ლუგარის ლაბორატორიის დასკვნით, საქართველოში დამზადებული ელექტრონიღაბი ინფექციების პრევენციისთვის ეფექტურია
დავით მიზანდარის მიერ შექმნილი ელექტრონიღბის შესახებ ჯერ კიდევ 4 თვის წინ გიყვებოდით. ამ დროისათვის, მისი პირველადი ვერსია იყო მზად, ნიღბის ეფექტურობა კი ჯერ კიდევ დასადასტურებელი. ცოტა ხნის წინ, გამომგონებელმა კვლევის მიზნით ლუგარის ლაბორატორიას მიმართა და შედეგიც მიიღო:
„კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ელექტრონულ რესპირატორს “MIZ-MASK” გერმიციდული ნათებით გააჩნია ბაქტერიოციდული ეფექტი და იგი შესაძლებელია გამოყენებული იქნას ბაქტერიული ინფექციების გამომწვევთა წინააღმდეგ. კვლევა ჩატარდა ორჯერ და ორივე შემთხვევაში შედეგები იყო იდენტური“, – ნათქვამია 21 ივლისს შედგენილ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოფიციალურ წერილში, რომელსაც ხელს ცენტრის გენერალური დირექტორი – ამირან გამყრელიძე აწერს. წერილის სრულად გაცნობა შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ, ხოლო ელექტრონიღბის მუშაობის პრინციპსა და იმაზე, თუ როდის უნდა ველოდოთ წარმოების დაწყებას, ქვემოთ მოცემულ ინტერვიუში, დავით მიზანდართან ერთად მოგიყვებით.
M: როცა, დაახლოებით, ოთხი თვის წინ, პირველად ვწერდით თქვენს გამოგონებაზე/პროტოტიპზე, ეს იყო მრავალჯერადი გამოყენების ელექტრონული ნიღაბი, რომლის მიზანს ადამიანის ვირუსული ინფექციებისგან დაცვა წარმოადგენდა. რა შეიცვალა ამ ოთხ თვეში, ან რა შეცვალა ლუგარის ლაბორატორიის დასკვნამ?
ოთხი თვის წინ იყო მხოლოდ იდეა, შემდეგ ეს ყველაფერი თეორიულად ჩამოვაყალიბეთ, რომ პრაქტიკული შედეგი მიგვეღო, თუმცა ამ შედეგამდე მისასვლელი გზა არ იყო მარტივი. გავხდით ტექნოპარკის მიერ მოწყობილი კონკურსის – „კორონათონის“ ერთ-ერთი გამარჯვებული და აქ მოპოვებულმა გრანტმა შეგვიწყო ხელი პროდუქტის განვითარებაში. ამის შემდეგ, გარდა ლუგარის ლაბორატორიისა, ჩვენ დაგვჭირდა გერმიციდული ლედ ნათურების სპექტრის და ინტენსიობის შემოწმება/სწორად გამოთვლა სხვადასხვა მანძილზე და გაშლის კუთხეზე და კონსტრუქციის შესაბამისი გათვლა, აეროდინამიკა, ფილტრების შერჩევა და წნევის კონტროლის პროგრამული რეგულირება. დაახლოებით 50-ზე მეტ კომპანიას ვესაუბრეთ პანდემიის დროს, აქედან 8 კომპანიის ნათურები შევამოწმეთ სამეცნიერო ცენტრ „ოპტიკაში“ და საუკეთესო შევარჩიეთ, ასევე ბაქტერიოფაგში ჩავატარეთ კიდევ ერთი ტესტი, სადაც ზუსტად კორონავირუსის ზომის ფაგი გამოვიყენეთ და მთლიანად გავანადგურეთ დასხივებით.
როგორც ცდებმა აჩვენა, მძიმე დაბინძურების არედან ნიღაბში გატარებული ჰაერი არის 100%-ით სტერილური, შესაბამისად ნიღბის გამოყენება შესაძლებელია მაღალი რისკის შემცველ გარემოში, ასევე ნებისმიერ ადგილას სადაც ინფიცირების საფრთხე და კერაა. მადლობა მინდა გადავუხადო რ.ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის გუნდს მხარდაჭერისთვის, მათ რამდენიმე ცდა ჩაატარეს და საბოლოოდ მივიღეთ მართლა 100%-იანი შედეგი. მოგეხსენებათ, დღეს საქართველო ერთ-ერთი ფლაგმანია კოვიდ19-თან ბრძოლაში და მიმდინარე შედეგები სწორედ მათი დამსახურებაა, შესაბამისად, როგორც მათი სახელი ძალიან წაგვადგება მსოფლიო ბაზარზე გასასვლელად.
https://www.marketer.ge/miz-mask-public-hea...5XacU_wmypvylFo