"შეხვედრა ქართულ რესტორანში შედგა" - აფხაზეთის "პრეზიდენტის" გასაიდუმლოებული ვიზიტი რუსეთში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებთან და გამოხმაურებები სოხუმიდანაფხაზეთში ვრცელდება ინფორმაცია, რომ მოსკოვში Росавиация-ს წარმომადგენლობასთან შესახვედრად ჩასული ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რუსეთში "ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებსაც" შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას, ჟურნალისტი და პროექტ wargonzo-ს წარმომადგენელი სემ პეგოვი ავრცელებს. მისივე ცნობით, ბჟანია რამდენიმე დღეა მოსკოვში იმყოფება, სადაც რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ხელმძღვანელს, ალექსანდრ ნერსადკოს შეხვდა და სოხუმის აეროპორტის აღდგენისა და რუსეთთან საჰაერო მიმოსვლის თემა განიხილა.
"დეტალურად განვიხილეთ ის საკითხები, რაც აეროპორტის ინფრასტრუქტურის რეკონსტრუქციისთვის არის საჭირო. შექმნილია რუსულ-აფხაზური სპეციალისტთა ჯგუფი, რომლებმაც საგზაო რუკის ფორმირება მოახდინეს... დანარჩენ თემებზე, მათ შორის აეროპორტის დოკუმენტაციაზე, რაც აფხაზეთის საჰაერო კანონმდებლობით არის გათვალისწინებული, მსჯელობა გრძელდება. ასევე მიმდინარეობს მსჯელობა ავიაციის აფხაზი სპეციალისტების გადამზადებაზე. მხარეებს შორის არსებობს ორმხრივი ინტერესი და, თანამშრმლობის განვითარებისა და გაღრმავების სურვილი, რაც ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის ხელს შეუწყობს..." - ნათქვამია აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თუმცა აფხაზური მხარე, ბჟანიასა და ქართველი ბიზნესმენების შეხვედრაზე არაფერს ამბობს. რაც შეეხება, სოხუმის აეროპორტის აღდგენასა და საჰაერო მიმოსვლის გახსნას, ოკუპირებულ რეგიონში ბოლო ხანებში ამ თემაზე ლაპარაკი გააქტიურდა. მოსკოვში "ვიზიტის" ფარგლებში, ბჟანია ცხინვალის რეგიონის ე.წ. ყოფილ პრეზიდენტს, ედუარდ კოკოითსაც შეხვდა, რომლის დამადასტურებელ ფოტოს კოკოითი სოციალური ქსელის გვერდზე აქვეყნებს, წარწერით: "მორიგი შეხვედრა ჩემს ძმასთან, აფხაზეთის პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან...".

კონკრეტულად რომელ ქართველ ბიზნესმენებს შეხვდა ბჟანია მოსკოვში, ამის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება, თუმცა არსებობს ვერსიები, რომ ეს ყველაფერი არც ისე დიდი ხნის წინ, აფხაზი ბიზნესმენის, ბენურ კვირაიას მიერ გაკეთებული თამამი განცხადებების გაგრძელებაა. მაშინ კვირაია ამბობდა, რომ ოჩამჩირეში ქართული ინვესტიციების შეტანასა და თავისუფალი ეკონომიკური ზონის მოწყობას აპირებდა. ამის გამო, მას აფხაზური რადიკალური ოპოზიცია და მათი მომხრეები დაუპირისპირდნენ, თუმცა კვირაიას არც ბოდიში მოუხდია და არც სიტყვები წაუღია უკან.
"პროექტ wargonzo-ს წარმომადგენელთა ინფორმაციით, აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი, რუს მაღალჩინოსნებთან შეხვედრების კვალდაკვალ, მოსკოვში ავტორიტეტულ ქართველ ბიზნესმენებსაც შეხვდა. შეხვედრა მოსკოვის ერთ-ერთ ელიტურ რესტორანში, ძალიან თბილ, მეგობრულ გარემოში წარიმართა..." - წერს პეგოვი.
მისი ცნობით, მაშინ, როდესაც ბჟანიას ყოფილი თანაშემწე და უკვე ოპოზიციაში გადასული ახრა ავიძბა, სოხუმის იზოლატორი იმყოფება, ბჟანია აქტიურად არის დაკავებული ქართულ მხარესთან ურთიერთობების დალაგებით და მათი კაპიტალის მოზიდვით. ამ ინფორმაციას აფხაზების ნაწილმა პეგოვის მორიგი პროვოკაციული პოსტი უწოდა. არიან ისეთებიც, ვინც ამბობენ, - ცნობილია, ბჟანიას ქართველებთან მეგობრობის ამბავი და ამაში სათაკილო არაფერია, რადგან "ომი ომია, მაგრამ მეგობრებს ეროვნების მიხედვით არ ირჩევენ და "ეს სრულად ადამიანური მომენტიაო..."
"მოსკოველი აფხაზებისგანაც ითქვა, რომ ქართულ რესტორანში იყო სტუმრად, სადაც ქართველებს შეხვდა, მაგრამ რა მოხდა მერე?.. რა არის ამაში ცუდი, ეროვნულ ინტერესებზე თქვა უარი? 90-იანი წლებში, ომის დამთავრებისთანავე, როდესაც თქვენი ოჯახის წევრები და ახლობლები წესიერად დამარხულიც კი არ გყვადათ, ქართველების სახლებში შეცვივდით, ავეჯი გამოზიდეთ, ზოგს მათ საწოლებში გძინავთ, სახლებს კი "დაკავებულია" მიაწერეთ, დღემდე მათ სახლებს აქირავებთ ტურისტებზე და ერთხელად არ გითაკილიათ. ახლა არ ვარგა ქართული ფული, თუ გგონიათ, რომ ყველა გუდაუთის ტყეებიდან ჩამოვიდა და არაფერი ვიცით? შეეშვით მორალის კითხვას. თუ შემოვა ქართული ფული, ძალიან კარგიც იქნება. ხვალ თუ ზეგ ეს გარდაუვალია და რაც მალე მოხდება, უფრო მალე ამოისუნთქავს დამშეული ხალხი..." - წერს ერთ-ერთი ადგილობრივი იამზე გოლანძია.
გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება ადგილობრივი გავლენიანი ჟურნალისტი იზიდა ჭანიაც.
"პრეზიდენტს პრესსამსახური არ ჰყავს, რომ ამ შეხვედრის შესახებ გაგვაგებინოს? სამი დღეა ქვეყნის მეთაური აფხაზეთში არ იმყოფება და არავინ იცის, რას აკეთებს. რატომ არ უნდა დავუჯერო პეგოვს?.." - წერს ჭანია.
"ჯერ კიდევ ლორიკ მარშანიასთან მეგობრობდა, ეს აფხაზეთში ყველამ ვიცით, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ქართველების აგენტია... სიმართლე გითხრათ, უკვე აღარ ვიცი, ვინ ვისი აგენტია, მაგრამ რუსეთის აგენტები რომ უფრო მეტად მხვდებიან თვალში, ნამდვილად ვიცი", - წერს ბესარიონ ღარცკია.
"პეგოვი პროვოკატორია, ნუ უსმენთ მას... ისიც დაწერა, რუსეთი აფაზეთს ეკონომიკური პროექტებით იერთებს და ამას კანონის ჰარმონიზაციით ცდილობსო... " - წერს რუსტამ გუმბა.
"აფხაზეთი არც რუსეთსა და არც საქართველოს შეურთდება. მშვიდად იყავით და თქვენს მუდმივად აწეწილ ქვეყანას მიხედეთ. ზომიერების დაცვა არ გაწყდენდათ, არც უბრალო მოქალაქეებს და არც მაღალჩინოსნებს. სადაც მიდიხართ, ყველგან თქვენი მიწა ნუ გგონიათ. არ ვოცნებობთ რუსეთთან მიერთებაზე..." - წერს თემურ გოლანძია.
წყარო