– ახალი კორონავირუსით გამოწვეული იძულებითი შეფერხებების გამო, გამოიცა პრეზიდენტის დეკრეტი და ქვეყანაში გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. ამის საფუძველზე, 23 მარტს გამოიცა მთავრობის დადგენილება #181, რომლითაც განისაზღვრა საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში არსებული შეზღუდვები, საგანგებო წესები, აკრძლვები, ანუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა 21 აპრილამდე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში. ამ დადგენილებით განისაზღვრა მთელი რიგი შეზღუდვები,
მათ შორის მე–12 მუხლით, შეჩერდა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა გარკვეულ ნაწილებში. მაგალითად, შეჩერდა მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვასთან დაკავშირებული საკითხები, ე. წ. გამოსახლებები. შეჩერდა შენობების დემონტაჟთან დაკავშირებული სააღსრულებო მოქმედებები, როდესაც უკანონო მშენებლობის დემონტაჟს ანხორციელებდა აღსრულების ბიურო. გადაიდო ფაქტების კონსტანტაციის მიზნით დაწყებული წარმოებები, როდესაც დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურებას ახდენენ, რომელიც სასამართლო სარჩელების დროს სჭირდება ხალხს. ეს, შეიძლება ითქვას, ყველაზე ნაკლები პრობლემაა. ფულად ვალდებულებებით ურთიერთობების იძულებითი აღსრულებაც შეჩერდა. აღმასრულებელს აღარ შეეძლო ადამიანის ანგარიშზე ყადაღის დადება, სამსახურში წერილის მიწერა, რომ ხელფასის გარკვეული ნაწილი, არაუმეტეს ხელფასის 50 პროცენტისა, დაკავებოდა პირს და გადარიცხვოდა აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ასევე, შეჩერდა აღმასრულებლის უფლებამოსილება პენსიიდან, სხვა შემოსავლებიდან თანხის ჩამოჭრის, ქონებაზე ყადაღის დადების ნაწილში, უკვე დაყადაღებული ქონების გაყიდვა – იპოთეკის ხელშეკრულების ფარგლებში, თუ უკვე აღსრულებაზე იყო მისული საქმე და ქონება აუქციონზე უნდა გასულიყო, ესეც შეჩერდა. მოკლედ, თანხის ამოღების მიზნით, იძულებითი ღონისძიებების გატარება მთლიანად შეჩერდა. ასევე, შეჩერდა, წინადადების გაგზავნა აღსრულების ბიუროდან. უფრო გასაგებად რომ ვთქვა, როდესაც კრედიტორი მიდის აღსრულების ეროვნულ ბიუროში და აბარებს აღსრულების ფურცელს და იწყება სააღსრულებო წარმოება, პირველი, რასაც აღმასრულებელი აკეთებს, მოვალეს უგზავნის წინადადებას ნებაყოფლობით აღსრულებაზე და განუსაზღვრავს ვადას, მაგალითად, 7 დღეს. ამ ვადაში ან ნებაყოფლობით შეასრულე სასამართლოს გადაწყვეტილება, ან დავიწყებთ სააღსრულებლო მოქმედებებსო. პრაქტიკულად, მთელი რიგი ღონისძიებები შეუჩერეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს და ცხადია, ამის მიზეზი ის იყო, რომ საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, ფიზიკური და იურიდიული პირების დიდი ნაწილი დარჩა შემოსავლების გარეშე.
– და ახლა რა შეცვალეს მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ?
–
2020 წლის 30 მარტს, მთავრობამ გამოსცა დადგენილება #204, რომლის თანახმადაც შევიდა ცვლილება #181–ე დადგენილებაში და დაიწერა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა განსაზღვრულიყო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. ანუ, იუსტიციის მინისტრს მიეცა დელეგირება, საკუთარი ბრძანებით განესაზღვრა აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები. 6 აპრილს,
იუსტიციის მინისტრმა გამოსცა 515–ე ბრძანება. ამ ბრძანების თანახმად, აღდგა მთელი რიგი სააღსრულებლო მოქმედებები. აღმასრულებელს, რა თქმა უნდა, მიენიჭა უფლებამოსილება, განახორციელოს სააღსრულებლო პროცედურები. მათ შორის, მოვალისათვის წინადადების გაგზავნა, ყადაღის დადება ქონებასა და საბანკო ანგარიშებზე, თანხის ამოღების მიზნით მოქმედებების განხორციელება, ხელფასიდან, პენსიიდან თანხის ჩამოჭრა. ჩატარდება ისევ ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონები. მხოლოდ გამოსახლებებია შეჩერებული საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე, ფაქტიურად, დანარჩენი, რაც შეჩერებული იყო, ყველაფერი აღუდგინეს აღსრულების ეროვნულ ბიუროს. უფრო მეტიც, გაამარტივეს პროცედურები კრედიტორთა სასარგებლოდ. ადრე, კრედიტორს აღსრულების დასაწყებად, აღსრულების ფურცლის ორიგინალი უნდა მიეტანა და ჩაებარებინა აღსრულების ეროვნულ ბიუროში. იუსტიციის მინისტრის ამ ბრძანებით, კრედიტორს უფლება მიეცა, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, დოკუმენტის ასლი გადაუგზავნის ბიუროს და შემდეგ დაიწყოს აღსრულება. აქედან გამომდინარე, მიჩნდება კითხვები. ადამიანებმა, რომელთაც ამ კორონავირუსის გამო დაკარგეს სამსახურები, დარჩნენ შემოსავლების გარეშე, სახლებში არიან გამოკეტილები და ის არ იციან რა ჭამონ, ბავშვებს რა აჭამონ, არ იციან, თავი როგორ გაიტანონ ამ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, როგორ უნდა გაუყიდო აუქციონზე ქონება? იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირი ჩათვლის, რომ გასასაჩივრებელი აქვს და რაღაც პროცედურების განხორციელების შემდეგ, შესაძლოა, აუქციონზე საკუთარი ქონების გატანა გადაადებინოს აღსრულების ბიუროს, ახლა უმეტესობა ამასაც ვერ გააკეთებს. კი, საადვოკატო საქმიანობა არ შეჩერებულა, მაგრამ ხალხს ადვოკატისთვის გადასახდელი და სასამართლოს ბაჟის ფული არ აქვს.
წყაროგაჭირვებულების აღმართზე დასაწევი ქვები ამოქოქილია
ფეხი თუ დაგიცდათ და მიკროსაფინანსოს ან კერძოს დაუგვიანეთ, მთავრობა იზრუნებს წიხლის დაჭერაზე