“სოფლის მეურნეობაში 300 000 სამუშაო ადგილის შექმნა სრულიად რეალურია” – ინტერვიუ მოქალაქეების ლიდერ ალექსანდრე ელისაშვილთან
ბ–ნო ალეკო, თქვენივე ციტატით დავიწყებ: „ჩვენი გეგმა ორ ფეხზე დგას: სოფლის მეურნეობა და განათლება“, მაგრამ 30 წელია, ყველა პოლიტიკოსი სოფლის მეურნეობის აღორძინებაზე საუბრობს და შედეგი არ ჩანს. ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან გვახსოვს – ჩაით და ბორჯომით გავმდიდრდებითო. იქნებ, სხვა საქმეს უნდა მივხედოთ და სხვაგან ვეძებოთ წარმატება?
– მეც გავიმეორებ ამ სიტყვებს, ნამდვილად ორ ფეხზე დგას ჩვენი გეგმა: სოფლის მეურნეობა და განათლება, რადგან სოფლის მეურნეობა გამოგვკვებავს, ხოლო ცოდნა გაგვამდიდრებს.
რაც შეეხება თქვენს კითხვას სხვა სფეროებში წარმატების ძიებასთან დაკავშირებით, პასუხს ნიკო ნიკოლაძის სიტყვებით დავიწყებ:
„წარსულში ჩვენ ძლიერი ვიყავით არა იმით, რომ ვმეომრობდით, არამედ მიწისადმი ერთგულებით“
სირცხვილია მსოფლიოში ცნობილი 52 ნიადაგიდან – 49 გვქონდეს ქვეყანაში, მიწათმოქმედების ქვეყანას გვიწოდებდნენ და ხარისხიანი ან, უბრალოდ, 100–ჯერ უფრო გემრიელი ქართული პროდუქტის ნაცვლად ირანული ნივრითა და თურქული პომიდვრით ვიკვებებოდეთ.
აქაც განათლებით უნდა დავიწყოთ, რადგან:
მხოლოდ განათლება, თანამედროვე პრაქტიკებისა და ტექნოლოგიების ზედმიწევნით კარგად შესწავლა მოგვცემს საშუალებას, ჩვენი ბუნებრივი სიმდიდრე მატერიალურ სიმდიდრედ ვაქციოთ და ქართველებმა ღირსეული ცხოვრება დავიბრუნოთ.
განათლების ბრალია, რომ სოფლის მეურნეობა აგრობიზნესისგან ვერ გაგვირჩევია, გლეხი კი – ფერმერისგან.
განათლების ბრალია, რომ ფერმერობა მიწაზე თოხის უშედეგო ბაკუნად მიგვაჩნია, როდესაც ჰოლანდია, რომელიც 2-ჯერ ჩვენზე ნაკლებია ხმელეთით, 14-ჯერ ჩვენზე მეტი ღირებულების აგროპროდუქტს აწარმოებს.
არ გვინდა ჰოლანდია, აგერ მეზობელი სომხეთი გვჯობნის და საშუალოდ 55%-ით მეტი ღირებულების პროდუქციას აწარმოებს, აზერბაიჯანიც – 2.5-ჯერ მეტს, თურქეთზე საერთოდ აღარაფერს ვამბობ – პირველ ათეულშია და საშუალოდ 50 მილიარდი დოლარის სასოფლო–სამეურნეო პროდუქციას აწარმოებს. ქართველები კი იმათ მიწაზე დავდივართ თხილის საბერტყად.
განათლების ბრალია, რომ არ ვიცით, რა 11 სასოფლო–სამეურნეო სპეციალიზაციის ზონად დაყვეს ძველმა ქართველმა აგრარიკოსებმა საქართველო; სად მეცხოველეობა სჯობს ადგილობრივი გარემოს გათვალისწინებით, მაგალითად, ჯავახეთის მთიანეთში და სად – სხვა კულტურის მოყვანა. ყველგან ყველაფერს ვთესავთ და მერე ვწუწუნებთ.
თქვენ რომ გაიხსენეთ „ჩაი და ბორჯომი გაგვამდიდრებსო“, – ეგ ხედვაც ცუდი განათლების ბრალია, რადგან ერთ ან ორ მიმართულებაზე ჩამოკიდებული არათუ მთელი ეკონომიკა, ცალკე აღებული სოფლის მეურნეობაც კი განწირულია.
ყველამ ვიცით, რომ იგივე ჰოლანდია ცნობილია ყვავილების, უფრო კონკრეტულად, ტიტების გაშენებით და გაყიდვით. როგორ ფიქრობთ, მარტო ტიტებით შექმნეს 14 მილიარდი დოლარის პროდუქტი?! თბილისში, „პირიმზესთან“ რომ ყვავილების ბაზარია, ეგაა ჰოლანდიის აგროსექტორი, ოღონდ დიდი?! არა! წარმოებითაც ათასობით კულტურას აწარმოებს და უამრავი ლოჯისტიკური მომსახურება აქვს განვითარებული. უბრალოდ, ზევიდან გადაღებული ყვავილები გვახსოვს შთამბეჭდავ კადრად.
სოფლის მეურნეობაზე მსჯელობა იქიდან უნდა დავიწყოთ, თუ რამდენი მიწა გვაქვს; რამდენია აქედან ათვისებული და რამდენია – აუთვისებელი; რამდენად განვითარებულია ლოჯისტიკა – საწყობები, სამაცივრე მეურნეობები. ამ ყველაფრის გარეშე მიწაზე მუშაობა მართლაც თოხის უშედეგო ბაკუნია.
უნდა ვისაუბრობთ იმაზე, რომ ჰექტრამდე მიწათმფლობელობის ბრალია, ქართველი გლეხი თავს რომ ვერ ირჩენს. ერთი ჰექტარი რომ გაქვს, ისიც ორ-სამ ნაკვეთად დაშლილი და გაბნეული, თითო ნაკვეთზე ტრაქტორს რომ მიიყვან და მარტო მის მოტრიალებაში რომ კარგავ მიწის 1/5-ს და მოუხვნელი გრჩება, რა მოგება უნდა დაგრჩეს?
ხშირად მესმის ახალგაზრდებისგან, რომ არამოგებიანია სოფლის მეურნეობა, ტექნოლოგიებს მივაწვეთო, არადა, სწორედ თანამედროვე ტექნოლოგიები გვჭირდება სოფლის მეურნეობის ასაღორძინებლად. ახლანდელი სათბურები რომ ნახოთ იგივე ჰოლანდიაში, ყველაფერი ავტომატიზებულია. მცირე ნაკვეთებს ხალხი ტელეფონებით მართავს. აბა, ცალკე ტექნოლოგიებს მივაწვეთ, რას ნიშნავს?! რობოტები ვაწარმოოთ?! ტელევიზორს ვერ ვაკეთებდით კარგად, გახსოვთ, „ივერია“? რა რობოტი უნდა ავაწყოთ? ქვეყნის მთავარ ტექნიკურ სასწავლებელში – „გე–პე–იში“ სწავლა დღემდე არაპრესტიჟულად ითვლება და როგორ უნდა გავხდეთ ტექნოლოგიების ქვეყანა?! რობოტების კეთება ჯობია, დავუტოვოთ იაპონიას, კორეას, ჩინეთს და სხვებს. მაგრამ განათლებით, სხვა პრაქტიკებისა და გამოცდილებების კარგად გააზრებით, სხვისი წარმოებული, მაგრამ სწორი ტექნოლოგიები ჩამოვიტანოთ, მცოდნე ხალხი ჩამოვიყვანოთ, მათთან ერთად დავნერგოთ სიახლეები და შედეგად, ბუნებრივი რესურსებით მდიდარი ქვეყანა, მატერიალურად მდიდარ ქვეყნად ვაქციოთ.
– რა კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას აპირებთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით?
– განათლება, როგორც ვთქვი, პირველწყაროა ამ ქვეყნის შველის, მაგრამ თავად აგრარული საქმე, პირველ რიგში, იწყება მიწით.
საქართველოს სასოფლო–სამეურნეო მიწების საერთო ფართობი 3 მილიონ ჰექტარზე ოდნავ მეტია:
სახნავი მიწის ფართობი – 0.802 მილ.ჰა.
მრავალწლიანი კულტურები – 0.26 მილ.ჰა.
მინდვრები და საძოვრები – 1.97 მილ.ჰა.
გადავდოთ მინდვრები და საძოვრები ცოტა ხნით და ამ ერთ მილიონ ჰექტარ სახნავ–სათესსა და მრავალწლიანი კულტურების რესურსზე ვისაუბროთ: ევროკავშირის სამეზობლო პროგრამის ანგარიშში შავით თეთრზე წერია, რომ ამ მიწების 45% ჯერ კიდევ სახელმწიფოს ბალანსზეა ანუ აუთვისებელი რესურსი გვაქვს დაახლოებით 450 000 ჰექტარი, ხოლო განკერძოებული ნაწილი ისე არაეფექტურად გვაქვს განაწილებული, რომ 2014 წლის სასოფლო-სამეურნეო აღწერის მიხედვით, მიწათმოსარგებლეთა 73% ერთ ჰექტრამდე მიწას ფლობს. 1-იდან 5 ჰექტრამდე მიწა აქვს მესაკუთრეთა 25.5%-ს, ხოლო 5 ჰექტარზე მეტი – მიწათმფლობელთა მხოლოდ 1.5%–ს.
ერთ ჰექტრამდე მიწათმოსარგებლეობა ჩანასახში არამოგებიანს ხდის სოფლის მეურნეობას. რა უნდა ვისწავლოთ ამ არასწორი განაწილებისგან? უნდა ვისწავლოთ ის, რომ დანარჩენ მიწასაც იგივე პრინციპით თუ დავარიგებთ, გვეყოლება მილიონამდე მიწათმფლობელი, თითოეულს ექნება მცირე მიწა, მერე მიატოვებენ ამ მიწას და ისევ არაფერი შეიცვლება.
პირველი რიგის ამოცანაა:
ამ აუთვისებელი, ნახევარ მილიონ ჰექტრამდე სახნავ-სათესი და მრავალწლიანი კულტურების მიწის ეტაპობრივი, სამართლიანი პრივატიზაცია ისე, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არა მხოლოდ ამ ნახევარი მილიონის განკერძოებით, არამედ მთლიანი, კერძო მფლობელობაში არსებული რესურსით მივიღოთ 30 ჰექტრის მფლობელობა ერთ ფერმერზე.
მარტივი მათემატიკაა: თუ სულ მილიონი ჰექტარი გვაქვს სახნავ–სათესი მიწა და გვინდა, რომ ოდესღაც 30 ჰექტარს ფლობდეს საშუალოდ ფერმერი, გამოდის, რომ საშუალოდ 30 000 მესაკუთრე გვჭირდება. ვიღაცა იფიქრებს, აბა, ეგ რა სახალხო საქმეაო, მაგრამ საქმეც ეგ არის – ჩვენ გვჭირდება 30 000 აგრობიზნესით დაკავებული ადამიანი, 30 000 – საქმოსანი, რომელიც სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და გაზრდის პროდუქტულობას. თითო ფერმერმა საშუალოდ 10 სამუშაო ადგილი რომ შექმნას, 300 000 სოფლად დასაქმდება და გაცოცხლდება სექტორი.
მეორე:
სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, კიდევ უფრო მსხვილ მეურნეობებად უნდა გავაერთიანოთ მიწათმფლობელები ანუ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს მათ თანამედროვე ამხანაგობა-კოოპერატივებად ჩამოყალიბებას. მსხვილი კოოპერატივების მექანიზაციით უზრუნველყოფა არის ჩვენი გეგმის ნაწილი, სახელმწიფო ტრაქტორებით მომსახურება კი არა, ამ ტრაქტორებისა და სხვა ტექნიკის საკუთრებაში გადაცემა. მათი უნდა იყოს ის ტრაქტორიც, სხვა მექანიზაციაც და ტრაქტორის მძღოლსაც ხელფასი თავად უნდა გადაუხადონ და არა სახელმწიფომ ხალხის გადასახადებისგან აკრეფილი ფულით.
მესამე:
საჭიროა ლოჯისტიკის მიმართულებით ინვესტიციების რეალური ხელშეწყობა. ყველამ ვიცით, რომ სამაცივრე და სხვა საკვანძო სასაწყობე მეურნეობების შექმნა – იაფი საქმე არ არის, მაგრამ თუ სახელმწიფო სრულად გაათავისუფლებს გადასახადებისგან მსგავსი ტიპის ბიზნესებს, მინიმუმ, 10 წლის ვადით, ეს სფერო, როგორც საინვესტიციო შესაძლებლობა, გახდება საინტერესო. ასევე, შეიქმნება სამუშაო ადგილები.
მეოთხე:
ბიოორგანული მეურნეობების წახალისება, მითუმეტეს, რომ ჯერ კიდევ ამდენი აუთვისებელი რესურსი გვაქვს. ძვირი ჯდება ბიომეურნეობის გაშენება; ძვირი ჯდება მიწის ინსპექტირება და შესაბამისი სერთიფიცირების გავლაც. ეს უკანასკნელი შეიძლება, საერთოდ 4 სეზონის განმავლობაში გაიწელოს, მაგრამ:
ა) არსებობს მოთხოვნა დასავლურ ბაზრებზე;
ბ) გვაქვს უამრავი, ხელუხლებელი, შეუწამლავი მიწა, სადაც შეიძლება ბევრად მალე მივიღოთ ბიოპროდუქტის სტანდარტების შესაბამისი ნიადაგი, ვიდრე ამას აკეთებენ ევროპაში. იქ ყველაფერი კერძოა, დიდი ხანია. შესაბამისად, ბიომეურნეობისთვის მიწის გადამზადება უფრო ხარჯიანია, ვიდრე ხელუხლებელ მიწაზე იგივე საქმის წამოწყება.
იგივე ჰოლანდიამ 2016 წელს 1 მილიარდი ევროს ბიოორგანული პროდუქცია გაყიდა. ახალი ბაზარია, ნიშურია, დიდ ფულს იხდის მომხმარებელი (ევროპულ სუპერმარკეტებში, ჩვეულებრივ ღვინოზე საშუალოდ 25%-ით მეტი ღირს ბიოორგანული ღვინო) და თან ხარისხს ანიჭებს ძალიან დიდ მნიშვნელობას. მეტი რა გვინდა? ვფიქრობთ, რომ ბიოორგანულ მეურნეობებში სახელმწიფომ, მინიმუმ, ინსპექტირებისა და სერთიფიცირების ხარჯი უნდა დააფინანსოს, სანამ ფერმერი წელში გაიმართება.
მეხუთე და ყველაზე მთავარი:
გაყიდვების ხელშეწყობა. ჩვენ კარგად ვხვდებით, რომ ყველაფერი, რაც ზევით ვთქვი, ერთბაშად და სწრაფად ვერ განხორციელდება. საწყის ეტაპზეც და – მერეც. მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სწორი მონაწილეობა ქართული აგრარული პროდუქტის რეალიზებაში, რომ ადამიანებს შრომა დაუფასდეთ. აქ ორი რეალური შესაძლებლობაა:
ა) აგრობირჟების შექმნა რეგიონებში. ბირჟა რა არის? ეს არის ადგილი, სადაც ერთმანეთს ხვდებიან მყიდველი და გამყიდველი. ორი ტიპის ბირჟა არსებობს – რეგულირებადი და არარეგულირებადი. რეგულირებად ბირჟაზე ხარისხი დაცულია – უხარისხოს არავინ შეგატანინებს. რეგიონებში უნდა შევქმნათ სახელმწიფოს მიერ რეგულირებადი აგრობირჟები, სადაც შეტანილი პროდუქციის ხარისხის გარანტი, როგორც ადგილობრივი, ასევე გარემყიდველისთვის, იქნება საქართველოს სახელმწიფო, რადგან ქართული პროდუქციისთვის ხარისხი უნდა იყოს განმსაზღვრელი.
ბ) სახელმწიფო შესყიდვების დროს ცალსახა უპირატესობა უნდა მიენიჭოს ხარისხიან ქართულ პროდუქციას.
რას მივიღებთ ჯამში:
ქართულ მიწას გაუჩნდება პასუხისმგებლიანი პატრონი;
ეს პასუხისმგებლიანი პატრონები გაერთიანდებიან კოოპერატივებში; შექმნიან მსხვილ ფერმებს და შესაბამისად, დაასაქმებენ ხალხს;
გაჩნდება საინტერესო საინვესტიციო გარემო იმისთვის, რომ მსხვილ ფერმებზე მოყვანილ პროდუქციას გაეწიოს ლოჯისტიკური მომსახურება; ზოგი მაცივარს ააშენებს, ზოგი ლაბორატორიას გახსნის;
სექტორი დაფოკუსირდება ბიოორგანულ წარმოებაზე და ექსპორტზე;
ყველა მეწარმეს ეცოდინება, რომ თუ მისი ნაწარმი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ხარისხის სტანდარტს აკმაყოფილებს, პროდუქციის ნაწილი აგრობირჟებზე გაეყიდება, ნაწილს კიდევ – ჯარს ან სხვა სახელმწიფო სტრუქტურას მიჰყიდის.
– თქვენი აზრით, რა წილი ექნება საქართველოს ეკონომიკაში სოფლის მეურნეობას, თუ თქვენი გეგმა წარმატებით შესრულდა?
– მართალი გითხრათ, ერთი ცალკეული სექტორის წილზე საუბარს აზრი არ აქვს. რაც უფრო ნაკლები წილი აქვს სექტორს ქვეყნის ეკონომიკაში და ამავდროულად, დიდი აქვს ბრუნვა, მით უფრო ჯანსაღია ეკონომიკა.
2018 წელს სოფლის მეურნეობის წილი საქართველოს ეკონომიკაში საქსტატის მიხედვით, 7.2% იყო, დაახლოებით იგივე იყო სოფლის მეურნეობის წილი ჰოლანდიის ეკონომიკაში ნახევარი საუკუნის წინ – აწარმოებდნენ 2 მილიარდი დოლარის პროდუქციას. ჩვენ დღეს ვაწარმოებთ მილიარდზე ოდნავ მეტი ღირებულების პროდუქციას. დღეს ჰოლანდიაში იგივე სოფლის მეურნეობის წილი არის 1.66% და აწარმოებს 14 მილიარდზე მეტის პროდუქციას, ანუ მთელი ეკონომიკა განვითარდა. ზოგმა სექტორმა მეტი წილობრივი კონტრიბუცია მოახდინა, ზოგმა – ნაკლები, ამას მნიშვნელობა არ აქვს, ფაქტია, რომ შვიდჯერ მეტი ღირებულების დოვლათი შეიქმნა. აქედან დასკვნა: რა იქნება სოფლის მეურნეობის წილი – შინაარსსმოკლებული მსჯელობაა; ამოცანაა, რომ ქართულ მიწას მეტი და მეტი დოვლათის შექმნა შეეძლოს.
ერთი რამის თქმა შემიძლია ზუსტად: ყველაფერს სწორად თუ გავაკეთებთ, 2.5-3 მილიარდ დოლარამდე სოფლის მეურნეობის პროდუქტის შექმნა შეგვიძლია საკმაოდ მოკლე ხანში.
– გასაგებია ბ–ნო ალეკო, მაგრამ თქვენც ერთ სფეროზე საუბრობთ და ამ დროს თავად ამბობთ, რომ ერთი და ორი სფერო ეკონომიკას ვერ გააჯანსაღებსო, მაშინ, რა გეგმა გაქვთ, ზოგადად, ეკონომიკის გასავითარებლად?
– თავიდანვე ვთქვი: ჩვენი გეგმა ორ ფეხზე დგას, სოფლის მეურნეობა და განათლება. განათლებაა პირველწყარო ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღებისა, სხვა ყველაფერი, რასაც პოლიტიკური ძალები ამბობენ, არის წინასაარჩევნოდ მოფიქრებული პროექტები, რომლებიც ძალიან მოკლევადიან ეფექტს იძლევა. ფაქტია, ყოველ 4 წელიწადში იგივე საკითხებზე ვსაუბრობთ და ეს აგერ უკვე 30 წელია, გრძელდება. პირველ რიგში, გვჭირდება განათლებული ხალხი, ხოლო განათლებული ხალხი ადვილად მივა იმ დასკვნამდე, რომ ზოგადად, ეკონომიკის და მთლიანად ქვეყნის გაჯანსაღების ერთადერთი გზა – სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებაა.
საქართველოს კონსტიტუციაც ამ სიტყვებით იწყება: უნდა დავამკვიდროთ სამართლებრივი სახელმწიფო და ეს არ არის, უბრალოდ, ფრთიანი, იურიდიული მნიშვნელობის ფრაზა. მთელი ეკონომიკის აზრიც ამაშია და აქაც ნიკო ნიკოლაძის ციტატას მოვიყვან:
„ხალხის ქონებას და შრომას რომ ვერავინ შეეხება, მიცემული პირობა ასრულებული იქნება, დაჩაგრულს – სამართალი მიეცემა, და მაშინ ნახეთ, რანაირათ გაშლის ფრთებს ამ საზოგადოების ეკონომიკური ცხოვრება.“
თუ გნებავთ, გეტყვით, რა ნაბიჯებია გადასადგმელი სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად, თუ არ გნებავთ – განათლების მიმართულებით გავაგრძელებ.
– პირიქით, საინტერესოა. არ მომისმენია თქვენი ხედვა მართლმსაჯულებაზე.
– ცხადია, რომ ამოუწურავი საკითხია და სამართლებრივი გარემო ყველა თავის ქვეყანაზე შეყვარებული პოლიტიკოსის მუდმივი საფიქრალი უნდა იყოს, მაგრამ მიმართულება არის ერთი: ხალხის ჩართულობა მართლმსაჯულებაში; ეს არის სამართლებრივი, სამართლიანი სახელმწიფოს თავი და თავი და ეს ჩართულობა შეგვიძლია, რაიონული და საქალაქო სასამართლოების მოსამართლეთა პირდაპირი წესით არჩევით დავიწყოთ. შეიძლება, ვინმემ იფიქროს – კიდევ ერთი არჩევნებიო? რა უბედურებააო? მაგრამ სწორედ არჩევნების გზით ხდება ხალხის ჩართულობა სახელმწიფო პროცესებში, სხვა შემთხვევაში მოხდება ის, რაც სულ ხდება – ამოგვივა უსამართლობა ყელში, გავალთ ასიათასობით ადამიანი ქუჩებში და რევოლუციას მოვაწყობთ. ეს უნდა დამთავრდეს!
მარტივად მივუდგეთ, ვის წინაშე იქნება ანგარიშვალდებული არჩეული მოსამართლე? ცხადია, რომ – ხალხის წინაშე. მოსამართლე, რომელიც უმრავლესობამ აირჩია, თემმა აირჩია, ვეღარ მიიღებს ზევიდან ნაბრძანებ უსამართლო გადაწყვეტილებას იმ უბრალო მიზეზით, რომ აღარ აირჩევენ. ვერც ერთი პოლიტიკური ძალა ვერ გაბედავს მეორედ აღარ არჩეული მოსამართლე სადმე პირდაპირ დანიშნოს. ეს მიკერძოებულობის დაკანონება იქნება.
ასევე, მნიშვნელოვანია, დამოუკიდებელ არბიტრთა ინსტიტუტის განვითარება, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის განვითარება, მაგრამ ამ თემებზე საუბარი ძალიან შორს წაგვიყვანს, თან მირჩევნია, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა – ლევან იოსელიანმა, ივანე ნორაკიძემ და გიორგი რეხვიაშვილმა ისაუბრონ, ისინი იურისტები არიან, ასე რომ, ისევ განათლებას დავუბრუნდები, თუ ნებას მომცემთ.
– გისმენთ და მართლაც საინტერესოა, რადგან უამრავი რეფორმა ჩატარდა განათლების სფეროში, მაგრამ უკმაყოფილება სახეზეა.
– იმიტომ, რომ არანაირი აზრი არ აქვს რეფორმებს, თუ პოლიტიკურ ჭაობს ერთხელ და სამუდამოდ არ ამოვაშრობთ განათლების სისტემის საძირკვლიდან – სკოლებიდან.
განათლებაზე საუბრისას სულ სამ რაღაცაზე უნდა ვიმსჯელოთ – ხელმისაწვდომობაზე, ხარისხსა და დაფინანსებაზე – ანუ გვაქვს თუ არა საკმარისი სკოლები, გვყავს თუ არა შესაბამისი კვალიფიკაციის პედაგოგიური პერსონალი, ფინანსდება თუ არა სისტემა თანამედროვე გამოწვევების შესაბამისად.
პირველ ნაწილზე ანუ ხელმისაწვდომობაზე ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენთან განათლება ხელმისაწვდომია. სოფლებიდან ქალაქებში ბავშვებს სიარული არ უწევთ, პირიქით, მთელი საჯარო სკოლების 71% არის მცირე სოფლებში, დაბებსა და სოფლებში, ხოლო 29% გვაქვს პატარა, საშუალო და დიდ ქალაქებში.
ასევე, ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლებში არის საკმარისი რაოდენობა მასწავლებლებისა, რადგან საქართველოში, ყოველ 9 ბავშვზე მოდის ერთი მასწავლებელი. მაგალითად, მეზობელ სომხეთსა და აზერბაიჯანში ყოველ 15 ბავშვზე მოდის ერთი მასწავლებელი, საფრანგეთში – 18-ზე.
ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ სისტემა კარგად ფინანსდება: 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯების 5% იყო გათვალისწინებული შსს-ზე, 6% – თავდაცვაზე და 12% – განათლებაზე.
მაგრამ . . .
„პიზას“ საერთაშორისო ტესტებში 2018 წელს ჩვენმა ბავშვებმა კატასტროფული შედეგები აჩვენეს და 80 ქვეყანას შორის ბოლო ოცეულში ვიყავით როგორც მათემათიკაში, ასევე წაკითხულიდან შინაარსის გამოტანაში და საბუნებისმეტყველო საგნებში, შესაბამისად, განათლების ხარისხი არ გვივარგა არაფრად.
„მილენიუმ ჩელენჯმა“ და „თალისმა“ ჩაატარეს ერთობლივი კვლევა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული საჯარო სკოლების დირექტორების 61% ამბობს, რომ განათლების მთავარი პრობლემა არის მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაცია.
ეს იმიტომ, რომ მასწავლებელთა ახალი თაობა, რომლებსაც მართლა სურთ თანამედროვე სტანდარტებზე ასწავლონ , კერძო სკოლებში მიდის. იქ განათლების სამინისტროდან ვერავინ უბრძანებს – არჩევნებზე კოორდინატორები უნდა იყოთო, საჯარო სკოლების მასწავლებლების უმრავლესობა აგიტატორ-კოორდინატორია. მართლა კარგი პედაგოგები კი, უბრალოდ, დაჩაგრულები არიან. აი, აქედან უნდა დავიწყოთ – მასწავლებლებს უნდა აეკრძალოთ ყოველგვარი პარტიული საქმიანობა და სკოლების თვითმმართველობა უნდა გაძლიერდეს. დღევანდელი თვითმმართველობა სასაცილოა. ნამდვილი თვითმმართველობა ნიშნავს სკოლის დირექტორის ანგარიშვალდებულებას მოსწავლეთა მშობლების წინაშე. როგორც კი სისტემა დაიწყებს გადაწყვეტილებების მიღებას იმის შესაბამისად, თუ რა სურთ მოსწავლეთა მშობლებს, გადაწყვეტილებები იქნება სწორი და აღსაზრდელთათვის სასიკეთო, რადგან ყველა მშობელს თავისი შვილისთვის მხოლოდ საუკეთესო სურს.
ჯერ ეს გავაკეთოთ, შემდეგ დავიწყოთ ფიქრი კონკრეტულ პროგრამებზე, ჯერ პოლიტიკა უნდა გავიდეს სკოლიდან!
– მადლობა ამ საინტერესო დიალოგისთვის, ბ–ნო ალეკო! წარმატებებს გისურვებთ!
– მადლობა თქვენ!
https://asea.ge/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4...syFKoAAT5tHTg7oრას იტყვით,მოგწონთ ალეკოს გეგმა?