ტერის მოშინაურებული პრიმატების უმეტესობამ არ იცოდა, რომ ისინი პრიმატები იყვნენ. ისინი ფიქრობდნენ, რომ რაღაც განსაკუთრებულს წარმოადგენდნენ და ყველაფერ დანარჩენს „აღემატებოდნენ“ პლანეტაზე.
ბენი ბენედიქტის რეგულარული სვეტიც კი - „კიდევ ერთი თვე“ - ამ ილუზიაზე იყო დაფუძნებული. ბენიმ ნამდვილად წაიკითხა ერთხელ დარვინი - დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ კოლეჯში - და სმენია ისეთი მეცნიერებების არსებობის შესახებ, როგორიცაა ეტოლოგია და ეკოლოგია, მაგრამ ევოლუციის ფაქტები მას არასოდეს რეალურად დაურეგისტრირებია. იგი არასოდეს ფიქრობდა საკუთარ თავზე, როგორც პრიმატზე, და ვერ აცნობიერებდა, რომ მისი მეგობრები და კოლეგებიც ასევე პრიმატები იყვნენ. და ბოლოს, მას არასოდეს ესმოდა, რომ უნიშტატის ალფა-მამრები მაიმუნების ჯოგის ტიპიური ლიდერები იყვნენ. ამ თვალნათლივი საგნების დანახვის უუნარობის გამო ბენის გამუდმებით აშფოთებდა და აშინებდა თავისი ქცევა, თავისი მეგობრებისა და კოლეგების ქცევა, და განსაკუთრებით ჯოგის ალფა-მამრების ქცევა. რადგანაც არ იცოდა, რომ ასეთი ქცევა ჩვეულებრივი ამბავია პრიმატებისთვის, ეს მას უბრალოდ საშინელებად ეჩვენებოდა.
რადგანაც პრიმატების ქცევა მნიშვნელოვანწილად ფასდებოდა, როგორც საშინელი, მოშინაურებული პრიმატების უმეტესობა თავისი დროის დიდ ნაწილს საკუთარი მოქმედებების დამალვაში ატარებდა. ზოგიერთ პრიმატს სხვა პრიმატები ამხელდნენ. ყველა პრიმატს ეშინოდა, რომ ფაქტზე გამოიჭერდნენ. მათ, ვისაც იჭერდნენ უვარგის მძღნერს ეძახდნენ.
ტერმინი „მძღნერი“ პრიმატების ფსიქოლოგიის ღრმა გამოხატულებას წარმოადგენდა. მაგალითად, ერთმა ველურმა პრიმატმა (შიმპანზე), რომელსაც ორი მოშინაურებული პრიმატი (მეცნიერები) ნიშნების ენას ასწავლიდა, შეათავსა სიტყვები „მღძნერი“ და „მეცნიერი“, და იმ მეცნიერს, რომელიც არ მოსწონდა, აღწერდა, როგორც „მძღნერი-მეცნიერი“. მან ასევე შეათავსა ნიშნები: „მძღნერი“ და „შიმპანზე“ იმ სხვა შიმპანზეს აღსაწერად, რომელიც ასევე არ მოსწონდა, და უწოდა მას „მძღნერი-შიმპანზე“.
„შე უვარგისო მძღნერო“ (You no-good shit), - ხშირად ეუბნებიან ერთმანეთს მოშინაურებული პრიმატები. ეს მეტაფორა ღრმად გამოხატავს პრიმატების ფსიქოლოგიას, რადგანაც ისინი თავიანთ ტერიტორიას ექსკრემენტებით ნიშნავენ, და ზოგჯერ ერთმანეთსაც ესვრიან მათ, როცა საქმე ტერიტორიულ პაექრობამდე მიდის.
ერთმა პრიმატმა დაწერა დიდი წიგნი, სადაც დაწვრილებით იყო აღწერილი, როგორ უნდა დასჯილიყვნენ მისი პოლიტიკური მტრები. მან წარმოიდგინა უზარმაზარი ხვრელი მიწაში: ცეცხლით, კვამლით და მძღნერის მდინარეებით. ამ პრიმატს დანტე ალეგიერი ერქვა.
სხვა პრიმატმა დაწერა, რომ ყოველი ახალშობილი-პრიმატი გადის ეტაპს, რომელშიც მის ძირითად საზრუნავს ბიო-გადარჩენა წარმოადგენს, ანუ საკვები, ანუ დედის ძუძუ. მან ამას ორალური სტადია უწოდა. ასევე თქვა, რომ შემდეგ ბავშვი ძუძუმწოვრების პოლიტიკის შესწავლის ეტაპზე, ანუ მამის (ალფა მამრის), მისი ავტორიტეტისა და ტერიტორიული მოთხოვნების აღიარების ეტაპზე გადადის. გენიალურობით, რომელიც ცოტა პრიმატმა თუ დააფასა, მან ამ სტადიას ანალური უწოდა.
ამ პრიმატს ფროიდი ერქვა. მან კვლევის ობიექტად თავისი საკუთარი ნერვული სისტემა აიღო და მის შემაგდენელ წრედებს იკვლევდა, და პერიოდულად მის სტრუქტურას ნეირო-ქიმიური საშუალებების მეშვეობით ცვლიდა.
ანალურ შეურაცხყოფებს შორის, რომლებსაც მოშინაურებული პრიმატები ერთმანეთში ცვლიან, როცა ტერიტორიისთვის იბრძვიან, არსებობს ასეთები: „გააჯვი“, „მოაშორე ეგ შენი ბინძური ტრაკი“, „მძღნერის ბოჭკა“ და მრავალი სხვა.
ფრანკების სამეფოში ერთ-ერთი ყველაზე მეტად პატივსაცემი ალფა-მამრი გახლდათ გენერალი კანბრონი. მან ასეთი პატივისცემა დაიმსახურა პასუხის გამო, რომელიც მაშინ გასცა, როცა ვატერლოოსთვის ბრძოლაში დანებებება შესთავაზეს. „Merde” (ფრანგ. - მძღნერი“) - იყო მისი პასუხი.
სიტყვა პეტარდი ბომბის ერთ-ერთ ნაირსახეობას აღნიშნავს. იგი მომდინარეობს იგივე ძველ-ინგლისური ფუძისგან, რომლისგანაც სიტყვა Fart (კუილი). გენერალი კანბრონის მენტალიტეტი გახლდათ სამხედრო კასტის წარმომადგენელი ალფა-მამრის ტიპიური მენტალიტეტი. როცა პრიმატები ბრძოლას იწყებდნენ, ან ძალადობის სხვა ფორმებს მიმართავდნენ, ისინი ყოველთვის იმუქრებოდნენ, რომ მოწინააღმდეგისგან „მძღნერის გროვას“ გააკეთებდნენ. ომის დასრულების შემდეგ ითვლებოდა, რომ დამარცხებულმა „ჩაისვარა“.
http://magma.ge/library/741-prometheus-ris...howall=&start=4