საერთოდ, არაკომპეტენტურობისა და დოყლაპიობის როცა ამბებს ჰყვებიან, ვინც გინდა იყოს, უფრო სანდოა, იმიტომ რომ ეს ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება, იქაც კი, სადაც თითქოს ეს გამორიცხული უნდა იყოს. საოცრებებს ჰყვება ეს ადამიანი...
ჯანსუღ კეკელია, გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, კარტოგრაფი, პროფესორი, საქართველოს კარტოგრაფთა ასოციაციის პრეზიდენტი:
1938 წელს საქართველოს საზღვრის ხაზებს მეზობლებთან ამიერკავკასიის პარტიულ მუშაკთა სხდომაზე მოეწერა ხელი. ეს რუკა 500-ათასიანი მასშტაბის იყო და აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი, ბეჭდებითაც დაამოწმეს. ამ რუკის მიხედვით, ახალგორის რაიონი ე. წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის და სწორედ ამით იხელმძღვანელეს რუსებმა. [ეს ირაკლი კობახიძეს არ წააკითხოთ]
...
- თქვენ საქართველოს საზღვრების დელიმიტაციის საექსპერტო კომისიის წევრი იყავით. რატომ დატოვეთ კომისია?
- ბევრი რამის გამო. საზოგადოებამ არ იცის, რა უბნებია შეთანხმებული და დელიმიტირებული და ეს არ მომწონს. სახელმწიფო კი მოსახლეობას არაფერს ეუბნება. ხალხმა უნდა იცოდეს, რა მდგომარეობაშია მისი ქვეყნის მიწის ყველა გოჯი.
არაპროფესიონალიზმმა დაღუპა ეს ქვეყანა. ჯერ იყო და, კონსტიტუციით დააკანონეს საზღვრები, რომლებიც არც დელიმიტირებული იყო და არც დემარკირებული. ახლა რა უნდა ვქნათ? კუ ბაკნიდან ხომ ვერ ამოხტება, არა?
სომხებთან მოლაპარაკების დროს კონსტიტუციაში შეტანილი ასეთი წინდაუხედავი მუხლის გამო ვერაფერი გავაკეთე. ისტორია ვერ მოვიშველიე, ეს კანონი მეღობებოდა წინ. როგორ შეიძლება საზღვრები მეზობლებთან დელიმიტირებულიც კი არ გქონდეს და კონსტიტუციაში საზღვრები გქონდეს განსაზღვრული? საქმის გაფუჭება ამით დაიწყეს, თორემ ეს ხელის შემშლელი გარემოება რომ არ ყოფილიყო, თავისუფლად ვიდავებდით ბევრ ჩვენთვის სასარგებლო საკითხზე. ჩვენს ოპონენტებს ძველ რუკებს დავუწყობდით წინ და დავას მაინც მოვახერხებდით. საქმის მცოდნე კაცისთვის იოლია იმის დასაბუთება, რა იყო ჩვენი და რა - არა. სომხებს კონსტიტუციაში არც თავისი ტერიტორია უწერიათ და არც საზღვრები. როცა ვკითხეთ, გაუკვირდათ, მეზობლებთან საზღვრები არც დელიმიტირებული გვაქვს და არც დემარკირებული და კონსტიტუციაში რას ჩავწერდითო.
სამხედრო გეოგრაფიაშიც ვმუშაობ. გამზადებული მაქვს წიგნები სააქართველოს ტერიტორიის, საზღვრებისა და დასახლებული პუნქტების შესახებ. აქ აღწერილია ყველა კუთხე-კუნჭული, გაკეთებულია შეფასებები. ხომ არ დავაწერ ზედ, ეს სამხედრო გეოგრაფია არის-მეთქი? არადა სწორედ რომ სამხედრო გეოგრაფიის მასალაა. მინდოდა, მიმეწოდებინა შესაბამისი სტრუქტურების ჩინოვნიკებისთვის, ჩაეხედათ მაინც შიგ. მინდოდა, მეჩვენებინა, რა რას ნიშნავს, რომელი სტრატეგიული ობიექტი სად მდებარეობს, რისი პატრონი ვართ, როგორ უნდა მოვიქცეთ 2000 მეტრს ზემოთ, როდის რომელ უღელტეხილზე შეიძლება გადასვლა. ვერ გავაგებინე ამ ხალხს, რომ ამის ცოდნა აუცილებელია. იქით გამიხდა სახვეწარი... უვიცების დოღია ქვეყანაში. პროფესიონალების კეთროვანებივით ეშინიათ! ჰოდა, რაც ახლა საზღვრებთან ხდება, უვიცობის კანონზომიერი შედეგია.
კომისიიდან კიდევ იმიტომ გამოვედი, რომ საქმის გაკეთების ნება არ იყო. ყველაფერი ჯანჯლდებოდა, ხან უფულობას იმიზეზებდნენ, ხან რას და ხან რას. რამდენადაც ვიცი, რაღაც საკითხებზე შეთანხმდნენ, მაგრამ საზოგადოებამ ამაზე არაფერი იცის. საიდუმლო ტოპოგრაფიულ რუკებს ბაზრობებზე ყიდიან და ხალხს კი უმალავენ, რა ხდება კომისიებში. ვის უმალავენ ან რატომ? სამწუხაროდ, არც პოლიტიკური ნებაა, რომ საზღვრების საქმე მოგვარდეს.
ან ბაზრების მოშლა სასაზღვრო ზოლებში რაღა იყო? ბაზარი ხალხებს შორის ურთიერთობის ძალზე მნიშვნელოვანი საშუალებაა. ერგნეთის ბაზრობის მოშლა შეიძლებოდა? ოსები და ქართველები თავისუფლად მიდი-მოდიოდნენ ერთმანეთში. ასე მოშალეს სადახლოს ბაზრობაც. იმის შიშით, კორუფციულ გარიგებებს არ ჰქონოდა ადგილი? საქმეს ვერ პატრონობდნენ და იოლი გზა მოძებნეს?
- ამას წინათ «კვირის პალიტრისათვის» მიცემულ ინტერვიუში ბადრი ბიწაძემ განაცხადა, რომ ლარსისა და მთათუშეთის შეუთანხმებელი მონაკვეთები ქართველმა მესაზღვრეებმა მიატოვეს...
- თუშეთის მონაკვეთზე ყველაფერი შეთანხმებული იყო. საზღვრის ხაზიც სავსებით კონკრეტულია. იქაც სიბრიყვე ჩაიდინეს. თუშეთის ტერიტორიაზე არის დიკლოს მთა. ჩეჩნების, დაღესტნელებისა და საქართველოს გეოგრაფიაში დიკლოს მთა ფიქსირებულია როგორც საერთო შეხების წერტილი. 1999 წელს შეიკრიბნენ საქართველოს საზღვრების სადელიმიტაციო კომისიის წევრები (რა უნდოდა ამ ხალხს კომისიაში და საიდან მოვიდა, მართალი გითხრათ, არ ვიცი) და რუსებთან მოსალაპარაკებლად დასხდნენ. რუსებმა შესთავაზეს: მოდი, დიკლოს მთიდან სამი კილომეტრით დასავლეთით გადავწიოთ ეს წერტილიო. ესენიც დათანხმდნენ და იცით, რა მოხდა? გადაატანინეს თუ არა საზღვრის წერტილი, მაშინვე 42 კვკმ სადავო გახდა. იმ ბრიყვებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ ამ წერტილის გადმოსაწევად რუსები 1957 წლიდან იბრძოდნენ. კომისიის წევრებმა წერტილის გადმოწევას ისე მოაწერეს ხელი, ვითომ არაფერიაო. ეს რომ გავიგე, თავზარი დამეცა და ერთი ამბავი ავტეხე. მითხრეს, გავგზავნით ნოტას და ამაზე ხელახლა ვისაუბროთო.
როგორც თქვენ გაუგზავნეთ რუსებს ნოტა, ისე გაუგზავნა კომისიამაც. ამ საკითხზე აღარავინ ლაპარაკობს. სად წავა ის 42 კვკმ, ხომ ყველამ ვიცით? ეს არის ამათი შემოქმედება. ხმა რომ ამოვიღე, აქეთ დამიწყეს ყელყელაობა: შენ ამ კომისიის წევრი ხარ და როგორ გვაკრიტიკებო. კომისიის წევრი რომ ვიყავი და პასუხისმგებლობას ვგრძნობდი ქვეყნის წინაშე, იმიტომაც არ მოვითმინე. მე არც ხელისუფლება მაინტერესებს და არც ოპოზიცია, იმას ვხედავ, რომ ეს საქმე არ აწუხებთ, გულთან ახლოს არ მიაქვთ. პროექტი საკადასტრო რუკების შედგენაზე მსოფლიო ბანკმა დააფინანსა. პროექტი 6 მილიონი დოლარი დაჯდა. ეს ხალხი ამ პროექტში იყო ჩართული (ეს სწორედ იმ პროექტის ფარგლებში გაკეთებული რუკებია, საიდანაც საზღვრისპირა ტერიტორიებიდან ნახევარი სოფელი გაქრა. - ავტ.) და საქმეს რომ მორჩნენ, მერე ერთ-ერთ კომისიაში გადმობარგდნენ. მაგალითად, კომისიაში არის ქალი, რომელიც ქართულადაც კი არ ლაპარაკობს. რა, ქართველი სპეციალისტები დაილია? მე არც სომხების და არც აზერბაიჯანელების საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ დანამდვილებით ვიცი, რომ კომისიიდან ინფორმაცია ჟონავს.
- ლარსის ხეობის შეუთანხმებელ ორკილომეტრიან ზოლზე რას იტყვით?
- ნეტავ მხოლოდ ორკილომეტრიანი ზოლი იყოს. დარიალის ხეობაში, ძირითადად, მდინარე თერგი ჩამოდის. მას რომ გაჰყვე და ვლადიკავკაზისკენ წახვიდე, მარჯვნივ თერგს კარგა მოზრდილი მდინარე არმხი უერთდება. ამ ორი მდინარის შესაყართან პატარა დასახლებაა, სახელად ჩმი. სწორედ ამ სწორ ადგილზე ჰქონდათ ქართველ მეფეებს ჯარიეხის ციხე. აქედან აკონტროლებდნენ მთლიანად ხეობას, საქართველოში შემოსასვლელს.
რუსეთთან შეერთების შემდეგ რუსებმა დაიწყეს კავკასიის ადმინისტრაციული დაყოფა: შემოიღეს გუბერნიები, მაზრები, ოკრუგები და გაატარეს საზღვრებიც. 1801 წელს საზღვარი სწორედ ჯარიეხზე გადიოდა. 1943-57 წლებში ჩვენი საზღვრები თერგის იქით გადაიტანეს. მიზეზი ის იყო, რომ თითქოს ჩეჩნები და ინგუშები საბჭოთა კავშირს ღალატობდნენ. მაშინ საქართველოს საზღვარი ჩმის 8 კილომეტრით გასცდა. 1957 წელს ეს ხალხი უკან დააბრუნეს, საზღვარიც აღდგა ჯარიეხზე. მერე რუსმა ძველი ადმინისტრაციული დაყოფა გამოიყენა და საზღვრის ხაზი 8 კილომეტრით ისევ გადმოსწია, ხაზი ეშმაკის ხიდთან გაატარა. ეს ხაზი ზემო ლარსთან არის. შევარდნაძის დროს, როცა ამ სტრუქტურას ვალერი ჩხეიძე განაგებდა,
ზემო ლარსიდან საზღვარი ისევ საქართველოს სიღრმეში გადმოვიდა. ეს შეუთანხმებელი საზღვარია. ზემო ლარსთან ჰიდროელექტროსადგურია, რომელიც საქართველოს ბიუჯეტით აშენდა. ის უკვე რუსებმა დაისაკუთრეს და აქეთ კიდევ ერთი კილომეტრით გადმოიწიეს, გვირაბთან მოვიდნენ და ხაზი წყალგამყოფზე გაგვიტარეს. ჩვენი მესაზღვრეები ახლა თამარის ციხესთან დგანან და რუსები იქითაც აღარ უშვებენ.
იგივე მოხდა პირიქითა ხევსურეთში სწორედ იმ დროს, როცა ლარსში საზღვარი გადმოსწიეს. რუსმა იქაც 800 მეტრით გადმოიწია. როცა ამ ვითარებას ვაანალიზებ და ამ საკითხებზე ვფიქრობ, ნერვები მიმტყუნებს ხოლმე. ასეთი უპასუხისმგებლობა და ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესების ფეხებზე დაკიდება გაგონილა, ხალხო?
სომხების მშურს. ისეთი პასუხისმგებლობით უდგებიან საკითხს, როგორც ნამდვილ სახელმწიფოს შეეფერება. მათი კანონმდებლობით კომისიის ყოველი მოლაპარაკების შედეგსა და ოქმს პარლამენტში აანალიზებენ და ვაი მას, ვისაც პატარა შეცდომა მოუვა სხვის სასარგებლოდ. გაგიგიათ ოდესმე ჩვენს პარლამენტში ჩვენი საზღვრების საკითხი განეხილოთ?
REIDIრუსეთი უნდა დაინგრეს.