ნუ რათქმა უნდა არავის წაგიკითხავთ
ამიტომ დავდოთ და წავიკითხოთ
https://imedinews.ge/ge/politika/143690/sag...mosmenit-miigesსაქართველოს პარლამენტმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა. ცვლილების მიხედვით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური საჭიროებიდან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეიძლება შეიზღუდოს თავისუფლად გადაადგილება, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის უფლება.
რეგისტრაცია გაიარა 101-მა დეპუტატმა, ცვლილებებს მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, სამი წინააღმდეგი იყო.
ცვლილების თანახმად, საკარანტინო ღონისძიებები ახლებურად განისაზღვრება და მთავრობა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახური გადაწყვეტენ ისეთ ღონისძიებებს, რაც დაკავშირებულია გადაადგილების, ეკონომიკური საქმიანობის, საკუთრების, თავშეყრის, შრომის და სხვა უფლებების შეზღუდვასთან. კერძოდ, კანონის ამჟამად მოქმედი რედაქციით, საკარანტინო ღონისძიებებში მოიაზრება ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც გამოიყენება იმ პირის მიმართ, რომელიც არ არის ავად, მაგრამ ჰქონდა ექსპოზიცია გადამდები დაავადების შემთხვევასთან გადამდებლობის პერიოდის განმავლობაში.
პარლამენტისთვის წარდგენილი კანონპროექტის თანახმად კი საკარანტინო ღონისძიებებში, გარდა ზემოაღნიშნულისა, მოიაზრება აგრეთვე ღონისძიებები, რომელიც გულისხმობს საჯარო დაწესებულებების საქმიანობის, პირთა მიმოსვლის, საკუთრების, შრომის, პროფესიული ან ეკონომიკური საქმიანობის, უკანონო მიგრაციის/საერთაშორისო დაცვის, ფიზიკურ პირთა სოციალური ღონისძიებების ჩატარების მიზნით თავშეყრის კანონმდებლობისგან განსხვავებულად მოწესრიგებას, მათ შორის შესაბამისი შეზღუდვების დაწესებას და რომელიც აუცილებელია მოსახლეობის ჯანმრთელობის დასაცავად. წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, მთავრობას ზემოაღნიშნული ღონისძიებების გატარება ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშეც შეეძლება. შესაბამისად, მათ ასამოქმედებლად მთავრობას არ დასჭირდება პარლამენტის მხარდაჭერა.
კანონპროექტის ინიციატორები არიან: დიმიტრი ხუნდაძე, ილია ნაკაშიძე, ვლადიმერ კახაძე, ზურაბ ხაჩიძე, კობა ნაკაიძე და დიმიტრი მხეიძე.
საკანონმდებლო ცვლილება ძალაში 2020 წლის 23 მაისიდან შევა.
უმრავლესობის წევრი ირაკლი კობახიძე პარლამენტის სხდომაზე, სადაც „საზოგადოებრივი ჯანდაცვის კანონში ცვლილებების“ კანონპროექტს განიხილავდნენ, ახალი ინიციატივით გამოვიდა და კოლეგებს მიმართა, რომ შემზღუდავი ნორმები გარდამავალ დებულებებში გაწერონ.
მისი თქმით, ნორმები, რომლებიც ამ ახალი კანონით დგინდება, იყოს დროებით, გაწერილი გარდამავალ დებულებებში.
„როგორც მოგეხსენებათ, ამ კანონის მიღება არის ერთგვარი სასწრაფო აუცილებლობით ნაკარნახევი. ხვალ უკვე უქმდება საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ჩვენ გვჭირდება შეზღუდვების შენარჩუნება გარკვეული პერიოდით და იდეის დონეზე მინდა შემოვიტანო ასეთი ინიციატივა - მეორე მოსმენამდე, დღესვე განვიხილოთ, რომ ის ნორმები, რომლებიც დგინდება ამ ახალი კანონით, იყოს დროებით, გაწერილი გარდამავალ დებულებებში. პირობითად, ავიღოთ 15 ივლისამდე ვადა. 15 ივლისამდე იმედია, რომ იქნება რადიკალურად განსხვავებული ვითარება პანდემიის კუთხითაც, მანამდე საკონსტიტუციო ცვლილებებიც იქნება მიღებული და ამის შემდეგ ეს გარდამავალი დებულებები, ბუნებრივია, დაკარგავს თავის აქტუალობას, ეს არის სპონტანური იდეა და გთავაზობთ დღეს ეს იდეა განვიხილოთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საბოლოოდ, პარლამენტმა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო - 80 მომხრე, 3 წინააღმდეგი, რომელშიც გაითვალისწინეს ირაკლი კობახიძის წინადადება, კერძოდ, ის ნორმები, რომლებზეც იმსჯელეს, გადავა გარდამავალ დებულებებში და გაიწერება დროებით, სავარაუდო თარიღად ინიციატივის ავტორის მიერ შეთავაზებულია ივლისის რომელიმე რიცხვი. კონკრეტულ რიცხვზე შეთანხმება მთავრობასთან კონსულტაციების შედეგად მოხდება.