თბილისი სოჭის ოლქში შესვლას განიხილავდა ერთი მხრივ - ისტორიული ტერიტორიის დაბრუნებად, მეორე მხრივ - აფხაზეთის უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით გადადგმულ ნაბიჯად. ცხადია, ასეთი პოზიცია პატრიოტული იყო და მას საქართველოს ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მხარი დაუჭირა. ვის შეეძლო მისი უარყოფითად შეფასება? არავის, ბოლშევიკებისა და დენიკინელების გარდა. მიუხედავად ამისა, უნდა შევნიშნოთ: 1918 წლის ბოლოს საქართველოში და საერთოდ, კავკასიის რეგიონში შექმნილი პოლიტიკური ვითარება უაღრესად რთული იყო - პერმანენტული ანტისახელმწიფოებრივი გამოსვლები, აჯანყებები, სასაზღვრო კონფლიქტები და სხვა სახის პროვოკაციები საშუალებას არ იძლეოდა სოჭის ოლქის საკითხი მტკიცედ და საბოლოოდ გადაწყვეტილიყო. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უსაფრთხოების გარანტების - გვარდიისა და რეგულარული არმიის ნაწილებს მუდმივად გადაჯგუფება უხდებოდათ ერთი ცხელი წერტილიდან მეორეში, მოშლილი იყო ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მუშაობა, გაღრმავდა ეკონომიკური კრიზისი... მოკლედ, რესპუბლიკას ძალები არ ჰყოფნიდა დაკავებული ტერიტორიის შესანარჩუნებლად. უფრო მეტიც, არსებობდა დიდი საშიშროება დაკარგულიყო თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების ტერიტორიებიც. ამას ქვემოთაც დავინახავთ.
ასე იყო თუ ისე, რადგან ოლქზე საქართველოს იურისდიქცია უკვე ვრცელდებოდა, საჭირო გახდა რიგი ღონისძიებების გატარება. დაიწყო სახელმწიფო ხელისუფლების სტრუქტურების შექმნა, დაისახა შინაგან საქმეთა, იუსტიციის, მიწათმოქმედების და აფხაზეთის საქმეების სამინისტროების ერთობლივი სამოქმედო გეგმა სოჭის ოლქში ნორმალური ვითარების აღდგენის მიზნით. სოჭის ბანკში ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად თბილისიდან ჩაიტანეს რამდენიმე მილიონი მანეთი (ბონებით) და ასეული ათასი სხვადასხვა ვალუტა. აღსანიშნავია, რომ ქართული ბონების კურსი, სოჭში არსებულ სხვა ფულთან, განსაკუთრებით დენიკინის მიერ მოჭრილთან შედარებით, საკმაოდ მტკიცე იყო და მოსახლეობაში დიდი მოთხოვნით სარგებლობდა. განათლების სამინისტროს დამატებით გამოეყო ასი ათასი მანეთი სოჭის ოლქის სკოლების შესანახავად. აგრარული რეფორმის გატარების მოსამზადებლად ქალაქში ჩავიდა საქართველოს მიწათმოქმედების მინისტრი... ქართული ადმინისტრაცია და სამხედრო შტაბი დროებით სოჭის ფეშენებელური სასტუმრო "«კავკასიის რივიერაში»" განთავსდა. იმ ხანებში სოჭში იმყოფებოდა გვარდიის სარდალი ვალიკო ჯუღელი, რომელიც რუსულ ენაზე გამოცემულ თავის წიგნში "«მძიმე ჯვარი», რომელიც დღიურის სახით არის დაწერილი, აღწერს სოჭში არსებულ ვითარებას: «ამ მართლაც ბრწყინვალე კურორტზე ხალხი იმდენი აღარაა, რამდენიც მშვიდობიანობის დროს იყო ხოლმე, მაგრამ მაინც ბევრნი არიან დარჩენილი - ყოფილი"მდიდრები, ძლიერნი ამა სოფლისანი, ფულიანები და გავლენიანები. ისინი მოუთმენლად ელოდებიან ალექსეეველებისა და დენიკინელების მოსვლას. ჩვენ მათ არ მოვწონვართ როგორც დემოკრატები და როგორც ქართველები... («მძიმე ჯვარი», ტფილისი, 1920 წელი). საინტერესოა ერთი კურიოზი, რომელიც თავს გადახდა ვალიკო ჯუღელს: 1918 წლის 11 ნოემბერს, როცა მან გვარდიის პოზიციები დაათვალიერა, სოჭიდან გემით სოხუმში წამოსვლა გადაწყვიტა. ზღვაზე დაწყებული საშინელი შტორმის გამო გემი იძულებული გახდა უახლოეს ნავსადგურში - ტუაფსეში შესულიყო. არადა, ტუაფსე უკვე თეთრების ხელში იყო. ვალიკო ჯუღელი და მისი თანხმლები ხუთი გვარდიელი დააპატიმრეს, თუმცა დიპლომატიური ჩარევის შემდეგ ისევ გაათავისუფლეს. როგორც გვარდიის სარდალი აღნიშნავს, "ტუაფსე, ფაქტობრივად, მკვდარი ქალაქია.
იმავდროულად, მოხალისეთა არმიის მიერ კონტროლირებულ ტერიტორაზე - ყუბანისა და შავი ზღვისპირეთის ქალაქებში (ეკატერინოდარში, ნოვოროსიისკში, ტუაფსეში) გაზეთები საქართველოს წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობისაკენ მოუწოდებდნენ, ვრცელდებოდა ანტიქართული პროკლამაციები საქართველოს მკაცრად დასჯის მოთხოვნით. «მოხალისეთა არმიის ოფიცრები, როცა სამშობლოში მომავალ ქართველებს ხვდებიან, მათ ასეთი სიტყვებით ისტუმრებენ ხოლმე - მოიცათ, მალე ვიქნებით ტფილისში და მაშინ ნახავთ თქვენს სეირს თქვენი ჟორდანიებით, გეგეჭკორებითა და რამიშვილებითო. განსაკუთრებით სძულთ გეგეჭკორი», - წერდა გაზეთი "ერთობა" 1918 წლის 10 დეკემბერს.
სანამ სოჭის ოლქის ირგვლივ ასეთი ვითარება იყო, ევროპაში უმნიშვნელოვანესი ამბები მოხდა - პირველ მსოფლიო ომში გერმანია და მისი მოკავშირეები ანტანტის ქვეყნებთან (დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, აშშ) დამარცხდნენ. ბერლინმა საქართველოდან თავისი ჯარები გაიწვია. სამხრეთ კავკასიაში მათი ადგილი, ანტანტის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ინგლის-საფრანგეთის სამხედრო ნაწილებმა დაიკავეს. რადგანაც ანტანტა დიდ დახმარებას უწევდა დენიკინს საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, იგი იმედოვნებდა, რომ ინგლისი მხარს დაუჭერდა სოჭის ოლქის საკითხის გადაჭრაში, ცხადია, მის სასარგებლოდ. საქართველოსათვის საერთაშორისო პოლიტიკური ვითარება არახელსაყრელი შეიქმნა - თბილისი, რომელიც გერმანიის მხარდაჭერით სარგებლობდა, ახლა იძულებული გახდა ანტანტისათვის მიეპყრო იმედის თვალი. ცხადია, მთავრობა საკმაოდ უხერხულ დიპლომატიურ სიტუაციაში ჩავარდა. დენიკინმა კი, წარმატების მოლოდინში, დაიწყო ჯარების თავმოყრა ლაზა-რევსკაიასა და ლოოს შორის, ქართული სამხედრო ნაწილების პოზიციებთან.
თბილისში ეს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
საქართველოს დიპლომატიის მესვეურებს საკმაოდ რთული ამოცანა უნდა შეესრულებინათ - «მათ დიდი ბრიტანეთის სამხედრო მისია როგორმე უნდა დაერწმუნებინათ თავიანთ სიმართლეში და ამით თავიდან აეცილებინათ ქვეყნის ტერიტორიის ხელყოფა თეთრი არმიის მხრიდან. უნდა ითქვას, რომ მთავრობამ ეს ამოცანა პირველ ეტაპზე მეტ-ნაკლებად წარმატებით გადაჭრა. როცა ოფიციალურმა თბილისმა ბრიტანელებს მიმართა, სოჭის ოლქი - სადავო ტერიტორია, თეთრი რუსების ნაცვლად, დროებით მათ დაეკავებინათ, ინგლისელებმა ეს წინადადება უარყვეს და დაჟინებით მოსთხოვეს ჩვენს მთავრობას, რომ ოლქი დროებით ისევ საქართველოს შემადგენლობაში დარჩენილიყო და ადმინისტრაციაც ჩვენი ყოფილიყო»... - წერდა გაზეთი «სახალხო საქმე» 1919 წლის თებერვლის დასაწყისში, - საბოლოოდ კი, ოლქის მიკუთვნების საკითხი პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გადაწყდებოდა. რაც შეეხება დენიკინის ჯარების თავმოყრას ლაზარევსკაია-ლოოს პლაცდარმთან, ბრიტანული სამხედრო მისიის წევრებმა მათთან მისული საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონსტანტინე საბახტარიშვილი და გენერალი ალექსანდრე გედევანიშვილი დაამშვიდეს, რომ მოხალისეთა არმიისაგან საფრთხე მოსალოდნელი არ იქნებოდა. მათი დაპირების იმედზე მყოფმა საქართველოს მთავრობამ სოჭის რაიონში დისლოცირებული ქართული სამხედრო ნაწილები აწყურ-ახალციხის ფრონტზე გადაისროლა, რადგან ყარსიდან და არტაანიდან შემოსეულმა თურქთა შეიარაღებულმა რაზმებმა ახალციხე დაიკავეს (ყარსისა და არტაანის ოლქების ტერიტორიაზე ადგილობრივმა თურქმა ავანტიურისტებმა გამოაცხადეს ეგრეთ წოდებული ყარსის რესპუბლიკა, რომლის შემადგენლობაში ისინი ადიგენს, ახალციხეს და ახალქალაქსაც მიიჩნევდნენ).
სოჭის ტრაგედია
ბრიტანელებმა საქართველოს უსაფრთხოება კი აღუთქვეს, მაგრამ დენიკინმა მათი პოზიცია ყურად არ იღო. მოვლენები სწრაფად განვითარდა. 1919 წლის 29 იანვარს, დილით, ლოო-გოლოვინკის საგუშაგოზე ქართველებს მოხალისეებმა ულტიმატუმი წაუყენეს - იარაღი დაეყარათ და სოჭიდან უკან დაეხიათ. სოჭის გარნიზონის უფროსმა გენერალმა კონიაშვილმა და მთავრობის რწმუნებულმა მუხრან ხოჭოლავამ ეს ამბავი თბილისს დაუყოვნებლივ აცნობეს. თავის მხრივ, მინისტრმა გეგეჭკორმა სთხოვა ინგლისის მისიას, კიდევ ერთხელ გაეფრთხილებინა მოხალისეები, წინ არ წამოსულიყვნენ, სისხლის ღვრა რომ არ მომხდარიყო. შესაძლებელი იქნებოდა საკითხის საბოლოო გარკვევამდე სოჭის ოლქი ნეიტრალურ ზონად გამოცხადებულიყო. მაგრამ სანამ მოშლილი ტელეგრაფი ბრიტანელების გაფრთხილებას სოჭამდე მიიტანდა, ქალაქში საშინელი ტრაგედია დატრიალდა - იქ დისლოცირებულ მცირერიცხოვან ქართულ გარნიზონს დენიკინელებმა ალყა შემოარტყეს, ნაწილი გაანადგურეს, ნაწილი ტყვედ ჩაიგდეს. სამწუხაროდ, სხვებთან ერთად ტყვედ ჩავარდნენ გენერალი კონიაშვილი, პოლკოვნიკი წერეთელი და მთავრობის რწმუნებული სოჭის ოლქში მუხრან ხოჭოლავა (თუმცა, მოგვიანებით, მარტის ბოლოს, ბრიტანული სამხედრო მისიის ჩარევის შედეგად, ისინი გაათავისუფლეს).
როგორც იმდროინდელი ქართული გაზეთები წერდნენ, დენიკინელებს ქალაქის აღებაში დიდი დახმარება გაუწიეს ადგილობრივმა სომხებმა, რომლებიც ორი თვის წინათ ბორჩალოს მაზრაში მომხდარი საქართველო-სომხეთის შეტაკებაში განცდილი დამარცხების გამო ანტიქართულად იყვნენ განწყობილნი.
სოჭის ოლქში დაიწყო რეპრესიები, იქ დარჩენილი ქართველების დაპატიმრება და მათი ძარცვა. მომხდარი ტრაგიკული ამბების გამო საქართველოს მთავრობამ 1919 წლის 9 თებერვალს თბილისში არსებულ უცხო სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენლებს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც ნათქვამი იყო: "«მიღებული ოფიციალური ცნობებით, მოხალისეთა ჯარის სარდლობა სოჭის აღების შემდეგ აპირებს დახვრიტოს იქ მყოფი საქართველოს სახელმწიფო თანამდებობის ყველა პირნი... გთხოვთ მიიღოთ შესაფერისი ზომები ამის აღსაკვეთად. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ თუ მოხალისეთა ჯარი ასეთ შემაძრწუნებელ საქმეს ჩაიდენს, ან თუ გააგრძელებს რეპრესიებს ადგილობრივი ქართული მოსახლეობის მიმართ საქართველოსადმი სიმპათიის გამო, საქართველოს მთავრობაც სასტიკ ზომებს მიმართავს იმ პირთა წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და რაიმე კავშირი აქვთ მოხალისეთა ჯართან»..." (გაზეთი «სახალხო საქმე», 1919 წლის 11 თებერვალი).
რაც შეეხება თვით სოჭის ოლქის კუთვნილების საკითხს, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ ბრიტანელთა მისიას ასეთი ნოტით მიმართა:"«...თქვენს აღმატებულებას მოეხსენება, რომ ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ სურვილი სოჭის ოლქის დაცლისა იმ პირობით, რომ მომხდარიყო სადავო ზონის განეიტრალება და იქ ინგლისის ჯარის ნაწილები დაბინავებულიყო. საქართველოს მთავრობის აზრით, საკითხის მხოლოდ ასეთი სახით გადაჭრას შეეძლო თავიდან აეცილებინა შეტაკება... საქართველოს მთავრობა კვლავ იძლევა წინადადებას გაიწმინდოს ოლქი მოხალისეებისაგან და მოხდეს მისი ნეიტრალიზება პარიზის საზავო კონფერენციის დადგენილებამდე...».
სანამ თბილისში ნოტების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობდა, დენიკინელებმა დაიკავეს ადლერი, ვესიოლოე, პილენკოვო, გაგრა და მდინარე ბზიფთან გაჩერდნენ - ე.ი. აღადგინეს 1904 წელს დადგენილი ადმინისტრაციული საზღვარი.
1919 წლის თებერვლის ბოლოს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ (პარლამენტმა) მოისმინა სახელმწიფოს მეთაურის ნოე ჟორდანიას ინფორმაცია სოჭის ამბების შესახებ. საკითხი ისე იდგა, რომ ახლა უკვე საქართველო კარგავდა არა მხოლოდ სოჭს, არამედ გაგრასაც. როგორც ჟორდანიამ განაცხადა, «...გაგრის ოლქი არის საქართველოს ჭიშკარი. ჩვენ გვეუბნებიან, ბზიფის წყალი არის თქვენი საზღვარიო, მაგრამ ეს ასე არაა. საუკუნეთა განმავლობაში გაგრის ტერიტორია საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა, ამიტომ ჩვენ მას ვერ დავთმობთ...»" (გაზეთი"«სახალხო საქმე», 1919 წლის 20 თებერვალი). პარლამენტმა ინფორმაცია ცნობად მიიღო და მოიწონა მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები.
როგორც აღვნიშნეთ, დაპყრობილ ტერიტორიებზე დენიკინელებმა ტერორი გააჩაღეს. ისევე როგორც სოჭში, გაგრაშიც განსაკუთრებით დევნიდნენ ქართველებს. მათი მკვლელობა, გაუპატიურება და ძარცვა-გლეჯა ყოველდღიურ მოვლენად იქცა. სოჭში დარჩენილი ქართველობის ხელმძღვანელმა მიხეილ ხოფერიამ ამ ფაქტების შესახებ ინგლისელთა წარმომადგენელს სპეციალური კომისიის აქტებიც კი გადასცა, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. 9 აპრილს შეწუხებული მოსახლეობა აჯანყდა, საპასუხოდ, მოხალისეები შეეცადნენ პლასტუნკისა და სხვა სოფლების გადაწვას.
რა თქმა უნდა, ეს ცნობები მდინარე ბზიფის ნაპირზე განლაგებული საქართველოს გვარდიის ნაწილებმა იცოდნენ, ისინი მზად იყვნენ შეტევის დასაწყებად (მით უმეტეს, რომ არტილერიის, იარაღისა და ცოცხალი ძალის შევსება მიიღეს), მაგრამ ბრიტანელები ამის წინააღმდეგნი იყვნენ. მათ საქართველოს მთავრობას რამდენჯერმე აცნობეს, რომ მოხალისეები გაგრას მალე დატოვებდნენ, შეტევა საჭირო არ იყო, მაგრამ პარადოქსული რამ ხდებოდა - თვით დენიკინი ბრიტანელების მითითებებს უგულებელყოფდა. 12-15 აპრილს გვარდიის პოზიციები პირადად შეამოწმა ვალიკო ჯუღელმა და დარწმუნდა, რომ მებრძოლთა მორალური მდგომარეობა და სამხედრო მომზადება ძალზე მაღალი იყო. მიუხედავად ინგლისელთა მოსალოდნელი უკმაყოფილებისა, 16 აპრილს გვარდიის ქვედანაყოფებმა გადალახეს ადიდებული ბზიფი, დენიკინელები გაყარეს სოფელ ოტრადნოედან, კოლხიდიდან, დაიკავეს გაგრა, 18 აპრილს მდინარე მეხადირიც უკან მოიტოვეს... ამ მოვლენასთან დაკავშირებით დამფუძნებელ კრებაში მიწვეულმა ევგენი გეგეჭკორმა გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ: «ორი თვე გავიდა ინგლისელთა დაპირებიდან, მაგრამ საკითხი კვლავ ღიად რჩებოდა. ორი თვის ლოდინი კი, ძალიან კარგად მოგეხსენებათ, რა ფსიქოლოგიურ ატმოსფეროს შექმნიდა ჩვენს ჯარებში... ეს ხელს შეუწყობდა ფრონტის დეზორგანიზებას. ყველაფერს თავისი დასასრული უნდა ჰქონდეს. ჩვენ პრეტენზიებზე ხელს არ ვიღებთ, მაგრამ იმავე დროს სოჭის ოლქი მიგვაჩნია პარიზის კონფერენციის საკითხად და ახლა იმ დრომდე, სანამ ეს საკითხი გადაწყდებოდეს, ჩვენ აუცილებლად მიგვაჩნია დავიჭიროთ ის საზღვრები, რომლებიც საქართველოს უდავო ტერიტორიაა...».
გვარდიის შეტევის დაწყების შემდეგ ბრიტანელები ოპერატიულად ამოქმედდნენ. საქართველოს მთავრობისადმი გაგზავნილ ნოტაში ისინი მიუთითებდნენ, რომ მზად არიან სადემარკაციო ხაზის გასავლებად მდინარე ბზიფთან და ამიტომ ქართველებმა უკან უნდა დაიხიონ.
რა ხდებოდა გაგრის ფრონტზე? «მტერი უკანმოუხედავად იხევს... ჩვენმა ცხენოსანმა დივიზიონმა გადალახა მდინარე ფსოუ და ადლერთან მდინარე მზიმთას ნაპირზე გავიდა... მაგრამ თბილისიდან ბრძანება მოვიდა - უნდა შევასრულოთ ბრიტანელების მოთხოვნა და უკან, ბზიფზე დავბრუნდეთ... საშინელებაა, მაგრამ რას ვიზამთ, ჩვენი ბედი ასეთი ყოფილა. ტყვედ ჩავიგდეთ მოხალისეთა არმიის 500-მდე ჯარისკაცი», - წერს ვალიკო ჯუღელი თავის დღიურებში.
ბრიტანელთა მკაცრ მოთხოვნაში და ფარულ მუქარაში დენიკინისადმი მხარდაჭერაც გამოსჭვიოდა და საქართველო, რომ იტყვიან, «კბილების კრაჭუნით» დაეთანხმა ჯარების უკანდახევას იმ მტკიცე გარანტიით, რომ მოხალისეები არ გადმოლახავენ მდინარე მეხადირს, ხოლო ბზიფიდან მეხადირამდე შექმნილ ნეიტრალურ ზონას ინგლისელები დაიკავებდნენ, დააყენებდნენ პიკეტებს და სამშვიდობო ძალებს. თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა წერილი გაუგზავნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს ლოიდ ჯორჯს, რომელშიც აღნიშნავდა, რომ: «საქართველოს მთავრობას სურს მიიღოს რეალური გარანტიები მისი ტერიტორიების ხელშეუხებლობისათვის, რადგან ამის მწარე გამოცდილება გვაქვს, როცა დენიკინი, მიუხედავად ბრიტანიის დარწმუნებისა, მაინც დაგვესხა თავს...». დასასრულს, გეგეჭკორი გამოთქვამდა რწმენას, რომ ბრიტანელი სამხედროები პარიზის კონფერენციამდე პიკეტებით დაიცავდნენ საქართველოს უსაფრთხოებას. ამჯერად ბრიტანელებმა დანაპირები შეასრულეს.
ამრიგად, საქართველოს ტერიტორიაზე, მდინარეების მეხადირსა და ბზიფს შორის, შეიქმნა კიდევ ერთი ნეიტრალური ზონა (უფრო ადრე იგივე სტატუსი მიიღო ლორის რაიონმაც სომხეთთან ომის შედეგად), რომელიც ადმინისტრაციული თვალსაზრისით, საქართველოს ექვემდებარებოდა, მაგრამ იქ სამხედრო ძალების შეყვანა ეკრძალებოდა. ცხადია, ეს ხელისუფლების იურისდიქციის შეზღუდვას ნიშნავდა.
რაც შეეხება პარიზის სამშვიდობო კონფერენციას, საქართველოს დელეგაციამ ანტანტის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელთა ამ უმაღლესი დონის შეხვედრაზე მართლაც წარადგინა მოთხოვნები საზღვრების დადგენის შესახებ, რომლის თანახმად, სოჭის ოლქში საზღვარი უნდა უნდა გავლებულიყო ტუაფსედან 14 კილომეტრის დაშორებით, მდინარე მაკოფსეზე, მაგრამ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა.
1920 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ ჩრდილოეთ კავკასიაში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია - გაანადგურა მოხალისეთა არმია და სოჭი-ადლერი დაიკავა, აპრილში მდინარე ფსოუსთან წითლების მოწინავე ნაწილები გამოჩნდნენ. დიდი ბრიტანეთი კი, ანტონ დენიკინის დამარცხების შემდეგ, ამ რაიონის ბედით აღარ იყო დაინტერესებული. საქართველოს მთავრობა იძულებული გახდა ხელი აეღო ტერიტორიულ პრეტენზიებზე სოჭის ოლქის მიმართ - ევროპამ მხარი არ დაგვიჭირა, ბოლშევიკებს კი თბილისთან ძველი ანგარიშები ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ 1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების პირველ პუნქტში ჩაიწერა, რომ ორ სახელმწიფოს შორის საზღვარი გადის მდინარე ფსოუზე, ბოლშევიკებმა, სამომავლოდ, მათთვის სასარგებლო სიტუაციის შექმნის მიზნით, მაისის შუა რიცხვებში მაინც მიაღწიეს იმას, რომ სანამ საზღვარი სპეციალური კომისიის მიერ დაზუსტდებოდა, მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული ტერიტორია დემარკაციულ ზონად გამოეცხადებინათ. როგორც სამხედრო მინისტრი გრიგოლ ლორთქიფანიძე აღნიშნავდა ნოე ჟორდანიასადმი მოხსენებაში: «არც ჩვენ და არც რუსეთს აღნიშნულ ზონაში მოქმედი ჯარის შეყვანა არ შეგვიძლია, ადმინისტრაციულად კი ეს ტერიტორია შედის ჩვენი მთავრობის გამგებლობაში იქ არსებობს ჩვენი ადმინისტრაცია»." (სცსსა, ფონდი 1961, აღწ.2, საქმე 203). თუმცა, უნდა ითქვას, რომ საქართველოს მთავრობა არ შეურიგდა ასეთ ვითარებას, საჭიროდ ჩათვალა საზღვრების უსაფრთხოების განმტკიცების ზომები მიეღო და 1920 წლის 16 ნოემბერს დაადგინა: - გაგრა და ბიჭვინთა გამოიყოს გუდაუთის მაზრიდან და დაარსდეს გაგრა-ბიჭვინთა-ფსოუს სამხედრო რაიონი, რომელიც პირდაპირ დაექვემდებარება მთავრობას. ამ რაიონში დაინიშნოს მთავრობის საგანგებო კომისარი. გაუქმებულ იქნას მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული ნეიტრალური ზონა" (იმავე ფონდის იგივე საქმე).
ასე რომ, ამ სტატიის სათაურში არსებულ კითხვას მოკლე რეზიუმეთი შეიძლება ვუპასუხოთ: 1918 წლის ივლისიდან 1919 წლის თებერვლამდე სოჭის ოლქს საქართველო კი აკონტროლებდა, მაგრამ უმძიმესი სამხედრო-პოლიტიკური ვითარების, აგრეთვე, საერთაშორისო კონიუნქტურის გამო, მთავრობამ, მიუხედავად დიდი მცდელობისა, მისი შენარჩუნება ვერ შეძლო, იძულებული გახდა ეს ტერიტორია ბრძოლებით დაეტოვებინა. მოგვიანებით, 1920 წლის აპრილში ოლქი რუსეთის წითელმა არმიამ დაიკავა. საქართველოს აღარ შეეძლო ომი ეწარმოებინა საბჭოთა რუსეთთან სოჭის ოლქისათვის... საბოლოოდ კი 1920 წლის მაისის საქართველო-საბჭოთა რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულების თანახმად, დე ფაქტო არსებული ვითარება დე იურე გაფორმდა - სოჭის ოლქი რუსეთს გადაეცა.
1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, თითქოსდა სადავო აღარაფერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა უკვე ერთმანეთს რუსი და აფხაზი კომუნისტები დაუპირისპირდნენ... მდინარე მეხადირსა და ფსოუს შორის არსებული პილენკოვოს რაიონის კუთვნილების გამო.
http://www.amsi.ge/istoria/div/soWi.html This post has been edited by M A N E R A on 16 Nov 2014, 21:22