http://acn.ge/index.php?option=com_content...mid=108&lang=kaჯაჭვლიანი: "არაფერი არ უნდა დაიხუროს, თუ ყურება არ გინდა, გადართე მეორეზე"
საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი სოსო ჯაჭვლიანი ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების დახურვას აფასებს და აცხადებს, რომ თუ ეს გადაწყვეტილება ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ჩარევით იყო მიღებული, ძალიან ცუდია.
"საერთოდ რაღაც რომ იხურება და თუ ის ხალხს აინტერსებს, ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, არაფერი არ უნდა დაიხუროს. თუ არ გინდა არხის ყურება, გადართე მეორე არხზე, რა პრობლემაა?!“,- აღნიშნა ჯაჭვლიანმა "აქცენტთან" საუბრისას.
მისივე თქმით, მისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიტიკურ ჩარევას.
"არ მგონია, რომ ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება. მე ხომ დეტალები არ ვიცი, ჯერ უნდა გავიგოთ, რატომ დაიხურა. კითხვები უნდა დავსვათ პასუხის მიღების მერე, უნდა ავაგოთ ვერსიები. წამყვანებმა ჩემზე უკეთ იციან, მანდ რაც ხდება“, - განაცხადა ჯაჭვლიანმა.
როგორც ჯაჭვლიანი განმარტავს, თუ ბიძინა ივანიშვილის მხრიდან მართლაც ჰქონდა ადგილი პოლიტიკურ ჩარავას, ეს ძალიან ცუდია.
"ალბათ, ამასთან დაკავშირებით ინგა გრიგოლიამ უფრო მეტი იცის ჩემზე.
მე ვაფიქსირებ ჩემს აზრს თუ ეს ასე იყო, ცუდია. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა გადამოწმდეს. იქნება ეს პოზიცია თუ ოპოზიცია, ყველა არხი უნდა არსებობდეს იმიტომ, რომ მთავარია, არ მოწამლო ხალხი, ტყუილი არ უთხრა, ხალხს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება“,-განაცხადა ჯაჭვლიანმა.
ცნობისათვის, ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „რეაქცია“ და „იმედის კვირა“ იხურება, გუშინ გავრცელდა. მოგვიანებით, ტელეკომპანია „იმედმა“ განმარტა, რომ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტს დროებით აჩერებს.
„ამის მიზეზია ჩვენი სურვილი შევცვალოთ არსებული გადაცემების ფორმატი და შევიმუშავოთ თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტი, რომელსაც შევთავაზებთ მაყურებელს 2016 წლიდან“, - აღნიშნულია ტელეკომპანიის განცხადებაში.
ჟურნალისტი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ტელეკომპანიამ პოლიტიკური ჩარევის შედეგად მიიღო.
ამასთან, ჟურნალისტი არ გამორიცხავს, რომ ეს გადაწყვეტილება ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის უკავშირდება.