
ამას მხოლოდ მიშას დორბლით თვალთდაფსებულები ვერ ხედავენ ან არ უნდათ დაინახონ

აი ამ ჯარით გვინდა შევიდეთ ნატოში?მარტო კლიპებით თუ მიგვიღებენ...
15 ივლისისთვის დაგეგმილია “კავკასიონი-2006”-ის დამამთავრებელი საჩვენებელი სწავლება. ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო მანევრები 26 მაისის სამხედრო აღლუმის დამთავრებისთანავე დაიწყო. თვე-ნახევრის მანძილზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დიდი ნაწილი (ოფიციალური მონაცემებით, 8 ათასი სამხედრო მოსამსახურე, სხვა ცნობით, ეს რიცხვი ბევრად მეტი იყო) პოლიგონზე გადიოდა საბრძოლო მომზადებას, რაც უთუოდ მისასალმებელია. თუმცა ძნელი სათქმელია, რამდენად ეფექტიანად მიმდინარეობდა ეს სწავლებები და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა 16 მლნ ლარზე მეტი.
პოლიგონზე მხოლოდ საგანგებოდ შერჩეულ ჟურნალისტებს უშვებდნენ, მათი ტელესიუჟეტებით თუ ვიმსჯელებთ, საქმე მთლად კარგად ვერ ყოფილა. მართალია, ტელესიუჟეტების ავტორები ომახიანად გვიყვებოდნენ, თუ რა კარგად ემზადება ქართული არმია, მაგრამ, ამავდროულად, ვიდეოკადრები საპირისპიროს გვამცნობდა.
ჩვენი მტრები ალბათ გაიხარებდნენ, როცა ტელევიზიით ნახავდნენ, სწავლების დროს, ორფოლოს პოლიგონზე, ერთიან ჯაჭვში როგორ უტევდნენ ქვეითები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები. БМП ტანკი არ არის, იგი შეტევისას ქვეითების ჯაჭვს 400-600 მ-ით მაინც უნდა ჩამორჩებოდეს და იქიდან დაუჭიროს მხარი ქვეითებს თავისი ქვემეხითა და ტყვიამფრქვევით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეითებთან ერთად შეტევაზე გადასული БМП-ები და БТР-ები მოწინააღმდეგის ყუმბარმტყორცნელების ლუკმა გახდება.
საერთოდ, დაუჯერებელია, ავტომატმომარჯვებული გენშტაბის უფროსი მებრძოლებთან ერთად მდინარის ფორსირებას იწყებდეს. ნორმალური ქვეყნის ნორმალური არმიის გენშტაბის უფროსის ადგილი შტაბშია, სადაც მან წესით ბევრად უფრო მეტი წვლილი უნდა შეიტანოს გამარჯვებაში. ტელეკამერების წინ ფუსფუსი კი უფრო სხვა რამეზე მეტყველებს...
ამ სწავლებამ კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა გამოაჩინა, კერძოდ კი არმიის აბსოლუტური კარჩაკეტილობა და უარესიც - მნიშვნელოვანი ფაქტების მიჩქმალვა.
ერთი პარალელის გავლება გვინდა: 15 მაისს ლატვიის ეროვნულ შეიარაღებულ ძალებში ტრაგედია მოხდა. რიგის მახლობლად თვითმფრინავიდან 5 პარაშუტისტი გადმოხტა. ქარმა ისინი მდ. დაუგავისკენ წაიღო. 4 პარაშუტისტი წყალზე დაეშვა. მათგან ორმა ვერ მოახერხა გამოცურვა და დაიხრჩო. რამდენიმე დღეში ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვიცე-ადმირალმა გაიდის ანდრეი ზეიბოტსმა თავისი ნებით დატოვა თანამდებობა...
თვე-ნახევრის მანძილზე, ორფოლოს პოლიგონზე “კავკასიონი-2006”-ის მიმდინარეობის პერიოდში, სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამ ტრაგიკული შემთხვევების გამო თანამდებობა არავის დაუტოვებია და ეს ამბავი არც ფართო საზოგადოებისთვის გაუმხელიათ.
ლატვიის არმიაში, რომელიც NATO-ს წევრი რამდენიმე წლის წინ გახდა, არავის მოაფიქრდებოდა სწავლებების დროს სამხედრო მოსამსახურეთა დაღუპვის დამალვა. თუკი ქართულ არმიას მართლაც სურს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაერთიანება, ასეთი ფაქტების მიჩქმალვა ნამდვილად არ წაადგება.
როგორც “კვირის პალიტრამ” გაარკვია, დაღუპულთაგან ორი, კაპრალი ჯვარაძე და ჩიტაშვილი, მე-3 და 1-ელი ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები იყვნენ.
სტატიის დაწერამდე ვეცადეთ გადაგვემოწმებინა ეს ფაქტები. თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან და მასმედიასთან ურთიერთობის სამმართველოში გვითხრეს, - სამხედრო სწავლებისას სამხედრო მოსამსახურეთა დაღუპვის ფაქტზე კომენტარს არ ვაკეთებთო.
არაოფიციალური მონაცემებით, ერთი მდინარეში დაიხრჩო, მეორე ცეცხლსასროლი იარაღითაა მოკლული, მესამეს თითქოს ტანკის ლიუკი დაეცა თავში(?!).
ადამიანები, სამწუხაროდ, მშვიდობიანობის დროსაც იღუპებიან, უბედური შემთხვევების რაოდენობა, ბუნებრივია, იზრდება ათასობით ადამიანის და, მით უფრო ასეულობით საბრძოლო ტექნიკის თავშეყრის ადგილებში. ამისგან დაზღვეული არც ერთი ქვეყნის არმია არ არის, მაგრამ სულ სხვა საქმეა, როდესაც ასეთ უბედურ შემთხვევებს შეიარაღებული ძალების მეთაურობა საზოგადოებას უმალავს...
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ამ დღეებში თანამდებობიდან გადააყენეს მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, მაიორი გიორგი შენგელია და ამავე ბრიგადის ოფიცერთა ნაწილი. ეს შეიძლება ჩვეულებრივი არმიის შინასაკადრო ცვლილებად მიგვეჩნია, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება: 2006 წლის 26 მაისს სამხედრო აღლუმი სწორედ იმით გაიხსნა, რომ აშშ-ის ელჩმა მაიორ გიორგი შენგელიას საზეიმოდ გადასცა ამერიკელ სამხედროთა ერთ-ერთი საპატიო ჯილდო - “ბრინჯაოს ვარსკვლავი”. ცოტა ძნელი გასაგებია, თვით აშშ-ის პრეზიდენტის მიერ დაფასებული ქართველი მაიორი სულ რაღაც ერთ თვეში როგორ გახდა თანამდებობისთვის შეუფერებელი...
ცხინვალელ სეპარატისტთა ლიდერები დარწმუნებით აცხადებენ, ორფოლოს პოლიგონზე “კავკასიონი-2006”-ის დასრულებისთანავე ქართული არმია ცხინვალისკენ დაიძვრებაო.
ძალით დაკარგულს რომ ძალით უნდა დაბრუნება, ამას ცხოვრება ყოველდღიურად ამტკიცებს, მაგრამ რამდენად არის მზად საქართველო ამისთვის? თუ ვინმეს ჰგონია, რომ მხოლოდ თოფით შეიძლება ამის მიღწევა, ძალიან ცდება, რადგან უკონტროლო ტერიტორიების დაბრუნებას და მათზე კონტროლის აღდგენას მარტო არმია ვერ შეძლებს. ამისთვის მთელი ქვეყანა და, პირველ რიგში, მისი ეკონომიკა უნდა იყოს მზად. დიდი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკურ სტაბილურობასაც.
სანამ სერიოზულ ნაბიჯს გადავდგამთ, ხელისუფლებამ ყოველმხრივ რეალურად უნდა შეაფასოს ქვეყნის მთლიანი პოტენციალი.