http://www.opentext.org.ge/index.php?m=94&y=2002&art=12713,,როგორ მოკლეს გიორგი შავგულიძე
საბრალდებო დასკვნით, 1999 წლის 13 მარტს 24 წლის გიორგი შავგულიძე საცოლესთან, თათია ჯოხაძესთან ერთად გუდაურში ჩავიდა სამთო-სათხილამურო ღონისძიებაზე დასასწრებად. მათ ღამის გასათევი არ ჰქონდათ. მეგობრებმა: დავით ჩიქოვანმა, ოდისეი დიმიტრიადიმ და გივი წულაძემ, რომელთაც ორი ოთახი ლუქსი ჰქონდათ დაქირავებული, სასტუმრო "შინო 4"-ში წყვილებს ერთი ოთახი შესთავაზეს. იქ გადაბარგების შემდეგ ყველანი სასტუმროს ბარში ჩავიდნენ.
დაახლოებით 22 საათზე ბარში ხალხმა იმატა. შავგულიძეს და მის მეგობრებს შეუერთდნენ ძმები დათო და გიორგი კიკნაძეები, ლაშა ქევანიშვილი და სხვები - სულ 30-მდე ახალგაზრდა. შემდეგ დაემატათ გიორგი და მიხეილ შუბლაძეები, მერაბ მაჭავარიანი, შოთა მოლაშხია და ლევან ორახელაშვილი. დაახლოებით ერთ საათში გიორგიმ თათია ოთახში ააცილა, საიდანაც 40 წუთში დაბრუნდა. ამ დროს ბარში ახალი შემოსულები იყვნენ ალ. ორჯონიკიძე, გიორგი კბილაშვილი და სხვები. გიორგი კიკნაძეს თვალში არ მოუვიდა კბილაშვილი, რადგან მისმა ბიძაშვილმა, ირაკლიმ, ბიძაშვილი - შოთიკო კავსაძე მოუკლა. კიკნაძემ მოკლულის შესანდობარი დალია და "ზედმეტი ხალხის" მისამართით შეიგინა. მას წესრიგისაკენ მოუწოდეს, მათ შორის შავგულიძემაც. რადგან მანაც ამაოდ სცადა კიკნაძის დაწყნარება, შავგულიძემ გაზის პისტოლეტიდან გაისროლა (თუმცა, საქმეში გაზის პისტოლეტი, როგორც მტკიცებულება, არ დევს). საპასუხოდ ორახელაშვილმა და გუდაძემაც გაისროლეს, რის შედეგადაც 2 ტყვიით გულში დაიჭრა შავგულიძე და ადგილზე გარდაიცვალა...
როგორც ექსპერტიზით გაირკვა, შავგულიძეს ესროლეს - "მაკაროვიდან" და "სტეჩკინის" სისტემის იარაღებიდან. მკვლელობის საქმე იმთავითვე 105-ე განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა.
ვისი იარაღიდან ესროლეს შავგულიძეს
საინტერესო დეტალი: შავგულიძის მკვლელობიდან 2 დღით ადრე, 11 მარტს, თბილისში, მიცკევიჩის ქუჩაზე ხუთჯერადი გასროლით პროფესორ მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილი, კონსტანტინე ოთხმეზური დაჭრეს. საქმე დღემდე გაუხსნელია. საყურადღებოა, რომ მისი სხეულიდან ამოღებული ტყვია დაემთხვა შავგულიძის სხეულიდან ამოღებული "მაკაროვის" ტყვიის გულას. "მაკაროვი" კი ვაკის გამგეობის საფინანსო განყოფილების გამგის - რომან ბარამიძისა აღმოჩნდა. ბარამიძე მაშინვე კი დააპატიმრეს, მაგრამ გულმა შეუტია და კარდიოლოგიურში დააწვინეს, საიდანაც 14 აპრილს გამოწერეს. ამის შემდეგ, როგორც შაქარაშვილი ირწმუნება, ბარამიძე თავისუფლად დასეირნობდა ქუჩაში. სხვათა შორის, ჩხრეკისას, პოლიციამ ბარამიძის ბინიდან ამოიღო "ნაგანიც". როგორც "მაკაროვი," ისე "ნაგანი" ბარამიძეზე გაფორმებული მართლაც იყო, მაგრამ ტარებაზე უკვე ვადა ჰქონდა გასული. ამასთან, საბურთალოს პოლიციაში აღმოჩნდა ბარამიძის განცხადება, სადაც წერდა, რომ მას "მაკაროვი" მოპარეს (შსს-ში მოპარვის შესახებ განცხადება დაფიქსირებულია 15 მარტს, ანუ როცა ოთხმეზურის დაჭრაც და შავგულიძის მკვლელობაც მომხდარია). ასე იყო თუ ისე, ბარამიძე 2000 წელს ვაკის სასამართლომ იარაღის უკანონო და დაუდევრად შენახვისათვის გაასამართლა (მასაც პოლიციის ზედამხედველობა ჰქონდა შეფარდებული). იარაღის უკანონო შენახვისათვის მას ჯარიმა დააკისრეს, ხოლო როგორ მოხვდა იარაღი გუდაურში, ამ ნაწილში საქმე გამოძიებას დაუბრუნდა.
აღსანიშნავია, რომ ბარამიძის საქმეზე პროკურატორა ძალიან იყო მოწადინებული, საბოოლო განაჩენი გამოსულიყო, მაგრამ შავგულიძეების დიდი წინააღმდეგობის შემდეგ ამ ნაწილში საქმე ძიებაში დაბრუნდა. როგორც დაზარალებული შაქარაშვილი აცხადებს, მართალია, საქმის ძიებაში დაბრუნებას მიაღწია, მაგრამ საქმე დღემდე თაროზეა შემოდებული, პროკურატურა თურმე გუდაძისა და ორახელაშვილის დაკავებას ელოდება.
ვის რა ბრალი დაედო შავგულიძის მკვლელობაში
შავგულიძის მკვლელობაში თავიდან უამრავი პირი იმხილებოდა, მაგრამ საბოლოოდ, საბრალდებო დასკვნის თანახმად, დანაშაულის უშუალო მონაწილეები აღმოჩნდნენ: ძმები დათო და გიორგი კიკნაძეები, ალექსანდრე თაყაიშვილი, გიორგი და მიშა შუბლაძეები და შოთა მოლაშხია, ოღონდ - როგორც ხულიგნობაში ეჭვმიტანილები. მკვლელობაში ორახელაშვილსა და გუდაძეს ამხელენ.
პოლიციაში პირველი თაყაიშვილი გამოცხადდა. თუმცა, როგორც შაქარაშვილი ამბობს, იგი ახალგორში ნარკოტიკზე დააკავეს, რისთვისაც ერთი თვით დააპატიმრეს. "აღმოჩნდა, რომ თაყაიშვილს 14 წლის ასაკში მრგვალ ბაღთან უპოვია ნარკოტიკი, რომელიც უჯრაში შეუნახავს. ამის შემდეგ წასულა ინგლისში ისე, რომ ნარკოტიკი უჯრაში ჰქონდა შენახული. ეს არგუმენტი ვაკის სასამართლომ გაიზიარა და თაყაიშვილს 2 წლით პირობითი სასჯელი მისცეს. მის ბრალდებაზე - ხულიგნობაზე კი არავინ დაინტერესებულა", - აცხადებს შაქარაშვილი.
ივლისის ბოლოს პოლიციაში 17 წლის დავით კიკნაძე გამოცხადდა. მისი განმარტებით, გუდაურში მომხდარი მკვლელობის შემდეგ იგი ვინმე ტანიასთან ერთად მოსკოვში წასულა ისე, რომ ოჯახმა არ იცოდა. 6 თვის შემდეგ კი, როცა გაიგო, რომ შავგულიძე გარდაიცვალა და იგი იძებნებოდა, თავადვე გამოცხადდა პოლიციაში. კრწანისი-მთაწმინდის სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად მას პოლიციის ზედამხედველობა შეუფარდა. შავგულიძეებმა ეს გადაწყვეტილება საოლქო სასამართლოში გაასაჩივრეს, რის შემდეგაც კიკნაძე კი დააპატიმრეს, მაგრამ... იგი სასამართლოდან გაიპარა. როგორც შაქარაშვილი აღნიშნავს: "კიკნაძეს და ასევე მოლაშხიას სასამართლოზე 6 პარლამენტარი შუამდგომლობდა, რომ არ დაეპატიმრებინათ. ამიხსენით, რა საქმე ჰქონდათ პარლამენტარებს 17 წლის ბიჭებთან - მეგობრები იყვნენ."
მისივე თქმით, "მკვლელობის საქმეს თავიდან ნათელი მოჰფინა გიორგი კიკნაძემ - მან დაასახელა ახალგაზრდები, რომლებიც ინციდენტში მონაწილეობდნენ. ამ დროს კიკნაძეს ადვოკატი შალვა ჩხეიძე იცავდა (ამჟამად მას გულიკო გაბაიძე იცავს), რომელიც გარდაიცვალა. დღეს მიმდინარეობს დავა იმაზე, თითქოს ჩხეიძე იმდენად ავად იყო, რომ ვერ აზროვნებდა, რის გამოც კიკნაძის ჩვენებები არ უნდა იქნას გაზიარებული. საავადმყოფოში, სადაც ჩხეიძეს მკურნალობდნენ, გავარკვიე, რომ იგი საავადმყოფოში შეყვანისას საღ გონებაზე იყო და ნორმალურად აზროვნებდა, ანუ იმ დროს, როცა კიკნაძეს იცავდა, ჩხეიძე ჯანმრთელი იყო".
რაც შეეხება მოლაშხიას, 6 თვის შემდეგ მას კრწანისი-მთაწმინდის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, მაგრამ საოლქომ გაუშვა. გარდა შავგულიძის საქმისა, მოლაშხიას ბრალი ედებოდა ბარ "ლაბაში" ჩადენილი დანაშაულიც. საქმის მასალებით, ამ ბარში მოლაშხიას ნისიად მოუთხოვია სასმელი და სიგარეტი, რაც ბარმენმა მისცა კიდეც. მას მეორედაც მოუთხოვია ნისიად პროდუქტები, მაგრამ ამჯერად უარი უთხრეს. მოლაშხია მისულა ბარმენთან, ხელი გადაუხვევია, ისე, თითქოს ყურში რაღაც უნდა ეთქვა და ამის ნაცვლად ჯერ ლუდი ჩაუსხამს კისერში, შემდეგ კი ყბა მოუნგრევია. ამგვარად, შავგულიძის საქმესთანაა გაერთიანებული როგორც ოთხმეზურზე თავდასხმა, ბარ "ლაბაში" მომხდარი ინციდენტიც.
განსასჯელის ადვოკატი მოუთმენლად ელის, როდის მოითბობს ხელს
პოლიციის ზედამხედველობაში მყოფი ოთხი განსასჯელი - თაყაიშვილი, მოლაშხია, კიკნაძე და შუბლაძე შავგულიძის ეპიზოდში თავს საერთოდ არ მიიჩნევენ დამნაშავედ. ჭირისუფალი შაქარაშვილი თუ საქმის კვლავ ძიებაში დაბრუნებას და ობიექტურ გამოიძებას მოითხოვს, ერთ-ერთი განსასჯელის დედა იმაზე წუხს, რომ მისი შვილი სტუდენტია და სასამართლოს გამო ლექციების გაცდენა უხდება. რას გადაწყვეტს მოსამართლე ტაბატაძე, პროცესის დასასრულს გაირკვევა. თუმცა, ხულიგნობის (228-ე მუხლის მეორე ნაწილი) მუხლი, რომელიც მათ აქვთ მიყენებული, ხუთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ახალ ვერსიასთან" საუბარში დაზარალებული შაქარაშვილი აცხადებს: "რაც ჩაიდინეს, რომ ეღიარებინათ, მიტევება გამიჭირდებოდა, მაგრამ ანგარიშს ნამდვილად გავუწევდი. მათ განცხადებას, რომ ყველანი უდანაშაულოები არიან და მხოლოდ გიორგია დამნაშავე, მდგომარეობიდან გამოვყავარ. მათი ასეთი ცინიზმი ძალას მაძლევს, რომ ჩემი შვილის მკვლელობის საქმეს არ შევეშვა. მე გიორგის ვერავინ დამიბრუნებს, მაგრამ რატომ არ უნდა აგონ პასუხი იმაზე, რაც ჩაიდინეს. თუ ვინმე უდანაშაულოა, გაუშვან. მხოლოდ ერთია დამნაშავე. ერთმა აგოს პასუხი! მაგრამ მაჩვენეთ, ვინ არის დამნაშავე. როგორ დავიჯერო, რომ გიორგიმ თავად მოიკლა თავი.!".
- განსასჯელთა მხარე აცხადებს, რომ თქვენ "ზემოდან" გმფარველობენ...
- სადაა ლოგიკა. არავინ დასჯილა და მე მფარველობენ. ვითომ გამოძიებული საქმე სცენარია, სადაც მე, როგორც დაზარალებული, არ ვჯდები როლში. რომ არა ჩემი ბრძოლა, საქმე დიდი ხნის დამთავრებული იქნებოდა. მიმაჩნია, რომ გამოძიების ავტორები ან უვიცები არიან, ან დაინტერესებულნი ფულითა და თანამდებობით. თუ უვიცები არიან, დატოვონ თანამდებობები, ხომ ხედავთ, დაუსჯელობის სინდრომს სხვა დანაშაულებიც ემატება. გამოდის, რომ სწორედ ამ სისტემიდან გამომდინარეა ამდენი მსხვერპლიცა და დამნაშავეც.
- თქვენ არ მიიჩნევთ, რომ მათ მფარველობენ.
- კონკრეტულად ვინმეს დასახელება არ შემიძლია, მაგრამ ვიცი, რომ კიკნაძეები ახლო ნათესავები არიან კახა თარგამაძის მეუღლისა. რაც შეეხება ორახელაშვილს, იგი ქალაქის მთავარი არქიტექტორის - დავით ახვლედიანის გერია.
- თქვენთან მოლაპარაკება არავის უცდია.
- ერთხელ დამირეკეს და მოლაპარაკება მთხოვეს. გავოგნდი - რაზე მოვილაპარაკოთ-მეთქი.
რაც შეეხება ადვოკატ გაბაიძეს, იგი აცხადებს: "დაზარალებულმა ბევრი იმეცადინა იმისათვის, რომ ეს ბიჭები დაეჭირათ. შავგულიძის საქმე კაცობრიობისათვის მიუღებელი დაინტერესებით გამოიძიეს, რომ ეს ახალგაზრდები განსასჯელის სკამზე მოხვედრილიყვნენ. ყველა განსასჯელი უდანაშაულოა! დადგება დრო და დავა მექნება კიკნაძის ექვსთვიან უკანონო პატიმრობაზე. კომპენსაციის საკითხს დავაყენებ და მეც ხელს მოვითბობ".
- თუ ესენი არა, აბა ვინ არიან დამნაშავეები.
- დაზარალებულმა შესანიშნავად იცის, რა პირობებშიც მოხდა მკვლელობა, მაგრამ საქმე ისეა გაყალბებული, რომ მათ არავინ ახსენებს...
ვაკე-საბურთალოს სასამართლოში მიმდინარე პროცესის დასრულება ამ საქმეს ნათელს მაინც ვერ მოჰფენს, რადგან მკვლელობაში ეჭვმიტანილები დაკავებულნი არ არიან. ამგვარად, ეს ბოლომდე გაუხსნელი საქმე კიდევ დიდხანს იქნება საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
ავტორი: ლალი როზომაშვილი.,,
https://www.viagrasansordonnancefr.com/acheter-sildenafil-sandoz/ - acheter sildenafil sandoz www.viagrasansordonnancefr.com