კომერსანტის ექსკლუზივი: პირველი ქართული აპარატის ყავა „მეამა“-ს ბრენდის ქვეშ გაიყიდება
access_time2019-04-30 17:00:54
კომერსანტისთვის გახდა ცნობილი, რომ პირველ ქართულ აპარატის ყავას „მეამა“ ერქმევა და იგი ქართულ ბაზარზე ამ ბრენდის ქვეშ გაიყიდება.
გასულ წელს „კომერსანტთან“ ინტერვიუში საწარმოს წარმომადგენელი თორნიკე ჭელიძემ განაცხადა, რომ კომპანია ქართველ მომხმარებელს სამი სახის პროდუქტს შესთავაზებს. მისი თქმით, ეს იქნება ყავის კაფსულები, რომელიც ყავის აპარატებისთვის იქნება განკუთვნილი, ასევე თურქული ყავა, რომელიც ერთჯერად პაკეტებით გამოვა და ყავის მარცვლები, რომელიც 250 გრამიანი და 1 კილოგრამიანი შეფუთვით დამზადდება.
ამავე ინტერვიუში თორნიკე ჭელიძესთან ამბობდა, რომ ბაზარზე კომპანიას კონკურენტი არ ჰყავს:
„ადგილზე კონკურენცია არავისთან გვაქვს გასაწევი. საუბარია სრულიად ახალ ინოვაციურ პროდუქტზე, რასაც კაფსულის ყავა ჰქვია. კაფსულის ყავა საქართველოში შემოდის ძალიან ცოტა , რადგან ბაზარზე რეალურად მოთხოვნა არ არის. თუმცა, ჩვენი ფასი იქნება კონკურენტუნარიანი, ეს იქნება უმაღლესი ხარისხის ყავა და შესაბამისად კაფსულის მიმართულებით კონკურენციაზე არ ვფიქრობ. მთავარი პრობლემა აქ შეიძლება იყოს ყავის კულტურის და ამ ინოვაციის დანერგვა და გაზიარება. რაც შეეხება სხვა პროდუქტებს, როგორიც არის ყავის მარცვალი და თურქული ყავა, ამ მიმართულებით არიან საქართველოში კომპანიები რომლებიც ადგილზე აწარმოებენ, თუმცა აქაც შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი ყავა ამ მიმართულებითაც ძალიან ხარისხიანი იქნება და მათი კონკურენტად ჩათვლა, რამდენად სწორი იქნება არ ვიცი, რადგან ჩვენ მაღლ სტანდარტებზე ვიქნებით ორიენტირებული“,- განმარტავს თორნიკე ჭელიძე.
სწარმოს წარმომადგენელი კომერსანტს უყვებოდა, რომ ყავის მარცვლები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოვა, მათ შორის, აფრიკიდან, სამხრეთ ამერიკიდან, ცენტრალური ამერიკიდან და ასე შემდეგ. თორნიკე ჭელიძე ამბობდა, რომ თავიდან კომპანია მხოლოდ საქართველოს ბაზარს დააკმაყოფილებდა მისივე განმარტებით წარმოების მოცულობის გაზრდის შემდეგ პროდუქციას ექსპორტზეც გაიტანდნენ.
„ჩვენი დანადგარების წარმოების რაოდენობა ბევრად აღემატება საქართველოს მასშტაბს. ვფიქრობთ, ჩვენი წარმოებული პროდუქციით პირველი ორი წელი საქართველოს ბაზარი დავაკმაყოფილოთ. 2 წლის შემდეგ, რაც საექსპორტო ბაზარს შევისწავლით და საქართველოში ფეხს მოვკიდებთ, შემდეგ ვგეგმავთ საზღვრებს გავცდეთ, პირველ რიგში გავიდეთ მეზობელ ქვეყნებში- უკრაინაში, რუსეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში. სამომავლოდ კი ჩვენი მიზანი დასავლეთი ევროპის ბაზრის ათვისებაა“ ,- გვიყვება თორნიკე ჭელიძე.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე, არსებული ყავის გადამამუშავებელი საწარმოს აშენების შესახებ ინფორმაცია 2016 წლის აგვისტოში დაანონსდა.
საწარმოში 40 მილიონ ლარამდე ინვესტიციაა ჩადებული. მეამაში დღეს 50 - მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა წარმოების ზრდასთან ერთად პირველ ორ კვარტალში კომპანია დაახლოებით 100 კაცით გაიზრდება.
https://commersant.ge/ge/post/pirveli-qartu...qvesh-gaiyideba