Dface
ⒹⒻⒶⒸⒺ

      
ჯგუფი: Members
წერილები: 12041
წევრი No.: 10606
რეგისტრ.: 4-June 05
|
#57070312 · 30 Oct 2020, 13:51 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ხვალ არჩევნებია. რა შედეგითაც უნდა დასრულდეს, ცხოვრება გაგრძელდება, მაგრამ როგორი იქნება ეს ცხოვრება, სწორედ ესაა მნიშვნელოვანი. 4 წლის წინ პირველად ცხოვრებაში გავხდი პოლიტიკური პარტიის წევრი და ზუსტად ვიცი რატომ, ზუსტად ვიცი რა მინდა. ისევე როგორც ზუსტად ვიცი, რომ ხვალ 36-ს შემოვხაზავ, 36 არის გირჩი. იდეალურები არ ვართ. უფრო მეტიც ბევრი პრობლემა გვაქვს, ხანდახან ძალიან ბევრ ადამიანს ვაბრაზებთ, არც ყოველთვის მართლები ვართ და ჰო, ხშირად შეიძლება ზუსტად ვერ ვამბობთ სათქმელს. და მაინც, თუ შეხედავთ ჩვენ განვლილ წლებს, ერთ რამეში მარტივად დარწმუნდებით, რომ როდესაც ვინმე თქვენ თავისუფლებას ემუქრება, რაც უნდა არაპოპულარული იყოს თქვენი დაცვა, თქვენ გვერდით პირველი და ზოგჯერ ერთადერთიც გირჩი დგება, იმის მიუხედავად თუ ვინ ხართ, რისი გჯერათ, რამდენჯერ გაგილანძღივართ დამსახურებულად თუ დაუმსახურებლად. ზუსტად ისე როგორც ათიათასობით ადამიანი დავიხსენით ერთწლიანი მონობისგან და არასოდეს, არც ერთხელ ამ ადამიანებისთვის არ გვიკითხავს ვის აძლევენ ხმას, მოვწონვართ თუ არა. მათი რაოდენობა 30000-ს აჭარბებს და ყველა მათგანი თავისი ოჯახის წევრებიანად ხმას რომ გვაძლევდეს, ალბათ ჩვენი ხმები 10%-ს გადააჭარბებდა და არა 3-4%-ს. მაგრამ ჩვენგან დახმარების პირობა არასოდეს ყოფილა სანაცვლოდ გირჩისთვის ხმის მიცემა. ისევე როგორც ჩვენ ყოველთვის დაუფიქრებლად და უყოყმანოდ ვეხმარებით ყველას, ვისაც სახელმწიფო ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების გამო წლობით გამოკეტვას უპირებს და არასოდეს გვიკითხავს ამ ადამიანებისთვის მოვწონვართ თუ არა, არჩევნებში ხმას მოგვცემენ თუ არა. ისევე როგორც ყოველთვის უყოყმანოდ ვედექით გვერდში, როცა ეს სჭირდებოდათ, თეთრი ხმაურის მოძრაობას თუ სხვა მემარცხენე განწყობის ჯგუფებსა თუ ადამიანებს და იდეოლოგიური განსხვავება არასოდეს დაგვიყენებია უფრო მაღლა. ჩვენ ვცდილობდით დავხმარებოდით ტაქსის მძღოლებსა თუ ბარების მეპატრონეებს, ყველას ვისაც სისტემა დაჩაგვრას უპირებდა და მიუხედავად იმისა თუ ვინ ხართ და რისი გჯერათ, თუ ჩვენ განვლილ პოლიტიკურ ცხოვრებას ადევნებდით თვალს, დარწმუნებული ვარ გულის სიღრმეში იცით, რომ თუ ვინმე თქვენ დაჩაგვრას, თქვენი თავისუფლების უსამართლოდ შეზღუდვას დააპირებს, ყველაფრის მიუხედავად და უპირობოდ გირჩი იქნება პირველი, ვინც თქვენ დასაცავად ხმას აიმაღლებს. ჰოდა, მე არ ვიცი რისი გჯერათ, მე არ ვიცი რა მიგაჩნიათ სწორად და არასწორად, მაგრამ მე ვიცი, რომ გირჩი პარლამენტში ნიშნავს თქვენი თავისუფლების დაცვას არა მხოლოდ მაშინ როდესაც სისტემა კარზე გიკაკუნებთ, არამედ მაშინვე როგორც კი სისტემა გაიფიქრებს, რაიმე მიმართულებით ხომ არ შეგზღუდოთ. ვინც უნდა იყოთ, რისიც უნდა გჯეროდეთ, ვინც უნდა მოგწონდეთ, ამ ქვეყანაში არსებობს მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია, რომელიც ნებისმიერ ფასად დაიცავს თქვენ თავისუფლებას და ამ პარტიას ჰქვია გირჩი. და ჰო, გირჩი ყველაზე ხშირად საკუთარ ამომრჩევლებს ზუსტად ამის გამო აბრაზებს. ყველაზე ხშირად ჩვენი გულშემატკივრები გვსაყვედურობენ რატომ არ ვითვალისწინებთ ქვეყანაში არსებულ განწყობებს, რატომ არ ვითვალისწინებთ, რომ ხანდახან გარკვეული ჯგუფების თუ კონკრეტული ადამიანების დაცვა, ნიშნავს უმრავლესობის გადამტერებას და უამრავი ხმის დაკარგვას, მაგრამ გირჩი ზუსტად ესაა. სხვანაირად ჩვენც სხვებს დავემსგავსებოდით. სხვანაირად იქნებ მართლაც 10% აგვეღო, მაგრამ ჩვენთვის ამაზე მნიშვნელოვანი სწორედ ესაა, რომ ამ ყველაფრის თამამად თქმა შეგვეძლოს. ამ წლების განმავლობაში არაერთხელ უკითხავთ ჩემთვის, რატომ ვარ გირჩში. ეს უკითხავთ მეგობრებს, კოლეგებს, პარტნიორებს, ოჯახის წევრებს, ყველას, ვისაც რაიმე ფორმით ჩემზე გული შესტკივათ. უკითხავთ არაერთ მომენტში, როდესაც გირჩის არაპოპულარული გადაწყვეტილებები ჩემ ცხოვრებაზე ასახულა. უკითხავთ მაშინ, როდესაც გადაცემის წამყვანობიდან ჩავუხსნივარ გადაცემის ეთერში გასვლამდე სამი დღით ადრე. უკითხავთ მაშინ, როდესაც დამტკიცებული გადაცემა მოუხსნიათ ეთერიდან ჩემი გირჩელობის გამო (ტელევიზიებს და გადაცემებს არ დავასახელებ). უკითხავთ ჩემ გამომცემლებს, როდესაც ცხადი ხდება, რომ არსებობს არაერთი ადამიანი, რომელიც ჩემ წიგნებს ჩემი გირჩელობის გამო არ კითხულობს და ასევე არსებობენ ადამიანები, რომლებიც როგორც ავტორს მხოლოდ ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო მერჩიან, უკითხავთ მაშინ, როდესაც Ambavi მუსიკას, რომელსაც ბოლო ხუთი წელია ჩემი სამუშაო დროის უდიდეს ნაწილს ვუთმობ, ყრუ კედელი ხვდება წინ. ბევრ სხვა შემთხვევაშიც უკითხავთ, რად მიღირს გირჩი, მაგრამ მე ვიცი, რომ ქართულ პოლიტიკაში აუცილებლად უნდა არსებობდეს პოლიტიკური პარტია, რომლისთვისაც მთავარი ღირებულება თავისუფლება იქნება და მას დაიცავს უპირობოდ. ამიტომ სანამ გირჩი ასეთია, მე ვერაფერი მაიძულებს უარი ვთქვა მის მხარდაჭერაზე. ესაა ჩემი ურყევი რწმენა, რომ როგორც არტისტი ვაკეთებ იმას, რისი რეალური ფასის დადგენაც მხოლოდ დროს შეუძლია. ვერასოდეს ვერავინ იქნება დარწმუნებული რომ მისი შემოქმედება დროს გაუძლებს, ამიტომ არაუშავს თუ მე ცოტა ხანს ხელს შევუშლი საკუთარ ნამუშევრებს. თუ ის ცოცხალი ხელოვნებაა, მაშინ თავის გზას ადრე თუ გვიან აუცილებლად იპოვის. მაგრამ ამის მიღმა ადამიანი ვარ და პასუხისმგებელი ვარ იმ რეალობაზე, რომელშიც ვცხოვრობ და არ ვაპირებ ამ პასუხისმგებლობას გავექცე, არც იმას ვაპირებ ეს პასუხისმგებლობა სხვებს გადავაბარო. ზუსტად ამიტომ, ამ ყველაფრის გამო, მე ხვალ არჩევნებზე 36-ს ვხაზავ და გირჩი • Girchi -ს ვირჩევ და თუ ფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ვინმე ადამიანებს უპირობოდ იცავდეს, როდესაც სისტემა კარზე დაგიკაკუნებს, არსებობდეს ვინმე ვინც ყველაფრის მიუხედავად, ვინც უნდა იყო, ნებისმიერ ფასად შეეცდება დაგიცვას, მაშინ შენ გაქვს ხვალ არჩევანი და შეგიძლია შენი ერთი ხმით, გირჩს მისცე შანსი რომ მის მხარდაჭერას ხვალ მეტი ძალა ჰქონდეს და დაგიცვას არა მხოლოდ მაშინ, როდესაც სისტემა უკვე შენს კართან დგას, არამედ მაშინვე, როგორც კი სისტემა დააპირებს შექმნას საფუძველი შენს კართან მოსასვლელად.
ავტორი: ტორესა მოსი
#გირჩიპარლამენტში #მეტითავისუფლება
--------------------
//The fear of death follows from the fear of life. A man who lives fully is prepared to die at any time.//
|