირთვა შეიძლება ჰქონდეს.
თუმცა სიმბოლოთა ენა გარკვეულწილად უნივერსალურიცაა, რადგან საგნები და მოვლენები ადამიანების გამოცდილებაში უმეტესად მსგავსი თვისებებითა და ფუნქციებით გვხვდება - სახლი პირადი სივრცე, გზა სადღაც მიგვიყვანს, ტალახი სვრის და ა.შ. ამიტომ ინტერპრეტაციისას გასათვალისწინებელია როგორც სიმბოლოს ზოგადი მნიშვნელობა, ისე მისი ფუნქცია კონკრეტულ სიზმარში და ავტორის პირადი დამოკიდებულება მის მიმართ.
ზოგი სიმბოლო მნიშვნელობას თითქმის თვითონ კონტექსტიდან გვაძლევს. მაგალითად, სახლში ისეთი ნივთის ან ნივთიერების არსებობა, რომელიც იქ ბუნებრივად არ უნდა იყოს და გარემოს აბინძურებს ან არღვევს, უკვე გარკვეულ ფუნქციურ დატვირთვას ქმნის. ასეთ შემთხვევაში აუცილებელი არ არის უნივერსალური „სიმბოლოთა ლექსიკონის“ მოძებნა.
სიზმრის დინამიკა და სიუჟეტი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. რას აკეთებს ადამიანი დასაწყისში? რა იცვლება? ვის ან რას უახლოვდება? რას უშვებს საკუთარ სივრცეში? რას კარგავს? რას გაურბის? სად ჩერდება? ვინ ან რა უშლის ხელს? რა მეორდება? როგორ იცვლება ერთი და იგივე ობიექტის ან პერსონაჟის ფუნქცია სიზმრის განმავლობაში?
ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია სწორედ ცვლილებაშია და არა თავად სიმბოლოში. შეიძლება უფრო საინტერესო იყოს არა ის, რომ სიზმარში კონკრეტული ცხოველი გამოჩნდა, არამედ ის, რომ ერთი რამ მეორედ გადაიქცა; არა ის, რომ ადამიანი სახლში შევიდა, არამედ ის, რომ შესვლის შემდეგ იქიდან თავის დაღწევა გაუჭირდა.
ამის შემდეგ ვცდილობ გამოვყო სიზმრის ძირითადი დილემა ან კონფლიქტი. ანუ რა არის ის მთავარი დაძაბულობა, რომლის გარშემოც მთელი სიუჟეტი მოძრაობს. ხშირად დანარჩენი დეტალები სწორედ ამ დილემის სხვადასხვა მხარეს აღწერს.
განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევ ასევე გამორჩეულ მარკერებს - კონკრეტულ რიცხვებს, სახელებს, ფერებს, სართულებს, ნივთებს, სიტყვებს ან სხვა ისეთ დეტალებს, რომლებიც ზედმეტად ზუსტად ან უჩვეულოდ არის დამახსოვრებული. ასეთი დეტალი ზოგჯერ ინტერპრეტაციას კონკრეტულ ცხოვრებისეულ კონტექსტთან აკავშირებს. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რომ მათ წინასწარ უნივერსალური მნიშვნელობა არ მივანიჭოთ. პირველ რიგში უნდა გავიგოთ, რას უკავშირებს ამ მარკერს თავად სიზმრის ავტორი.
შემდეგ იწყება მეორე ეტაპი - ინფორმაციის დაზუსტება.
სიზმარი ხშირად არასრული სახით გვახსოვს, ამიტომ საჭიროა ისეთი კითხვების დასმა, რომლებიც სიუჟეტში არსებულ გაურკვევლობებს ავსებს. მნიშვნელოვანია, რომ კითხვები არ იყოს მიმანიშნებელი. მაგალითად, კითხვას - „როცა მარტო დარჩი, მიტოვებულად იგრძენი თავი?“ - შეუძლია პასუხი წინასწარ უკარნახოს. უფრო სწორი კითხვაა: „რას გრძნობდი იმ მომენტში?“
ასევე მნიშვნელოვანია ავტორის პირადი დამოკიდებულებების გარკვევა: რას ნიშნავს მისთვის კონკრეტული ადამიანი, ადგილი, ნივთი ან სიტუაცია; რა ემოცია ჰქონდა სიზმარში; რა ასოციაციას იწვევს კონკრეტული სიმბოლო, ან მარკერი. ეს ინფორმაცია საჭიროა არა იმისთვის, რომ უკვე მოფიქრებული ახსნა ძალით მოვარგოთ, არამედ იმისთვის, რომ თავად სიზმრის შიდა ლოგიკა სწორად გავიგოთ.
ამის შემდეგ სიზმრის ყველა მნიშვნელოვანი ელემენტი უნდა დალაგდეს ერთ მთლიანობად. კარგი ინტერპრეტაცია ჩემთვის ის არის, რომელიც სიზმრის სხვადასხვა ნაწილს ერთ საერთო ლოგიკაში აერთიანებს და არ მოითხოვს თითოეული დეტალისთვის ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ახსნების გამოგონებას.
ამ ეტაპზე ფორმულირდება სამუშაო ინტერპრეტაციის თეზისი - ჯერ კიდევ არა საბოლოო პასუხი, არამედ ზოგადი ჰიპოთეზა იმის შესახებ, თუ რა მდგომარეობას, პრობლემას ან შინაგან წინააღმდეგობას შეიძლება აღწერდეს სიზმარი.
მხოლოდ ამის შემდეგ არის მნიშვნელოვანი ავტორის უკუკავშირი. რამდენად ემთხვევა ეს თეზისი მის რეალურ გამოცდილებას? რომელი ნაწილი ემთხვევა და რომელი არა? ხომ არ არსებობს სხვა ცხოვრებისეული სიტუაცია, რომელსაც იგივე სიუჟეტი უკეთ შეესაბამება?
თუ უკუკავშირი ინტერპრეტაციას არ ადასტურებს, ახსნა უნდა გადაიხედოს ან საერთოდ უარყოფილ იქნას. ჩემთვის მიუღებელია არასწორი ინტერპრეტაციის დაცვა არგუმენტით - „შენ უბრალოდ ჯერ ვერ აცნობიერებ ამას.“
საბოლოო მიზანია არა სიზმრის ყველა ელემენტისთვის ცალკე მნიშვნელობის მინიჭება, არამედ მისი საერთო მესიჯის ფორმულირება - რა კავშირს აჩვენებს სიზმარი იმ ფაქტებს, ემოციებსა და გამოცდილებებს შორის, რომლებიც ადამიანს უკვე აქვს, მაგრამ შესაძლოა ამ სახით ჯერ არ ჰქონდეს გაცნობიერებული.
|