შენ მასწავლე, რომ შეიძლება მთელი ცხოვრება ღმერთზე ისაუბრო და სიტყვაც არ დაგცდეს მის შესახებ.
შენ მასწავლე, რომ აჯობებს თავი „ჩინ-მედლებით“ არ გაისვარო, ისედაც ბევრი ჭუჭყი ეკვრის ადამიანს ცხოვრებაში.
შენ მასწავლე, რომ ყველაზე სასაცილოდ ის გამოიყურება, ვინც იუმორის გრძნობას კარგავს, როცა ტაშს უკრავენ.
შენ მასწავლე, რომ მომთხოვნი მარტო საკუთარი თავის მიმართ შეგიძლია იყო, სხვას შეიძლება – მხოლოდ სთხოვო.
შენ მასწავლე, რომ თავისუფალი მხოლოდ ის ადამიანია, ვინც სხვის თავისუფლებას საკუთარივით უფრთხილდება.
შენ მასწავლე, რომ ყველას მოსაწონი ვერ იქნები და თუკი ამას მაინც შეეცდები, საკუთარი თავით აგებ პასუხს ანუ თავს დაკარგავ.
შენ მასწავლე, რომ თუ შენს თავს ღალატობ, იმათ წინაშეც მოღალატე ხარ, ვისაც შენ სჭირდები.
შენ მასწავლე, რომ ყველა ადამიანს უნდა მისცე შანსი, იყოს ადამიანი და აპატიო, თუ საწინააღმდეგოს დამტკიცება მოუნდება.
შენ მასწავლე, რომ უნდა შეგეძლოს, ფეხი ფეხზე გადაიდო და აუღელვებლად გამოცალო ფინჯანი ყავა – მაშინაც, როცა „ბის“-ზე გეძახიან და მაშინაც, როცა შენ ფეხქვეშ მიწა იძვრის – სხვანაირად მის არომატს ვერ შეიგრძნობ

)))))))))).
შენ მასწავლე, რომ არ ღირს იბრძოლო იმისათვის, რისთვისაც ბრძოლა გეზარება… ხანდახან ძალიან „ცუდ რამეებს“ მასწავლიდი .
შენ მასწავლე, რომ ვინც ნამდვილად ქებას იმსახურებს, მას იგი უკვე არ სჭირდება.
შენ მასწავლე, რომ მნიშვნელოვანია ჭეშმარიტებას მიაკვლიო და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, მას შენ აღმოაჩენ თუ შენი ოპონენტი.
შენ მასწავლე, რომ ვისაც კრიტიკა თავმოყვარეობას ულახავს, ის ვეღარაფერს ისწავლის ცხოვრებაში და ვინც ვეღარაფერს ისწავლის, მან ცხოვრება უკვე დაამთავრა.
შენ მასწავლე, რომ რაც ჭეშმარიტია, ლამაზიც იქნება და ამ წესს გამონაკლისი არ გააჩნია.
შენ მასწავლე, რომ ჯობს საკუთარი სისულელეები ილაპარაკო, ვიდრე სხვის სიბრძნეს ქადაგებდე.
შენ მასწავლე, რომ შეიძლება ყური არ ათხოვო, თუ გლანძღავენ, მაგრამ არ შეიძლება ყური მოუყრუო, როგორ გილანძღავენ იმას, რაც იწამე.
შენ მასწავლე, რომ არ ღირს იდავო განსხვავებული აზრის გამო, რადგან აზრებს ტანსაცმელზე ხშირად იცვლიან ადამიანები.
შენ მასწავლე, რომ თუ ასოებს სცნობ, სულაც არ ნიშნავს, კითხვა იცი – მთავარია, სტრიქონთა შორის დაწერილი წაიკითხო.
შენ მასწავლე, რომ სიტყვებს ყველაფერი შეუძლია… ისეთი რამეების შექმნაც კი, რასაც სიტყვებით ვერ გადმოსცემ.
შენ მასწავლე, რომ ქალი, რომელიც საკუთარი თავის დასანახად სარკეში ჩახედვას საჭიროებს, ვერასოდეს იქნება ლამაზი .
შენ მასწავლე, რომ, თუ აფრენ, ნიჭიერად უნდა გააფრინო – სხვანაირად მხოლოდ უგემოვნო ადამიანები იქცევიან
შენ მასწავლე, რომ… სისულელეა სიკვდილის გეშინოდეს – „სიკვდილი თვითონ გასწავლის სიკვდილს“.
უფრო მეტიც…
შენ მასწავლე, რომ გარდაცვალება მხოლოდ და მხოლოდ სავალდებულო ფორმალობაა და ბევრს არაფერს ცვლის ადამიანთა ურთიერთობაში, რის დასამტკიცებლადაც… სიკვდილის შემდეგ ერთხელ კიდევ მინახულე.
შენ მასწავლე, რომ მასწავლებელი არაა ის, ვინც შეგირდს ხეზე ასვლას არ ასწავლის… შენ მე ხეზე ასვლაც მასწავლე!
არ ვიცი, როგორი მოსწავლე გამოვდექი, მაგრამ შენ ჩემი საუკეთესო მასწავლებელი… ხარ… ვაჟა დადიანიძე! დიდი მადლობა ყველაფრისთვის!
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «