ხოო... ფორუმზე მკვდარია ყველა ველო-თემა.
სამაგიეროდ, ფეისბუკზე ძალიან კარგი ჯგუფი აქვს თბილისის ველომოყვარულთა ასოციაციას. ცოცხალი.
სასიხარულო ამბავი ის არის, რომ თბილისში მატულობს ველოსიპედების რაოდენობა ქუჩებში და თითქმის წელიწადის ყველა დროს მოძრაობენ. მართალია ჯერ ძალიან ცოტანი არიან, ვინც ტრანსპორტად იყენებს, მაგრამ მატება ყოველწლიურად შეინიშნება და ეს კარგია. ვგულისხმობ ახალგაზრდებს და ასაკიან ხალხს. ადრე თბილისში ველოსიპედით მხოლოდ ბავშვები კატაობდნენ. ახალგაზრდებს და უფროსი ასაკის ადამიანებს მაგრად უტყდებოდათ ველოსიპედით გამოჩენა. ეხლა იშვიათად ვინმემ რომ გამოგაყოლოს ირონიული მზერა. ესეც კარგია.

ჩვენი გადახდისუნარიანობის კვალობაზე ბევრ აივანზე ჩანს ველოსიპედი თბილისში. უბრალოდ, უმეტესობა სავარჯიშოდ ან საკატაოდ იყენებს. ტრანსპორტად ვერ რისკავენ ჯერ. ამას რამდენიმე მიზეზი უშლის ხელს. ვეცდები ჩემი მოკლე ჭკუით ჩამოვწერო ხელისშემშლელი მიზეზები:
1. დაბინძურებული გარემო.
ველოსიპედით მოძრაობა ნამდვილად სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, ორგანიზმი მძიმე სამუშაო დღის მერეც კი უფრო ქმედუნარიანი ხდება ველოსიპედით სამსახურიდან სახლში მისვლის დროს, მაგრამ არის ერთი სერიოზული პრობლემა. როდესაც ველოსიპედით მოძრაობ თბილისში, უფრო მეტ ჰაერს ჩაისუნთქავ, თან იმ ჰაერს, რომელსაც გაუბედურებული ტრანსპორტი გიწამლავს პირდაპირ შენს წინ. გარდა ჰაერისა, სახეზე და სხეულზე გედება სულ სხვანაირი მტვერი, უფრო სწორედ ამ გამონაბოლქვის მური. ამ პრობლემას ეშველება მხოლოდ მაშინ, როცა მეტი ველოსიპედი იმოძრავებს და ნაკლები მანქანა, თან ტექნიკურად გამართული.
2. თბილისზე მცდარი სტერეოტიპია გავრცელებული - მთაგორიანი ქალაქია და ამის გამო ველოსიპედით გადაადგილებას აზრი არა აქვსო.
თანამედროვე ველოსიპედები საშუალებას იძლევა ნებისმიერი სირთულის აღმართი დაძლიო და ამაში არ დახარჯო დიდი ძალისხმევა. უბრალოდ არ არსებობს ინფორმაცია როგორ გამოიყენო სიჩქარეები, როგორ იმოძრავო, როგორ ისუნთქო და ა.შ.
2016 წელს ბავშვობის მერე პირველად შევიძინე ველოსიპედი და გამოვედი ქალაქში. სამსახური-სახლი უმეტესად. მაშინ არ ვიცოდი როგორ უნდა გამომეყენებინა 21 სიჩქარიანი "გადაცემის კოლოფი". მანქანის სიჩქარეების კოლოფივით ვიყენებდი ხოდა მაგრად ვიღლებოდი. კი მივეჩვიე ნელნელა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაღაც ნიტო იყო. მერე მომპარეს. სარდაფი გამიტეხეს. ქურდობის პრობლემაზე ცოტა ქვემოთ.
2017-ის სექტემბერში მოვახერხე ახლის შეძენა. მაღაზიიდან რომ გამოვიყვანე, წინა შუა კბილანაზე იყო ჯაჭვი. ძალიან გამიადვილდა მოძრაობა. მოკლედ, პატარა ცდები და მივხვდი როგორ უნდა მემოძრავა ნორმალური სიჩქარით მინიმალური ენერგიის დახარჯვით სწორზეც და აღმართზეც.

ტრანსპორტად ვეღარ გამოვიყენე იმიტომ, რომ სამსახურში ოთახში ვეღარ ვაყენებ. ადგილი აღარ არის. გარეთ დატოვება კი ასპროცენტიანი მოპარვის გარანტიაა.
3. ველოსიპედების ქურდობა - აი ეს არის ყველაზე დიდი შემაფერხებელი პრობლემა ველოსიპედის ტრანსპორტად ქცევაში.
ველოსიპედებს ყველა ქვეყანაში იპარავენ. წელიწადში 200 მილიონზე მეტი შემთხვევა რეგისტრირდება. იოლად მოსაპარი და რთულად მოსაძებნია და იმიტომ. იპარავს ყველა ასაკის ადამიანი აძინოჩკებით დაწყებული, სერიოზულად ორგანიზებული დაჯგუფებებით დამთავრებული, რომლებსაც "ფილიალებიც" კი აქვთ სხვადასხვა ქვეყანაში. მწარმოებელს ფეხებზე ჰკიდია უსაფრთხოებაზე ზრუნვა. რაც მეტს მოიპარავენ, მით მეტი ახალი გამოვა და გაიყიდება.
შესაძლებელია სისტემის შექმნა, რომელიც აზრს დაუკარგავს ველოსიპედის ქურდობას და საშუალებას მისცემს ადამიანებს დატოვონ სამუშაო დროის მანძილზე პარკინგზეც და მაღაზიაში რამდენიმე წუთით შესვლისასაც.
ყველა ველოსიპედს აქვს თავისი უნიკალური სერიული ნომერი. ამ სერიული ნომრით, გაყიდვისას უნდა დარეგისტრირდეს ახალ მფლობელზე. თუ ასეთი პორტალი და ბაზა იარსებებს, ეს მოხსნის ველოსიპედის პატრონთან იდენტიფიკაციის სირთულეებს საგამოძიებო მოქმედებებისას. ასევე შესაძლებელს გახდის მეორადი ველოსიპედის შეძენისას იმის გარკვევას, ძებნაშია თუ არა. ჩვენი ხალხის უმეტესობა დაბალი გადახდისუნარიანობისაა და მეორადებს ეტანებიან. არაერთი შემთხვევაა, როცა პატრონს უცნია თავისი მოპარული ველოსიპედი და პირდაპირ წამოუყვანია მოპარულის გამსაღებლებისგან ან მოპარულის მყიდველისგან. ასეთ დროს მეორადი ველოსიპედების გამსაღებელი ან მყიდველი ზარალობს.
სისტემის მეორე და აუცილებელი რგოლია ჯიპიეს ტრეკერებით ველოსიპედების აღჭურვა. ოღონდ მხოლოდ პატრონის მობილურზე მოპარული ველოს ადგილმდებარეობის ჩვენება დიდი ვერაფერი ხეირი იქნება. ზოგ პატრონს ქურდის დაჭერისას ზედმეტი მოუვა და შეიძლება აქეთ გაიხადოს საციხედ საქმე... უნდა იყოს დაცვის სამსახურში სიგნალიზაციის სერვისზე აყვანილი. დაძრა ველოსიპედი პატრონის გარდა ვინმემ? გადაეცა განგაშის სიგნალი რუკაზე ადგილის ჩვენებით და მაქსიმუმ 2 წუთში ჯგუფმა დააკავა ქურდი ცხელ კვალზე. ფაქტიურად ასეთი სისტემის შემთხვევაში ყველა ველოსიპედის ქურდი ცხელ კვალზევე გაიფაქტება და მოპარვა აზრს დაკარგავს. დაცვის სამსახურისთვის კი შემოსავლის დამატებითი წყარო იქნება. შსს-ს აღარ ექნება ტონობით გაუხსნელი საქმეები ველოქურდობებზე. პატრონს კი ასცდება 1500 ლარიანი ან უფრო მეტი ზარალი.
სპეციალისტები თუ დაინტერესდებიან, შესაძლებელია ასეთი სისტემის შექმნა თავისი წვრილმანი ნიუანსებით და ეფექტურად გამოყენებაც.
რაც არ უნდა იყოს, სანამ ველოსიპედი ადვილად მოსაპარი "ნივთია", მანამ ვერანაირი პოპულარიზაცია ვერ მოხდება და ტრანსპორტად ვერ იქცევა. დღესაც თითქმის ყველა ოჯახს უდევს აივანზე თითო კარგი ველოსიპედი. მოძრაობით კი თბილისში 100 კაცზე მეტი არ მოძრაობს ყოველდღე.
This post has been edited by AraGviani on 2 Feb 2018, 17:02