ვინც წაიკითხოს ცხონდეს....

გალაკტიონის ფენომენი
ამონარიდი წერილიდან - "გლობალიზაცია და ცნობიერების განვითარება.
( წერილი შესაძლოა ძნელად აღქმადი იყოს ანთროპოსოფიას არნაზიარებ მკითხველისათვის)
რომელი ცნობიერებიდან მომდინარეობს გალაკტიონის პოეზია, საიდან მომდინარეობენ მისი უმშვენიერესი შედევრები?
ჩვენი აზრით გალაკტიონი არის ინდივიდუალობა, რომელიც სიყმაწვილიდანვე იყო ცნობიერი სამშვინველის მატარებელი (რატომ იყო იგი ამ ცნობიერების მატარებელი, თუკი მას ამ ცხოვრებაში დიდი შრომა არ გაუწევია ამისთვის და რატომ ასევე არ არიან დაბადებიდანვე ამ ცნობიერების მატარებელი სხვა ადამიანები? გაჩნდება მრავალგვარი ასეთი კითხვა და ეს არის ბუნებრივი ადამიანური ცნობისმოყვარეობიდან აღძრული კითხვები.
ამ წერილში ჩვენ მიზნად არ გვაქვს ამ კითხვებს გავცეთ პასუხი. ორიენტაციისათვის და სავარაუდოდ ერთსღა ვიტყვით: ყველაფერი ეს დაკავშირებულია ამ ადამიანის წინა ცხოვრებებთან და საერთოდ რეინკარნაციებთან, ანუ ხელახალ დაბადებებთან) და ეს ცნობიერება იმდენად იყო მასში კონცენტრირებული და პიკს მიახლოვებული, რომ ასე ვთქვათ, ვეღარ ეტეოდა თავის თავში (”ცხოვრება გახდა ვიწრო გალია’’) და ძალიან ხშირად გადადიოდა არა სრულყოფილი მანასის ანუ სულიწმინდას ცნობიერებაში, იქამდე კიდევ შორს არის, მაგრამ მანასის სიახლოვემდე, მიჯნამდე, იქამდე, სადაც უკვე აღწევს სულიწმინდას ღვთაებრივი სამყაროს ციალი.
სწორედ სულიერ სამყაროებამდე ამ აღმასვლებისას არის მოწყვეტილი პოეზიის ის მშვენიერი ყვავილები, შედევრებად რომ დარჩნენ ქართული პოეზიის საგანძურში. თვითონ გალაკტიონი ამ აღმასვლებს სულიწმინდას წიაღში ეფემერას, ეფემერულს (მსწრაფწარმავალს) უწოდებს, რადგან ეს აღმასვლები გრძელდებოდა მოკლე დროით.
არა ერთი და ორი,
არა ორი და სამი,
მახსოვს ვარსკვლავი შორი
და განათების წამი...
ეს - “განათების წამი” იგივეა გალაკტიონისთვის, რაც ეფემერა, - და იგივე, რაც გოეთეს - “შეჩერდი წამო”. ამ წამში შესაძლოა იმდენი და იმხელა ღვთაებრივი ჭეშმარიტება შემოიღვაროს ადამიანში, რამდენსაც ამ წამის გარეშე გატარებულ ასწლიან ცხოვრებაშიც ვერ შეიმეცნებს იგი.
ამიტომ ამბობს გალაკტიონი ასეთ წამზე, რომ ეს არის - “წამი ღვარული”. ძენ-ბუდისტებს აქვთ ერთი მშვენიერი ტერმინი ჩვენი თემისათვის, - “სატორი.” სატორი იმასვე ნიშნავს ბუდისტებისათვის, რასაც ეფემერა გალაკტიონისთვის. ბუდისტები ამბობენ, რომ სულიერი მოწაფეობის გზაზე შემდგარი შეგირდისთვის, როცა იქნება, დგება მომენტი, როდესაც მისი სამშვინველი ცნობიერი სამშვინველის მდგომარეობიდან ხან ადის მანასის სიმაღლემდე, ხან ისევ ჩამოდის, ადის და ჩამოდის... ეს არის ხანმოკლე სულიერი გასხივოსნებების დასაწყისი მოწაფისათვის. და თუ ეს მოწაფე შეუპოვარია და უშიშარი, რადგან სულის სამყაროს უსაზღვრობაში გადასვლას თან ახლავს საკუთარი თავის, საკუთარი ცრუ “მე”-ს დაკარგვის საზარელი შიში (ვინც არ დაკარგოს თავისი თავი, მან ვერ ჰპოვოს იგი) მაშინ ერთხელაც ხდება და ეს მიზანსწრაფული, მასწავლებლის ერთგული მოწაფე, თავისი გურუს ხელდასხმით უკვე სამუდამოდ რჩება სულიერ სამყაროში, მანასის (სულიწმინდას) ცნობიერებაში.
ჭეშმარიტად, ეს არის ცნობიერად სიკვდილი, ანუ სიკვდილი, როდესაც ადამიანში რეალურად კვდება მისი ჩვეულებრივი ცნობიერება, ჩვეულებრივი, დაცემული - “მე” და ადამიანი გადადის უწყვეტი და უკვდავი ცნობიერების, ნამდვილ, უკვდავი - “მე”-ს მარადიულ ყოფიერებაში. სული ხდება სულიერი სამყაროს მოქალაქე, მისი მკვიდრი, როგორც ეს ხდება ბუნებრივი, ბიოლოგიური სიკვდილის მერე, მაგრამ იმ უდიდესი განსხვავებით, რომ ცნობიერი სიკვდილის შემთხვევაში ადამიანის ფიზიკური სხეული კვლავ აგრძელებს ცხოვრებას სხვა ჩვეულებრივ სხეულთა შორის ამ სხეულთა მსგავსად. მაგრამ ეს სხეული უკვე ტაძრად არის ქცეული, ამ სხეულისგან ‘შოლტით არის გამოყრილი მეკერმეები, ვაჭრები, მრუშები, მკვლელები’’ და ა.შ. რასაც ყველა ჩვენთაგანი მეტ- ნაკლები რაოდენობით და ხარისხით ვატარებთ ჩვენს სხეულსა და სამშვინველში.
ჭეშმარიტად, რელიგია არის უდიადესი ხელოვნება, რამაც ადამიანს უნდა შეაძლებინოს ცოცხლად სიკვდილი. ახლა ამ განწმენდილ ტაძარში ცხოვრობს ფიზიკურ სიცოცხლეშივე გასხივოსნებული და ნეტარი, უკვდავი სული, რომლისთვისაც მისი ფიზიკური სხეულის სიკვდილი უკვე სრულებით პერიფერიულ მოვლენაა, - იგივე, რაც სამოსელის გახდა ჩვენთვის, - ნორმალური ცნობიერების ადამიანებისათვის. სწორედ ამ განწმენდილ ადამიანურ სხეულებრივ ტაძარზეა ხშირი მინიშნება სახარებაში.
მაგრამ დავუბრუნდეთ ჩვენს გენიალურ გალაკტიონს.
თუკი იგი სცილდებოდა ცნობიერი სამშვინველის ცნობიერებას, რატომღა ბრუნდებოდა უკანვე მასში? - იმიტომ, რომ ეს უნარი არ იყო მისი მოპოვებული ამ დაბადებაში, არამედ ეს იყო მისი კოსმიური ასაკის ყვავილები. რაშიც ვგულისხმობთ, რომ ამ ინდივიდუალობას ჰქონდა (აქვს) თავის უამრავ წარსულ დაბადებებში დიდი შრომა გაწეული სწორედ ამ ხსენებულ ცოცხლად სიკვდილის ხელოვნებაში, ანუ მას აქვს დიდი რელიგიური წარსული. მის პოეზიაში გვხვდება უამრავი ნიუანსი, როდესაც მან ლამის არის დალანდოს ბოლო დაბადებამდელი, სულიერ სამყაროში განცდილი სურათ ხატები და ასევე წარსული დაბადებები:
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ
სად, როდის, რისთვის? არ ვიცი, არა!
იყვნენ ოდესღაც და მიეძინათ...
ღელავს ფოთლების მწყობრი კამარა...
ეს იყო წინათ, დიდი ხნის წინათ,
ეს იყო ვერხვის ფოთოლთა კვნესა,
დრომ ყვავილებით დაგვაგვირგვინა,
მე პაჟი ვიყავ, ის კი - პრინცესა...
* * *
ნუთუ არ მეყო, რაც დასაბამით
გაუნელებელ ცეცხლში ვეწვალე?...
* * *
ქარიშხლიანი შენი წარსული
აღსდგება, რომ კვლავ გაიღოს ხმები.
იცხოვრებ ქვეყნად, მაშინაც, როცა
სხეულით ქვეყნად აღარ იქნები! ...
* * *
მაგრამ მე მომეჩვენა ჩემი ცა უწინდელი
უფრო უდიადესი.
* * *
მთვარეული და სიზმარეული
გეჩვენებიან სასუფევლები.
* * *
ის დაფიქრებით და დაჟინებით
გაიცქირება მომავლისაკენ...
სად დარაზმულად და საკმარისად
ერთგული უცდის მას რაინდები.
* * *
თან მიმდევს როგორც ყოველ კეისარს
ბედისწერათა მწარე ფანტომი.
* * *
ყველგან ყოველში მარხია ჩემი
სულის ნაწილი შეუმჩნეველი.
* * *
სხვა მხარეები უხსოვარ ხნიდან
მაწვალებს, მათრობს და მეფერება.
* * *
გალაკტიონის პოეზია სავსეა ამგვარი, სულიერ სამყაროსეულ ალუზიებით. ამჯერად ვფიქრობ, საკმარისია ზემოთ მოყვანილი სტრიქონები.
გალაკტიონი ერთგან ამბობს:
შენთვის გაეკრა ჯვარზე იესო,
სულო ჭაობზე უნოტიესო.
ეს სტრიქონები და ყველაფერი, რაც ზემოთ ვთქვით გალაკტიონის შესახებ, გვაძლევს უფლებას დავასკვნათ, რომ გალაკტიონი არის უფრო მეტად რელიგიური და უფრო მეტად ქრისტიანი, ვიდრე ერთად აღებული მთელი ჩვენი წვერიანი “მამაოეთი”. რასაკვირველია ამგვარ მოსაზრებას მთელი სისასტიკით აღუდგება წინ ჩვენი მამაოების უმრავლესობა, მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ის, ვინც ვინც რუსთაველს, გოეთეს, ვაჟა ფშაველას და მრავალ სხვას ვერ აღიქვამს ქრისტიანად, ის გალაკტიონშიც ვერ დაინახავს რაიმე ქრისტიანულს.
გალაკტიონის ცნობიერება მუდმივ, “მაქოსებურ” მიმოსვლაშია ცნობიერი სამშვინველის და სულიწმინდას ცნობიერებას შორის. მთელი ის არაადამიანური ტკივილი, რასაც ეს გენია ატარებდა მთელი მისი ცხოვრების მანძილზე, გამოწვეულია იქიდან გამომდინარე, რომ მან ვერ შეძლო “ცოცხლად სიკვდილი”, ვერ შეძლო ეფემერული წვდომები გადაეზარდა მარადიულში, ვერ შეძლო სრულებით ჩაძირულიყო სულიწმინდას (მანასის) ცნობიერებაში. სწორედ ეს არის მისი უსაზღვრო, ნოსტალგიური ტკივილის მიზეზი და არა კომუნისტური რეჟიმისეულილმეასეხარისხოვანი დამაბრკოლებელი ფაქტორები.
არა გალაკტიონის სიმძაფრით, მაგრამ ბუნდოვნად ამასვე განიცდიდა აკაკი:
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა...
ამგვარივე, სულიერი სამყაროსადმი ნოსტალგიურ მძაფრ ტკივილს განიცდის ჩვენთვის ნაცნობ ხელოვანთა უმრავლესი ნაწილი. და საერთოდ, ღვთაებრივთან ადამიანის მიერ ჯერაც გაუცნობიერებელი ვერდაკავშირება და ამ ვერდაკავშირებიდან გამომდინარე საშინელი ქაოსი და გაურკვევლობა არის მთელი ადამიანური ტანჯვის არაცნობიერი მიზეზი.
ღმერთო, დაიფარე ჩვენი ქვეყანა ღვთისმსახურებისაგან!...
...
ღარიბ მამაოს ვერ მაშოვნინებთ?
...
ვინც ნაცების გაკეთებულ კარგ საქმეებს ვერ ხედავს, - ის არის ბრმა.
ვისაც ნაცების დაწიოკებულთა გოდების ხმა არ ესმის, - ის არის ყრუ.