მრავალჟამიერ!...

სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები:
შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი –
უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვლელი:
მწვანე სუროს ფოთოლი . კურკანტელას მარცვალი .
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი გაოცებული მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრ ჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,
ალბათ ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი “მრავალჟამიერ” აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.
სულაც ვერ გამიგია, რა მახარებს, რას ველი . . .
ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები!
ლადო
This post has been edited by Lаki on 1 Jan 2021, 11:24
...ვინც არა ჰგავს კახაბერსა, მე ვერ ვიტყვი კახაბერად!!!..
,ერთ-ერთი მთავარი ნიშანი ბედნიერებისა არის აბსოლუტურად გამქრალი სურვილი იმისა, ვინმეს რამე უმტკიცო!"- ნ.მანდელა... <3