
„სულ მათხოვარი კი არ ვიყავი, ადრე ქურდი ვიყავი, ბანკი მაქვს გატანილი, 30 წელი ციხეში მაქვს გატარებული და სიკვდილმისჯილების საკანშიც ვიჯექიო“, – მიყვება მამაკაცი, რომელიც გვიან საღამოს, დიდუბის ავტოსადგურზე სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინე. ის მოწყალებას ითხოვდა.
შევთავაზე, ინტერვიუს ჩავწერ-მეთქი. თავიდან იუარა – ამით რა შეიცვლებაო, მაგრამ ბოლოს თავადვე გამოთქვა საუბრის სურვილი. სათქმელი კი ნამდვილად ბევრი ჰქონდა დაგროვილი.
მას 1990-იანი წლების დასაწყისში ხაშურში მომხდარ გახმაურებულ, საზარელ დანაშაულში ადანაშაულებდნენ, თუმცა გაირკვა, რომ რეალური დამნაშავე სხვა იყო – ის სოფელმა ლინჩის წესით გაასამართლა.
ჩემი რესპონდენტი მიშა ჭანკოტაძე, იგივე „ციკლოპა“ აღმოჩნდა:
– არსებობდა ასეთი ადამიანი, ცალხელა გია, რომელიც ქურდობდა და ყაჩაღობდა, ჩემი იარაღით მუშაობდა. მე, გიამ და მისმა ძმამ გავიტანეთ ხაშურის ბანკი და წამოვიღეთ ნახევარი მილიონი მანეთი.
ამ ფულის გამოჩენა არ შეიძლებოდა, რადგან მიხვდებოდნენ, რომ ჩვენი გაკეთებული იყო ეგ საქმე. ცოტა მოვაკელით და მთლიანი თანხა გადავმალეთ. ამის მერე გია ძალიან მალე მოკლეს და ეს ფული მე შემრჩა.
ცოტა ხნის მერე მამამისს მივუტანე გიას წილი და აქედან გასკდა ეს საქმე. მისმა ძმამ პრეტენზია წამიყენა, რომ ფულის ნაწილი მივითვისე და ამის გამო შელაპარაკებაც მოგვიხდა, საქმეც გავარჩიეთ და სროლებიც კი გვქონდა, მაშინ სამი ადამიანი დავჭერი.
ერთ დღეს გავიგე, რომ გიას ცოლი (28 წლის იყო) და მისი პატარა გოგონა გააუპატიურეს და მოკლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ მე დამიჭირეს ამ საქმეზე. მაშინ გენპროკურორი იყო რაზმაძე, რომლის შვილიც მყავდა დაჭრილი და მანქანაც წავართვი.
ამის გამო ჩემი ჯინი სჭირდა და მან მოითხოვა ჩემი დახვრეტა. წელიწად-ნახევარი სიკვდილმისჯილთა საკანში გავატარე და დახვრეტას ყოველდღე ველოდი, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ დამნაშავე გიას ძმა იყო, რომელმაც ძმის ცოლ-შვილი გააუპატიურა და დახოცა. ვიდრე მილიცია დაიჭერდა, სოფელმა ის ლინჩის წესით გაასამართლა და მოკლა.
მე ბუნებრივია, გავმართლდი და გამომიშვეს. არ ვიყავი მე მაგის გამკეთებელი. ყველაზე მძიმე დანაშაული, რაც ჩამიდენია, ეს ქურდობაა. არც მომიკლავს ვინმე და არც გამიუპატიურებია.
ცოლი მყავდა, 14 წლის შვილი დამეღუპა ავარიით – მანქანა დაეჯახა. ახლა ხაშურთან არაფერი მაკავშირებს, გარდა მშობლებისა და შვილის საფლავებისა.
– შვილის გარდაცვალებაში საკუთარ თავს ადანაშაულებთ?
– მე არავინ მომიკლავს, მხოლოდ ვიპარავდი (ტირის)… ასეთ კითხვებს ნუ მისვამ რა, გეხვეწები…
ამღვრეული მაქვს ცხოვრება, უმისამართო და უბედური კაცი ვარ… ბავშვობაც კი ბავშვთა სახლში მაქვს გატარებული.
ხომ ხედავთ, ერთი თვალი მაქვს შუშის. 5 წლის ვიყავი, როცა ჩემმა დამ შემთხვევით გამომთხარა თვალი. მამაჩემი მაგ დროს სახლში არ იყო და რომ დაბრუნდა, მე საავადმყოფოში დავხვდი. ძალიან გაბრაზდა, ჯნმრთელი ბავშვი დაგიტოვეთ და ვერ მოუარეთო და ამის გამო დიდი ჩხუბი მოხდა.
შემდეგ ოდესაშიც კი გადამაფრინა სამკურნალოდ, მაგრამ თვალი ვერ შემინარჩუნეს. ჩემს თვალს შეეწირა ჩვენი ოჯახი და დედ-მამა გაშორდნენ. მერე არ მინდა ლაპარაკი, რა და როგორ… გავიზარდე ბავშვთა სახლში.
თვალის გამო „ციკლოპა“ შემარქვეს და ამ სახელით მიცნობდნენ კრიმინალურ სამყაროშიც და მიცნობენ მათხოვრების სამყაროშიც. დღის განმავლობაში ასე მათხოვრობით ვშოულობ ფულს. ქურდობას რომ მათხოვრობა ჯობია, მაგას მივხვდი და რომ იცოდეთ, ჩემზე გაჭირვებულებიც არსებობენ, მომადგებიან ხოლმე, „ციკლოპ“, მიშველე, დამეხმარეო და იმათ ვუყოფ ხოლმე, ჩემს ნაშოვნს.
აბა რა ვქნა, მშივრები ხომ არ დარჩებიან? ზოგს შვილებიც ჰყავს და ბავშვები მებრალებიან. მე არც შვილები მყავს და არც არავინ და თავს ყოველთვის გავიტან.
https://wwww.ge/index.php?newsid=5618&fbcli...BHVEjK1hTzxyqYAმიყვარს ასეთი ისტორიები
* * *
ვინმეს გსმენიათ ეს ისტორია ან ცალხელა გია და მისი ცოლშვილი მკვლელობა
ძმა რომ ასეთ ჩათლახობას გააკეთებს
ამათი გამზრდელი მშობლები #####ან და ზოგადათ შიდა ქართლის ხალხს ასეთ საშინელ რაღაცეებში ბადალი არ ყავთ