რაღაცნაირი გრძნობაა, როცა ადამიანი ყოველდღე გხვდება, გესალმება... და მერე უცებ იგებ, რომ აღარ არის...
მერე რა, თუ ხანგრძლივი საუბრები არ იბმებოდა თქვენ შორის... ხომ იყო მაინც რაღაც, რაღაც ფორმა ურთიერთობის... როცა ორივემ იცოდით, რომ როცა ერთმანეთს დაინახავდით, უნდა მისალმებოდით... და ეგ უბრალო მისალმები შეიძლება უფრო მეტიც კი იყო, ვიდრე ხანგრძლივი დიალოგი შეიძლებოდა ყოფილიყო...
60-70 წლის კაცი იქნებოდა. ყოველ დილით, როცა სკოლაში მივდიოდი, როცა სადარბაზოში ჩავდიოდი, ის სახლიდან გამოდიოდა, სამსახურში მიდიოდა და ამ დროს ვესალმებოდით ერთმანეთს. ერთხელ ტრუსიკით იყო გამოსული

ისე შეცბუნდა, რომ დამინახა... ეგრევე შევარდა სახლში... არასდროს დამავიწყდება... მე ბავშვი ვიყავი და ალბათ ვერაფერი დავინახე სასირცხვილო და მიკვირდა და ვიცინოდი.

სამსახურიდან სახლში ყოველთვის ხელდამძიმებული ბრუნდებოდა. ორივე ხელში პროდუქტებით სავსე პარკები ეჭირა. მოდიოდა ხელებდამძიმებული, თავჩაქინდრული, მხრებზე თითქოს მთელი ოჯახი აწვა, სახეზე კი თითოეული ოჯახის წევრის სადარდებელი აერეკლა.. როცა მოგიახლოვდებოდა, თავს აწევდა, სევდიანად გაგიღიმებდა და ნაჩქარევად გეტყოდა: "გამარჯობა, გამარჯობა". მერე ისევ დაღუნავდა თავს, მოიღუშებოდა და გააგრძელებდა გზას...
ხომ ვითომ არაფერი... მაგრამ დამაკლდება ეგ რამდენიმე წამიც, როცა ჩემ გამო თავს აწევდა, სევდიანად, მაგრამ მაინც გაიღიმებდა და სალამს მეტყოდა...
იმედია მაქვს, მშვიდად განისვენებს.