[ექსკლუზივი] სასწაული VIDEO უნიჭიერეს აფხაზ ბიჭუნაზე!.. ამბები აფხაზურ ფეხბურთზე და არის თუ არა ფეხბურთი საშუალება ჩატეხილი ხიდის აღსადგენად?..საფეხბურთო ექსპერტმა ირაკლი ხვედელიანმა მეტად საყურადღებო ინფორმაცია მოგვაწოდა. კერძოდ, სოხუმში გაიმართა ამხანაგური მატჩი ორ თვითაღიარებულ - აფხაზეთისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ნაკრებებს შორის.
ხვედელიანმა ერთი აფხაზი ბიჭუნას ვიდეოც გვაჩვენა - ვნახეთ ნამდვილი სასწაული, საფეხბურთო ოსტატობის ასეთი დონე და ასეთ პატარა ასაკში, მართლაც იშვიათობაა!..
"ლელომ" ხვედელიანთან ინტერვიუ ჩაწერა აფხაზეთის საფეხბურთო ცხოვრებაზე, მიმდინარე მოვლენებზე, ასევე უნიჭიერეს აფხაზ ბიჭუნაზე...
- როგორც ვიცით, გაიმართა ამხანაგური შეხვედრა თვითაღიარებულ აფხაზეთის ნაკრებსა და ეგრეთ წოდებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ნაკრებს შორის. რას იტყოდით ამ მატჩზე?
- ჩემთვის და, ალბათ, თითოეული ქართველისთვის სენსიტიურ თემაზე გვიწევს საუბარი და მინდა, მაქსიმალურად ფრთხილად და მოზომილად ვილაპარაკო. რადიკალური შეფასებებისგან თავს შევიკავებ და მხოლოდ ფაქტებს გეტყვით. თქვენ მიერ ხსენებული მატჩი 25 სექტემბერს შედგა. თამაში სოხუმში, "დინამოს" სტადიონზე გაიმართა. ტექნიკური პრობლემის გამო თამაში შეწყდა 0:0-ზე. ჩემი ინფორმაციით, მატჩმა დიდი ინტერესი გამოიწვია და მიუხედავად პანდემიისა, სტადიონზე მაყურებელი საკმაო რაოდენობით მივიდა, პროტოკოლის დაცვით სტადიონის შესასვლელთან მოწყობილ სპეციალურ კუთხეში გულშემატკივრებს უზომავდნენ ტემპერატურას, ხელებს სადეზინფექციო ხსნარით უმუშავებდნენ... მასპინძელმა გულშემატკივარმა, ფაქტობრივად, გაავსო სტადიონის დასავლეთ ტრიბუნა, საპირისპირო მხარეს ისხდნენ დონეცკის გუნდის გულშემატკივრები, რომელთა რაოდენობაც 20 კაცს არ აღემატებოდა... რაც შეეხება სამატჩო პერიპეტიებს, მივყვეთ თანამიმდევრობით - თამაშის დაწყებამდე სოხუმის ადმინისტრაციის თავმჯდომარემ, ბესლან ეშბამ, სპორტკომიტეტის თავმჯდომარე ჯემალ გუბაზმა (თბილისის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი - რედ), "დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა" პაველ დავიდენკომ და "აფხაზეთის პრეზიდენტის" მრჩეველმა ახრა ავიძბამ სტადიონზე მისულ მაყურებელს 1992-1993 წლების საომარი ვითარება გაახსენეს და მოახლოებული "გამარჯვების დღე" (ჩვენთვის სოხუმის დაცემის დღე, 27 სექტემბერი - რედ) მიულოცა.

შეხვედრას ესწრებოდა აფხაზეთის არაღიარებული რესპუბლიკის "პრეზიდენტი" - ასლან ბჟანიაც. მსაჯის სასტარტო სასტვენამდე მოედანზე ანსამბლ "კუდრის" წევრები გამოვიდნენ და სტადიონზე მისულ მაყურებელს ქორეოგრაფიული ნომერიც შესთავაზეს. აფხაზეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში პირველი შეხვედრა ჰქონდა ბესლან გულიას, რომელიც მთელი თამაშის განმავლობაში აქტიურად კარნახობდა ფეხბურთელებს დავალებებს. პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა, მეორე ტაიმის დასაწყისში კი სტადიონზე ელექტროენერგია გაითიშა და, მიუხედავად ორგანიზატორების მცდელობისა, დაახლოებით ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ თამაში შეწყდა. როგორც ამბობენ, შუქის გათიშვისა და თამაშის ჩაშლის მიზეზი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ე.წ. "ფერმაა", რომელიც დიდი ოდენობის ელექტროენერგიის მოხმარებას მოითხოვს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთისა და დონეცკის გუნდებს შორის ეს პირველი შეხვედრა არ ყოფილა, მათ აქამდე სამჯერ ითამაშეს სოხუმში. პირველად - 2015 წელს დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ის თამაში მასპინძლებმა მოიგეს, მორიგი მატჩი 2017 წელს შედგა და ფრე დაფიქსირდა, მესამე მატჩი კი 2019 წელს დონეცკელების გამარჯვებით დასრულდა.
- ზოგადად, რა ხდება აფხაზურ ფეხბურთში? იქ ტალანტები ყოველთვის იყვნენ და, ალბათ, ახლაც არიან...
- აფხაზეთში ატარებენ ჩემპიონატს, თასისა და ლიგის თასის, ასევე სუპერთასის გათამაშებას, სხვადასხვა სახის ტურნირებსა და ფესტივალებს... იქ 60-მდე საფეხბურთო კლუბი ფინქციონირებს... სხვათა შორის, აფხაზური გუნდები ხშირად მონაწილეობენ საერთაშორისო სტატუსის მქონე ბავშვთა ტურნირებშიც. რაც შეეხება ბავშვთა ფეხბურთს, რეგისტრირებული ჰყავთ 1000-მდე ბავშვი. ჰყავთ ნაკრებიც, რომელიც ერთ-ერთი წევრია საერთაშორისო ორგანიზაცია CONIFA-სი. მონაწილეობენ ამავე ორგანიზაციის მიერ ჩატარებულ, არაღიარებულ რესპუბლიკათა მსოფლიო ჩემპიონატებში, რომლის ერთ-ერთ გათამაშებას, 2016 წელს, აფხაზეთმა უმასპინძლა და ჩემპიონის ტიტულიც მოიპოვა.

საინტერესოა, რომ ამ ტურნირს ფიფას არაერთი ლიცენზირებული აგენტი დაესწრო. მას შემდეგ, რაც UEFA-მ და FIFA-მ გიბრალტარისა და კოსოვოს საკითხი დადებითად გადაწყვიტა აფხაზურმა მხარემაც მიმართა არაერთხელ UEFA-ს წერილით, სადაც მათ განსაკუთრებული სტატუსის მინიჭება მოითხოვეს, თუმცა რამდენადაც ჩემთვის ცნობილია აღნიშნულ წერილებზე ჯერჯერობით აფხაზურ მხარეს ოფიციალური პასუხი არ მიუღია. აფხაზეთში ბევრი ნიჭიერი ბავშვია, რომელთა ტალანტსაც სხვადასხვა მიზეზის გამო სათანადო გასაქანი ვერ ეძლევა, ისინი კი, ვინც მაინც ახერხებენ აფხაზეთიდან წასვლას და ფეხბურთის თამაშს, ძირითადად რუსულ გუნდებში გადადიან. წლების წინ პირადად მქონდა საუბარი ლეონ საბუასთან, რომელსაც შევთავაზე - ჩამოსულიყო საქართველოში და აქ გაეგრძელებინა თავისი საფეხბურთო კარიერა, თუმცა... მასთან საუბარში იგრძნობოდა იმ მავნებლური პროპაგანდის გავლენა, რომელმაც ქართველი და აფხაზი ხალხი ერთმანეთისგან გააუცხოვა და დააშორა, თუმცა მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ყოველივე დროებითია და ჩვენს შორის კვლავ აღდგება ის ჩატეხილი ხიდი, რომელსაც "ერთიანი საქართველო" ჰქვია. ლეონ საბუა ახლა 20 წლისაა და "კრასნოდარის" მეორე გუნდის ფეხბურთელია. რუსეთის რანგით მეორე ლიგაში 14 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.
- თქვენ მაჩვენეთ ვიდეო უნიჭიერესი აფხაზი ბიჭისა, რომელიც ბურთით სასწაულებს აკეთებს - დრიბლინგები, პასები, გოლები... მოგვიყევით მის შესახებ "ლელოს" მკითხველსაც...
- ეს არის უდიდესი ტალანტის მქონე ლევ აჯიბა, რომელიც 2008 წლის 15 დეკემბერსაა დაბადებული ახლა იმ ასაკშია, როცა ფეხბურთელს კარგი საფეხბურთო გარემო და მაღალი კვალიფიკაციის მწვრთნელები სჭირდება. დიდი წვალების მიუხედავად, მოვიძიე კონტაქტები და დავუკავშირდი მის ოჯახს.

როგორც აღმოჩნდა, მამა, რომელიც ფეხბურთელი იყო, დაღუპული ჰყავს და მის აღზრდაზე ბაბუა და ბიძა ზრუნავენ. სამწუხაროდ, საქართველოდან არანაირი წინადადების განხილვა არ სურთ, ორიოდ კვირის წინ კი წამყვანი რუსული საფეხბურთო კლუბების სელექციოენერებმა ოფიციალური წინადადებით მიმართეს მის ოჯახს, "ზენიტი" და "ლოკომოტივი" არიან დაინტერესებულნი ამ ბავშვით, ამას გარდა, უახლოეს პერიოდში "ბარსელონაში" სინჯებზე წაყვანასაც ჰპირდებიან... წარმოგიდგენიათ, რა დონის ტალანტზეა ლაპარაკი? არ ვარ ნამყოფი აფხაზეთში, თუმცა არ დაგიმალავთ და გეტყვით - ჩემი ოცნებაა, აფხაზეთში საქართველოს ჩემპიონატის მატჩი გაიმართოს - დროშის საზეიმო აწევის ცერემონიალითა და ჰიმნის შესრულებით. კარგად მესმის, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი, თუმცა მიმაჩნია, რომ ეს ყველაფერი შესაძლებელია, ვინაიდან ფეხბურთს უდიდესი ძალა აქვს, დააახლოვოს და გააერთიანოს ერთმანეთისგან გაუცხოებული ხალხი, გააღვიძოს ის ძმური სენტიმენტები, რომელიც მიზანმიმართულმა მავნებლურმა პროპაგანდამ მიაძინა. დიახ, ეს ყოველივე ფეხბურთს შეუძლია! გავიხსენოთ თუნდაც 90-იანი წლები - პირველი, ვინც დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ეროვნული მოტივებისკენ მოუწოდა ქართველ ხალხს, სწორედ ფეხბურთი იყო!

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი და იქედან მიღებული ფინანსები ქართულ კლუბებს უდიდეს შესაძლელობას აძლევს იმისთვის, რომ წამოიწყონ სოციალური კამპანია, სოციალური პროექტი, რომელიც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონში მცხოვრებ ბავშვებს გაუჩენს უდიდეს პერსპექტივას, შესთავაზებს კარიერულ წინსვლაზე ორიენტირებულ დღევანდელ და ხვალინდელ დღეს!.. განა, რა უნდა გაკეთდეს იმაზე უფრო დიდი და საშვილიშვილო მნიშვნელობის საქმე სახელმწიფოსგან მიღებული თანხებით, ვიდრე საკუთარი მოძმის შემორიგებაა? დღეს, 21-ე საუკუნეში, ავად თუ კარგად, ინტერნეტთან წვდომა ყველას აქვს, მარტივადაა შესაძლებელი სხვადასხვა სოციალურ ქსელში მიზნობრივი აუდიტორიისთვის კონკრეტული მესიჯის მიწოდება და რეკლამის განთავსება. გადავხედოთ განსაკუთრებით საქართველოს ჩემპიონატის დაბალ ლიგებს, რამდენი გაურკვეველი წარმომავლობისა და კვალიფიკაციის ლეგიონერი აგორებს ბურთს... არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ლეგიონერების წინააღმდეგი ვარ, თუმცა პირველ პლანზე ეროვნული ინტერესების წამოწევა პრიორიტეტად მიმაჩნია. როდესაც შენი ქვეყნის ისტორია შეგიძლია დაწერო და სიმბოლურად ერთი აგური დადო ჩატეხილი ხიდის გამთლიანების გზაზე, ამაზე დიდი სიამოვნება რა უნდა იყოს?!..
გაზეთი ლელო