თუ რუსული ოკუპაციის თემა ვინმესთვის სენსიტიურია, თუ მავთულხლართებში გახვეულ ქართულ სოფლებს სტუმრობთ, თუ ხურვალეთში ერთხელ მაინც ხართ ნამყოფი, მაშინ ამ სოფლის სიმბოლო, დათა პაპა აუცილებლად გეცოდინებათ, აუცილებლად გამოელაპარაკებოდით და მის შეუპოვარ დამოკიდებულებას ვერასოდეს დაივიწყებდით. დათა პაპა ისაა, ვინც ყველაზე აქტიურად ეკონტაქტებოდა საერთაშორისო ვიზიტორებს. ის არც აქამდე და არც ამის შემდეგ არ აღიარებს, დე ფაქტო რესპუბლიკას და ყოველთვის დაუფარავად აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქეა და არ აპირებს საკუთარი სახლი ოკუპანტებს დაუთმოს.
ახლა, ეს პატრიოტი, მებრძოლი მოხუცი ავად არის. “პრაიმტაიმთან” საუბარში, დათა პაპას ცოლმა, ეთერ ვანიშვილმა თქვა, რომ მოხუცი ლოგინად ჩავარდა და მას თავად უვლის. სახლში ჰყავს შვილიშვილიც, რომელიც ცოტა ხნის წინ, ოკუპანტებმა საკუთრი სახლიდან გაიტაცეს, მალევე მისი ცოლიც საოკუპაციო ძალების მიერ ცხინვალის იზოლატორში აღმოჩნდა. ცოლი მშობლების სახლში დააბრუნეს, ქმარს კი, ქართული პასპორტი ჩამოართვეს და ახლა, თავისი ქვეყნის, მოქალაქეობის, მშობლიური სოფლის და გაუტეხელობის მძევალია, ცხოვრებას ოთხ კედელში პაპა-ბებიასთან ერთად ატარებს. ვერ მიდის ცოლამდე, რადგან მას რუსები დაიჭერენო, ამბობს ბებია.
ეს ძლიერი და სამაგალითო ოჯახი კეთილი ადამიანების მიერ გაღებული სიკეთით არსებობს. ღობე-ღობე მიდიან და მავთულხლართების ლაბირინთიდან ეზოში პროდუქტებით სავსე ჩანთებს უტოვებენ… უკვე თვეებია, მათ არც პენსია აუღიათ და არც სოციალური დახმარება, რადგან გარეთ ვერ გადიან. მეშინია, რუსები დამიჭერენ და დამაპატიმრებენო, ამბობს დათა პაპას ცოლი.
როგორია საოკუპაციო ხაზთან ცხოვრება, რას ნიშნავს ოკუპანტების მიერ გავლებული ე.წ. საზღვრები და მოხუცების სამოქალაქო პასუხისმგებლობა და ბრძოლა სახელმწიფოსთვის? ამის ნათელი მაგალითი დათა პაპას ოჯახია…
“დათა ახლა, საჭმელს დამოუკიდებლად ჭამს, მაგრამ ვერ დადის, ლოგინად ჩავარდა. ის 88 წლისაა, მე 81 წლის ვარ და ვუვლი, სახლში ჩვენი შვილიშვილიცაა, მალხაზი. გარეთ ის ვერ გადის, ქართული პასპორტი ჩამორთმეული აქვს, რომ დაიჭირონ ცხინვალში წაიყვანენ. ვერც მე გავდივარ ეზოს გარეთ, მეშინია. უკვე 4 თვეა, არც პენსია და არც სოციალური დახმარება არ აგვიღია. როგორ გავალთ გარეთ, როცა მავთულხლართების ალყაში ვართ.
ხალხის დახმარებით ვარსებობთ. გვიგზავნიან კეთილი ადამიანები პროდუქტებს და ღობე-ღობე გვიახლოვდებიან, მავთულხლართებთან გვიტოვებენ ჩანთებს და ეზოდან ვიღებთ. ახლა, სოფლის ზემოთ მხოლოდ ჩვენი ოჯახის დარჩენილი. ოკუპანტები გვაწუხებენ, ამას წინათ ერთი რუსი ჯარისკაცი მოვიდა და კინწისკვრით გავაგდე, მეუბნებოდა აქ რატომ ხართ, რუსეთის მიწებიაო, ჩვენს ნაწვალებ და ნაშენებ სახლზე მეუბნებოდა. გავმწარდი და გავაგდე. აქ დავბერდით, აქაა ჩვენი ნაჯაფარი და ვერავის დავუტოვებთ, მაგრად ვდგავრათ და არსად წავლას არ ვაპირებთ.
მავთულხლართებმა ჩემი შვილიშვილის ოჯახი დაანგრია, ის ჯერჯერობით ცოლთან შეხვედრას ვერ მოახერხებს, ის თავის მშობლებთან ცხოვრობს, არადა შვილს ელოდება. სახლში ვართ ან ეზოში… ხალხი გვპატრონობს, შეშა მოგვაწოდეს და ექსპრეზიდენტმა მარგველაშვილმა რამდენიმე დღის წინ, პროდუქტები მოგვაწოდა, მისი ნომერი არ მაქვს, რომ მქონდეს დავურეკავდი და მადლობას პირადად გადავუხდიდი. ახლა, ერთი თეთრიც არ გვაქვს, ბანკში როგორ ჩავიდეთ? რუსები არ გვიშვებენ! მეშინია, დამიჭერენ და წამიყვანენ.
ფული რომ ხელზე გვეძლეოდეს, ქვემო სოფლებიდან მოდიან, მათ ვატანთ მაღაზიებში და რაც გვჭირდება გვაწვდიან ხოლმე. ჩვენს წინ, სოფელ წინაგარში ქართული ფული არ ჭრის, იქ რუსული რუბლია საჭირო. გაზი არ გვაქვს, რუსებმა არ გამოატარეს, მაგრამ მაინც აქ ვიქნებით, ჩვენ ალტერნატიული საცხოვრებელი არ გვჭირდება. უკვე, მოხუცები ვართ, ბოლომდე ამ კედლებში ვიქნებით, არსად წავალთ… ჩემი გოგოს დარდიც მაქვს, ის ქვრივია და 13 წლის შვილთან ერთად ერგნეთში ცხოვრობს, დახმარება მასაც ძალიან სჭირდება…” – ამბობს ეთერ ვანიშვილი.

ვინმე შეარჩიეთ და ორგანიზება მოხდეს დახმარებისთვის
ფორუმიც შეუერტდეს ქველმოქმედებას ამ ნამდვილი ქართველისთვის
ეს კაციდღევანდელი საქართველოს სიმბოლოა!
