
საფეხბურთო გურმანებისთვის ტურინი ამავე ქალაქის მშობლიურ გუნდთან, “იუვენტუსთან”, ასოცირდება და სრულიად ლოგიკურადაც: “ბიანკონერი” მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და პოპულარული კლუბია. თუმცა იყო დრო, როდესაც ტურინში და ზოგადად, იტალიაში, საფეხბურთო ამინდს ქალაქის მეორე გუნდი, “ტორინო” ქმნიდა. ამ ფაქტმა შეიძლება ფეხბურთის სტაჟიანი ქომაგებიც კი ჩააფიქროს, რადგან “ხარების” (“ტორინოს” მეტსახელია -რედ.) წარმატება გასული საუკუნის 40-იანი წლებით თარიღდება

საფეხბურთო კლუბი “ტორინო” 1906 წლის 3 დეკემბერს დაარსდა. აღსანიშნავია, რომ კლუბის დაფუძნების იდეა “იუვენტუსის” ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალფრედო დიკს, დაებადა. საქმე ის იყო, რომ
“ბიანკონერი” თავიდან სხვა ქალაქში აპირებდა ასპარეზობას, ტურინს კი თავისი გუნდი უნდა ჰყოლოდა. დიკის გარდა, გუნდის დამაარსებლებად შვეიცარიელი ბიზნესმენი ჰანს შოენბროდი (გუნდის პირველი პრეზიდენტი) და ვიტორიო პოცო (მოგვიანებით იტალიის ნაკრების თავკაცი) ითვლებიან. სწორედ ამ სამეულის ფინანსებით გუნდმა სტადიონი “ველოდრომო უმბერტო” იქირავა და პირველი
შევსებაც მიიღო: ფეხბურთელთა ძირითადი ნაწილი საფეხბურთო კლუბ “ტორინეზედან” შეიძინეს, რომელიც უსახსრობის გამო დაშლილიყო.

პირველი საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც “ტორინომ” მიიღო მონაწილეობა იტალიური სპორტული ჟურნალის, “სტამპა სპორტივას” მიერ გახლდათ ორგანიზებული და ამხანაგურ ხასიათს ატარებდა. “ხარები” ფინალში გავიდნენ, სადაც შვეიცარიულ “სერვეტთან” დამარცხდნენ (1:3). პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობისას, “ტორინო” იტალიის ჩემპიონატში მონაწილეობას არ იღებდა. 1926-27 წ.წ. სეზონში მოპოვებული სკუდეტო კი გუნდს ჩამოართვეს “იუვენტუსთან” შეხვედრაში მომხდარი არეულობისთვის. მომდევნო წელს “ხარებმა” მაინც იპირველეს. პირველი ადგილობრივი ტიტული ტურინელებს ავსტრიელმა სპეციალისტმა, ტონი კარნელიმ, მოაგებინა. გუნდი საოცარი შედეგიანობით გამოირჩეოდა: ორი მატჩის ჯამში “რეჯიანას” გაცამტვერებას 22:3 (14:0 და 8:3), “ნაპოლისა” და “ბრეშიას” (“ხარებმა” ორივეს 11:0 მოუგეს) განადგურება მოჰყვა. თუმცა ყველაზე სასიამოვნო “ტორინოს” ტიფოზებისთვის მაინც საძულველი “იუვენტუსის” სტუმრად დამარცხება გახლდათ (4:1).

რამდენიმეწლიან წარუმატებელ პერიოდს კი “ტორინოში” საოცარი გუნდის ფორმირება მოჰყვა. 1939 წელს კლუბის პრეზიდენტი ფერუჩიო ნოვო გახდა, რომელის პოსტს 1953 წლამდე ინარჩუნებდა. სწორედ მისი თაოსნობით, 1942 წელს “ხარებში” ლეგენდარული ვალენტინო მაცოლა მივიდა, რომელიც მანამდე “ვენეციას” ღირსებას იცავდა. გუნდს სათავეში უნგრელი ანდრაშ კუტიკი ჩაუდგა და წარმატებული სვლაც დაიწყო. დაიწყო ისტორიული გამარჯვებით: “იუვენტუსი” - “ტორინო” 2:5. მაცოლამ ორი გოლი გაიტანა. საბოლოო ჯამში, ვალენტინოს სადებიუტო სეზონში “ტორინომ” სერია ა ისტორიაში მეორედ მოიგო. ეროვნული პირველობის გარდა, “ბორდოსფერებმა”(“ტორინოს” კიდევ ერთი მეტსახელი -რედ.) იტალიის თასზეც იმარჯვეს, დაამარცხეს რა ფინალში “რომა”. მაცოლას კვალად, ტურინული გუნდის მაისური მომდევნო სეზონებში ისეთმა ლეგენდარულმა ფეხბურთელებმა მოირგეს, როგორებიც ალდო ბალარინი, პინო გრეცარი, მარიო რიგამონტი, ეუსებიო კასტილიანო, ფრანკო ოსოლა და წინა ხაზში მაცოლას პარტნიორი, გიგლემო გაბეტო გახლდათ. 1945-49 წ.წ. “ხარებმა”იტალიის ჩემპიონატი ზედიზედ ოთხჯერ მოიგეს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წარმატებულ სვლას გუნდი სხვადასხვა თავკაცების ხელში აღწევდა, თავად განსაჯეთ: ოთხ სეზონში “ტორინომ” ერთბაშად ექვსი მწვრთნელი გამოიცვალა.
1946-47 წლების სეზონში “ტორინომ” სერია ა-ს 38 ტურში 28 მოიგო და ჯამში 104 გოლი გაიტანა, მათგან 29 ვალენტინო მაცოლას, 19 კი გიგლემო გაბეტოს ანგარიშზე გახლდათ. მომდევნო წელს “ხარებმა” 40-დან 29 მატჩი მოიგეს და 125 ბურთი შეაგდეს (მაცოლა -25, გაბეტო -23).

საკლუბო კარიერის კვალად, “ტორინოს” ფეხბურთელები იტალიის ნაკრების ბირთვს შეადგენდნენ. იყო პერიოდი, როდესაც “სკუადრა აძურას” ძირითად შემადგენლობაში ამ გუნდის 8-9 მოთამაშე
ასპარეზობდა. 1947 წლის 11 მაისს უნგრეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში კი, იტალიის ნაკრების სასტარტოში “ტორინოს” ერთბაშად ათმა (!) ფეხბურთელმა ითამაშა. ერთადერთი “ლეგიონერი” მეკარე სენტიმენტი გახლდათ, რომელიც “იუვენტუსის” ღირსებას იცავდა. ისიც
იმიტომ მოხვდა შემადგენლობაში, რომ აპენინელთა თავკაცმა, ვიტორიო პოცომ ნაკრების ძირითადი გოლკიპერი, ვალერიო ბაჩიგალუპო (რომელიც ასევე “ტორინოს” ღირსებას იცავდა) დაასვენა... როგორც ტურინულ გუნდს, ასევე აპენინელთა ეროვნულ ნაკრებს ამ პერიოდში ვალენტინო მაცოლა კაპიტნობდა. აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით “სკუადრა აძურას” კაპიტნის სამკლავური ვალენტინოს არანაკლებ ლეგენდარულმა შვილმა, სანდრო მაცოლამაც მოირგო.
გარდა საფეხბურთო რეკორდებისა, რომელზეც ქვემოთ გვექნება საუბარი, “ტორინო” ტაქტიკური თვალსაზრისითაც გამორჩეული გუნდი გახლდათ. ტურინელები 4-2-4 წყობით ასპარეზობდნენ. ათი წლის შემდეგ იგივე ტაქტიკით ბრაზილიის ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი შთამბეჭდავ სტილში მოიგო. ბევრი საფეხბურთო ექსპერტი სულაც “ხარების” იმდროინდელ ტაქტიკურ მონახაზში ეძებს “ტოტალური
ფეხბურთის” საფუძვლებს, რომელმაც 70-იან წლებში საფეხბურთო-სტრატეგიული თვალსაზრისით ნამდვილი გადატრიალება მოახდინა.
“ტორინოს” იმდროინდელ რეკორდებს რაც შეეხება, მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. უბრალოდ, რამდენიმე საინტერესო ფაქტზე გავამახვილებთ თქვენს ყურადღებას, მაშ ასე: “ტორინო” პირველია სერია ა-ს ზედიზედ მოგებათა რაოდენობით (5-ჯერ), გუნდს ეკუთვნის ყველაზე გრძელი სახლში დაუმარცხებელი მატჩების სერია იტალიის ჩემპიონატში (93 მატჩი - 83 მოგება, 10 ფრე), ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება საკუთარ არენაზე (14:0 “რეჯიანასთან”), ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება სტუმრად (7:0 “რომასთან), ყველაზე მეტი გატანილი გოლი ერთ სეზონში (125)...
ყველაფერი 1949 წლის 4 მაისს დასრულდა. “ტორინოს” სრული შემადგენლობა პორტუგალიიდან (სადაც გუნდმა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარა ლისაბონის “ბენფიკასთან”) იტალიაში ბრუნდებოდა, როცა გუნდის თვითმფრინავი ტურინის მახლობლად, სუპერგას მთაზე აღმართულ ამავე სახელწოდების კათედრალს დაეჯახა და ჩამოვარდა. 27 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი ადგილზევე დაიღუპა. ტრაგედიამ,
რომლის მიზეზად ცუდი ხილვადობა დასახელდა, მთელი იტალია შოკში ჩააგდო. ფეხბურთელთა კოლექტიური დაკრძალვის პროცესიას ტურინში ნახევარი მილიონი ადამიანი დაესწრო.

სერია ა-ს 1948-49 წ.წ. სეზონის დასრულებამდე, რომელსაც “ტორინო” ლიდერობდა, 4 ტური გახლდათ დარჩენილი. “ჯენოასთან”, “ფიორენტინასთან”, “სამპდორიასთან” და “პალერმოსთან” “ხარების” ღირსება “პრიმავერას” (ახალგაზრდული გუნდის) მოთამაშეებმა დაიცვეს და მოიგეს კიდეც სკუდეტო, რომელიც, ცხადია, გარდაცვლილთა ხსოვნას მიეძღვნა. კატასტროფამ სერიოზულად შეასუსტა იტალიის ნაკრებიც, რომლის რიგებში იმხანად “ტორინოს” 10 ფეხბურთელი ასპარეზობდა.
აქვე კლუბის გადარჩენილ ფეხბურთელებზეც ვთქვათ, ასეთი მხოლოდ სამია: საურო ტომა ტრავმის გამო გუნდს არ გაჰყოლია. იტალიაში დარჩა მოგვიანებით ლეგენდად ქცეული უნგრელი ფეხბურთელი,
ლადისლაო კუბალაც, რომელიც იმხანად “პრო პატრიაში” ასპარეზობდა და პორტუგალიაში “ბორდოსფერთა” მაისური პირველად უნდა მოერგო. კუბალას შვილი ლისაბონში გაფრენამდე ავად გახდა და ფეხბურთელმაც შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მესამე მოთამაშე “ტორინოს” ახალგაზრდული გუნდის წვერი, ლუიჯი ჯულიანო გახლდათ, რომელიც მთავარ გუნდში სადებიუტო სეზონს საკმაოდ წარმატებით ატარებდა. ლუიჯიმ საპასპორტო საკითხების მოგვარება ვერ მოასწრო, რის გამოც სამშობლოში მოუწია დარჩენა.
ტრაგედიის შემდეგ, “ტორინომ” მხოლოდ ორი ტიტული მოიგო: სერია ა (1975-76) და იტალიის თასი (1992-93)
2005 წელს ტელეეკრანებზე გამოვიდა კლაუდიო ბონივენტოს ფილმი „Il grande Torino”, რომელიც “ტორინოს“ ლეგენდარული ფორმაციის გუნდს მიეძღვნა.
წინა თემა :
TORINO