+-
"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიგა ბოკერიას წარდგენას გეგმავს
15:30 14.05.2012
"ნაციონალური მოძრაობა" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიგა ბოკერიას წარდგენას გეგმავს.
როგორც "პირWელისთვის" სახელისუფლო კულუარებიდან გახდა ცნობილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს "თავისუფლების ინსტიტუტელი" მდივანი სააკაშვილის მაღალი ნდობით სარგებლობს.
გარდა ამისა, სახელისუფლო ვერტიკალის მაღალჩინოსნებს შორის ბოკერიას ყველაზე კარგი და საქმიანი ურთიერთობა აქვს აშშ-ის მთავრობის გავლენიან პირებთან და ეს ურთიერთობა იმდენად მჭიდროა, რომ მათი რეკომენდაცია თავდაცვის მინისტრად სწორედ ბოკერიას გადაყვანის შესახებ, დღესაც სააკაშვილის მაგიდაზე დევს.
იმავე წყაროს ინფორმაციით, ახალი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარეობისთვის ედუარდ შევარდნაძისა და ზურაბ ჟვანიას პოლიტიკური მოწაფე მიხეილ მაჭავარიანი ემზადება, თუმცა მანამდე ის "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო შტაბს ჩაიბარებს. თუმცა მაღალი კვალიფიკაციის "არჩევნების გამყალბებელს" პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლის მორგებამდე, საკუთარ ანგარიშზე კიდევ ერთი არჩევნების მოგების ჩაწერა მოუწევს, რაც საკმაოდ რთულად შესასრულებელი ამოცანაა.
"პირWელის" ინფორმაციით, საკმაოდ მძიმე პირობა წაუყენეს დედაქალაქის მერს - გიგი უგულავასაც. სახელისუფლო კულუარებიდან გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, სახელისუფლო გუნდი მას პრეზიდენტობის კანდიდატად ერთადერთ შემთხვევაში წარადგენს - თუ "ნაციონალური მოძრაობა" საპარლამენტო არჩევნებში თბილისს მოიგებს, რაც საკმაოდ რთული საქმეა და შესაბამისად, უგულავას გაპრეზიდენტების პერსპექტივაც საკმაოდ ბუნდოვანია.
http://pirweli.com.ge/?menuid=9&id=6136