რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საქართველოს პროვოკაციაში ადანაშაულებს.
"შეშფოთებით აღვნიშნავთ ბოლო პერიოდში მომხდარ საქართველოს მხრიდან რუსული, აფხაზური და სამხრეთ ოსეთის საზღვრების გადაკვეთის ინციდენტებს."
განცხადებაში ლაპარაკია 6 ივლისს ოკუპირებული აფხაზეთის საზღვართან საქართველოს სამი მოქალაქის დაკავებაზე. რუსეთის საგარეო უწყებაში ამბობენ, რომ მათ ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
ასევე ნათქვამია, რომ 13 ივლისს დაღესტნის საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს საქართველოს 24 წლის მოქალაქე, რომელსაც თან არ ჰქონდა საბუთები და შეიარაღებული იყო სანადირო თოფით.
"რუსულმა მხარემ დააკმაყოფილა საქართველოს მხარის თხოვნა და ამ ადამიანის წინააღმდეგ საქმე არ აღძრა. ის ქართველ მესაზღვრეებს გადავეცით.
9 ივლისს საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დავაკავეთ დაღესტნის ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში საზღვრიდან 9 კილომეტრში".
განცხადებაში ლაპარაკია 11 ივლისს საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის, 33 წლის ზაზა გახელაძის დაკავებაზეც:
"11 ივლისს საქართველოს 33 წლის მოქალაქე, რომელსაც კამუფლაჟიანი ფორმა ეცვა და შეიარაღებული იყო ნახევრად ავტომატური იარაღით, 300 მეტრის სიღრმეში შევიდა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, სადაც გადაეყარა რუსულ სასაზღვრო ეკიპაჟს, რომელიც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან არსებული შეთანხმების საფუძველზე არსებობს 2009 წლის 30 აპრილიდან. მან მიმალვა სცადა და რუსი სამხედროების მიმართულებით დაახლოებით 10-ჯერ გაისროლა. საპასუხო სროლის შედეგად ის მსუბუქად დაიჭრა ფეხში. დამრღვევს პირველი დახმარება აღმოუჩინეს, რის შემდეგაც წაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ამ დრომდე იმყოფება. ყურადღებას გავამახვილებთ იმ ფაქტზე, რომ ჩვენებებში ის ცნობს, რომ შეგნებულად და მიზანმიმართულად გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის საზღვარი".
რუსეთი საქართველოს პროვოკაციის მოწყობაში ადანაშაულებს:
"მიუხედავად მსგავსი დარღვევების სერიოზული, ზოგჯერ პროვოკაციული ხასიათისა და რუსული მხარის განწყობისა, მოგვარდეს მსგავსი საკითხები მაქსიმალურად არაპოლიტიზებულად და რბილად, თბილისი, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ ცდილობს პოლიტიკური სპექტაკლის მოწყობას და პასუხისმგებლობა სხვებზე გადააქვს. მიგვაჩნია, რომ განსაკუთრებით უადგილოა მოცემულ სიტუაციაში რუსეთის დადანაშაულება პროვოკაციაში, განსაკუთრებით მედვედევ-სარკოზის 2008 წლის 12 აგვისტოს გეგმის "უხეშ დარღვევაში" და "გაეროს გენერალური მდივნის მხრიდან პანდემიის დროს ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე მოწოდების სრულ უპატივცემულობაში"."
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოუწოდებს, შეწყვიტოს "პროვოკაციები" და გამოიყენოს დიალოგისთვის არსებული ყველა ფორმატი:
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაასრულოს პროვოკაციული ქმედებები და განცხადებები, გამოიყენოს დიალოგისთვის არსებული ყველა ფორმატი რუსეთთან, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, ჩართოს ინციდენტებზე რეაგირების და პრევენციის რეგიონული მექანიზმები, ჟენევის დისკუსია და კარასინი-აბაშიძის მოლაპარაკებების არაფორმალური არხი, რათა არსებული პრობლემების ურთიერთსასარგებლო კონსტრუქციული გადაჭრა მოიძებნოს. ველით, რომ საქართველოს მთავრობა უფრო ენერგიულ სამუშაოებს ჩაატარებს საკუთარი მოქალაქეებისთვის ასახსნელად, რომ აღარ განმეორდეს საზღვრის დარღვევის შემთხვევები".
"სასაზღვრო ინციდენტების ზრდა კიდევ ერთხელ ადასტურებს თბილისსა და სოხუმს და თბილისსა და ცხინვალს შორის საზღვრის დემარკაციის და დელიმიტაციის თაობაზე მოლაპარაკებების დროულად დაწყების და ერთობლივი, იურიდიულად სავალდებულო დეკლარაციის საჭიროებას ძალის გამოუყენებლობის თაობაზე". - ნათქვამია განცხადებაში.
სამინისტროში ყურადღება გაამახვილეს საოკუპაციო ხაზთან მომხდარი გატაცების თაობაზე აშშ-ს განცხადებაზეც:
"გვინდა, ცალკე აღვნიშნოთ პროვოკაციული კომენტარი საქართველოში აშშ-ს საელჩოს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან, რომლებიც უკვე იქცა ამერიკისთვის ტრადიციულ ქცევად, იმის გარკვევის გარეშე, რა მოხდა სინამდვილეში, იცავენ თავიანთ ქართველ ხელქვეითებს და მთელ ბრალს აკისრებენ მოსკოვს და ცხინვალს. ეს, მინიმუმ, ძირს უთხრის ვაშინგტონის, როგორც ჟენევის დისკუსიის მიუკერძოებელი მონაწილის პოზიციას."
https://www.tabula.ge/ge/story/175003-ruset...i-adanashaulebsპ.ს.იმედია ფხიზლად არიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები.