ამერიკის შეერთებულ შტატებში მთავრობა ერთი თვის წინ შეიცვალა. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის შემდეგ, ქვეყნის მართვა დემოკრატმა ჯო ბაიდენმა გადაიბარა. ყოველი ასეთი ცვლილების დროს ჩნდება კითხვა, თუ როგორი საგარეო პოლიტიკა ექნება ახალ ადმინისტრაციას. ეს შეკითხვა, სამხრეთ კავკასიის რეგიონისა და საქართველოს მიმართაც ისმის.
პრეზიდენტი ბაიდენი, კარგად იცნობს საქართველოს. ის ორჯერაა ქვეყანაში ნამყოფი და საქართველოსთვის მხარდაჭერა პირადად აქვს გამოცხადებული.
2008 წელს, როცა რუსეთ-საქართველოს ომის დროს ბაიდენი თბილისში ჩავიდა, ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯომარე იყო. მაშინ ნათქვამი სიტყვები „მე თქვენ არასდროს მიგატოვებთ“ საქართველოში დღემდე ახსოვთ. 2009 წელს ჯო ბაიდენი უკვე ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩავიდა საქართველოში და ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერა ქვეყნის პარლამენტს პირადად გადასცა.
ასევე ნახეთ:
საქართველო ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების საგარეო პოლიტიკურ ხედვაში
გარდა, ამისა, ბოლო 40 წელზე მეტი, ბაიდენი ამერიკის პოლიტიკაში მაღალ თანამდებობებს იკავებდა და თავისი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, კარგად იცნობს სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს.
თუმცა, არის თუ არა საკმარისი ახალი პრეზიდენტის მიერ რეგიონის ცოდნა იმისთვის, რომ სამხრეთ კავკასიამ ამერიკის საგარეო პოლიტიკაში პრიორიტეტული როლი დაიკავოს? ექნება თუ არა ბაიდენის ადმინისტრაციას ახალი, მკაფიო პოლიტიკა სამხრეთ კავკასიისადმი და განიხილება თუ არა ის ცალკე რეგიონად და არა რუსეთის, ან ევროპის რეგიონის პოლიტიკის ნაწილად?
სვანტე კორნელი, "კავკასიისა და ცენტრალური აზიის ინსტიტუტის" დირექტორი ამბობს, რომ ამერიკის წინა რამდენიმე პრეზიდენტის ადმინისტრაციას არ ჰქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის რეგიონის მიმართ.
„ტრამპის ადმინისტრაციამ სპეციფიკური სტრატეგიული დოკუმენტი შეიმუშავა ცენტრალური აზიის რეგიონისთვის... თუმცა, ასეთი დოკუმენტი არ გვინახავს სამხრეთ კავკასიის შემთხვევაში. რამდენადაც მე ვიცი, ყველაზე ახლოს, რაც კი სტრატეგიის მსგავსად შეიძლება აღვიქვათ, იყო პოლიტიკური განცხადებები სხვადასხვა თანამდებობის პირების მხრიდან, რომლებიც ძალიან იშვიათად ფოკუსირდებოდნენ სამხრეთ კავკასიაზე, როგორც რეგიონზე“, - ამბობს კორნელი.
ასევე ნახეთ:
"ძვირს დავუჯენთ" - ბაიდენის გაფრთხილება რუსეთს
მისი აზრით, სამხრეთ კავკასია ცალკე რეგიონად უნდა განიხილიბოდეს და საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის მიმართ, ამერიკას ერთიანი პოლიტიკა და სტრატეგია უნდა ჰქონდეს.
კორნელი ამბობს, რომ აქამდე ეს ქვეყნები სხვა რეგიონების ჭრილში ცალ-ცალკე განიხილებოდა და ისინი დიდი ქვეყნების მიმართ ამერიკის პოლიტიკის ერთგვარ დამატებად მოიაზრებოდა.
„საქართველოს შემთხვევაში ეს იყო რუსეთი, თურქეთთან ერთად განიხილებოდა სომხეთის საკითხი, აზერბაიჯანი კი, ხანდახან ავღანეთის მიმართ პოლიტიკის ნაწილი იყო“, - ამბობს კორნელი.
ბაიდენის ადმინისტრაციაში ყველა საკვანძო თანამდებობის პირი დამტკიცებული ჯერ არ არის. შესაბამისად, არც ბოლომდე ჩამოყალიბებული პოლიტიკა და მიდგომებია ცნობილი. ახლა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის ერთ-ერთი მთავარი კითხვაა შეცვლის თუ არა ბაიდენის ადმინისტრაცია ძველ მიდგომას.
https://www.amerikiskhma.com/a/what-the-sou...k-rh117SFkS3_j4