ზუსტად 100 წლის წინ, 1921 წლის 23 თებერვალს, ოთხი დღის წინ დაღუპული მარო მაყაშვილი – იუნკერებთან, ჯარისკაცებთან და მოხალისეებთან ერთად, თბილისში, სამხედრო ტაძრის ეზოში იქნა დაკრძალული.
ტიციან ტაბიძე:
"კოჯრის ფრონტზე, მოწინავე პოზიციებზე მტრის ყუმბარით დაიღუპა მოწყალების და მარო მაყაშვილი, ქალიშვილი პოეტი კოტე მაყაშვილის. წარმოუდგენელია მეტი მწუხარება, რასაც განიცდის დღეს ქართველი საზოგადოება ამ ტრაღიკული სიკვდილის გამო. ბევრი მებრძოლი მხედარი იმსხვერპლა ამ ბრძოლამ, ბევრს კიდევ იმსხვერპლებს, მაგრამ ასეთი უცაბედი სიკვდილი უფრო მტანჯველია მაინც, თითქო სიწმინდემ აკურთხა პირველი უმანკო სისხლით ქართული ფრონტი და ისიც მარიამისა; სამშობლოს სიყვარულით კიდევ ბევრ ლანდს გააჩენს ჟანნა დარკისა და კიდევ მეტ სასწაულს პატრიოტიზმისას.
არის რაღაც საბედისწერო მაყაშვილების გვარში, უკანასკნელ წლებში ყველა ფრონტი საქართველოში პირველად მაყაშვილის სიკვდილით იხსნება, ამ შემთხვევაშიც ბედისწერამ თავისი გაიტანა.
მეგობრები ალბათ დიდხანს დაიმახსოვრებენ განსვენებულის ხსოვნას და ბევრს დაწერენ მის გატაცებაზე – მაგრამ მაინც ვერ მონახავენ სიტყვებს გამოიტირონ მეგობარი, რომელსაც უდიდესი პატივი ერგო საქართველოში, როცა გარემოცული ტიფლისი სტიროდა ერთხმად მის დაკრძალვაზე.
ყველაზე მეტი ტანჯვა მაინც მშობლებს ხვდათ წილათ და რაც უნდა გატაცებული არ იყოს პოეტი სამშობლოს სიყვარულით – მისი გული მაინც ვერ დაივიწყებს შვილის სიყვარულს."
კოტე მაყაშვილმა, რომელიც სულ რაღაც ექვს წელიწადში ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 50 წლის ასაკში გარდაიცვალა, საკუთარ ქალიშვილს შემდეგი შინაარსის ლექსი მიუძღვნა:
მაროს
დავიღალე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი,
ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი,
ჯადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,
ახ, უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი.
არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,
თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!
გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;
საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!
დავიღალე... დავიჩაგრე... და შენი ვარ მხმობელი,
ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,
სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..
დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!
მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!
მაროს მამა - ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?
როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!
შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!
შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,
სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,
და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,
წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!
პ.ს.აქ მაინც არ დაიწყოთ ნაც-ქოცური.
დიდება გმირებს!