გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე, 21 წლის გ.თ. დაჭრეს. თვითმხილველების თქმით, ბიჭს გამვლელი დაესხა თავს და მას დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილმა ბიჭმა თავად გამოიძახა სასწრაფო დახმარება და მას ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა. ბიჭი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
სამართალდამცველებმა თავდამსხმელის იდენტიფიცირება იმავე დღეს მოახდინეს და მალევე დააკავეს. ambebi.ge-ს ინფორმაციით, თავდამსხმელი აფხაზეთიდან დევნილი, 36 წლის ლ.ბ.-ა. მას წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული და გადაყვანილია გლდანის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით აღიძრა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. როგორც გაირკვა, თავდამსხმელს ფსიქიკური პრობლემები აქვს და ამის დამადასტურებელი შესაბამისი სამედიცინო დასკვნებიც არსებობს.
ambebi.ge მომხდარზე დაზარალებულის მამიდას ესაუბრა.
- როგორია თქვენი ძმისშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას მოჰყვა მისი დაჭრა და რა დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში?
- უკვე გამოვიდა მძიმე მდგომარეობიდან, ამჟამად სტაბილურად არის, გადავრჩით. მას დაზიანებული აქვს ფილტვი და თირკმელი, ელენთა კი ოპერაციისას საერთოდ ამოუღეს.
იმ დღეს გლდანში შეყვარებულის სანახავად მიდიოდა, რა დროსაც თავს დაესხა უცნობი და რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მისთვის ეს უბანი უცხოა, მეორედ იყო. შემთხვევა ხიზანიშვილის 52-თან მოხდა, არ არის ხალხმრავალი ქუჩა. როგორც მოგვიყვა, უცხო მამაკაცი კიბეზე იდგა, რომელსაც აუარა გვერდი და ამ დროს ზურგში დარტყმა იგრძნო. მას ეგონა, მუშტი დაარტყეს, თურმე დანა დაურტყამს სრულიად უცხო ადამიანს. ბიჭს ზურგში ორი, წინიდან კი ერთი ჭრილობა აქვს. თურმე გულში უმიზნებდა დანას, მაგრამ როგორღაც აირიდა. ფაქტია, რომ ელენთა ამოღებულია, ფილტვი - დაზიანებული, მაგრამ მადლობა ღმერთს, გადავრჩით. ის ადამიანი ჩემს ძმისშვილს აბსოლუტურად არაფრის გამო დაესხა თავს, არც იცნობდა და ხმაც არ გაუციათ ერთმანეთისთვის. არიან თვითმხილველებიც. ის ადამიანი იქვე ცხოვრობს და დანაშაულის ჩადენის შემდეგ შინ ასულა. პოლიციამ ძალიან ოპერატიულად იმუშავა, დამნაშავის იდენტიფიცირება მალევე მოხდა და საღამომდე დააკავეს.
ბიჭმა თვითონ გამოიძახა სასწრაფოც და პოლიციაც და ყველამ ოპერატიულად იმუშავა. მადლობა ღმერთს, გადავრჩით, მაგრამ ფონი არის მძიმე - ბავშვმა დიდი სტრესი მიიღო. ის ალასანიას უნივერსიტეტში სწავლობს, სამართლის ფაკულტეტზე. პირველ კურსზე როცა იყო, მამა ავად გახდა და საგნების გადავადება დასჭირდა, მანამდე ლექცია არ გაუცდენია და ქულები საშუალოზე უკეთესი აქვს. ბავშვს გეგმები ჰქონდა და რამხელა ფსიქოლოგიური ტრავმის გადატანა უწევს.
სრული ვერსია
https://www.ambebi.ge/article/260242-bichi-...-egona-zurgshi/პ.ს.წარმოიდგინეთ,არაფრის გამო კლავდა ადამიანს,ფსიქიკური პრობლემები ჰქონია,გამახსენდა ის მხატვარი ქალი ქუჩაში გამვლელ ბავშვს მშობლების წინ დანა რომ დაუსვა, როდემდე უნდა იყოს ეს პრობლემა მოუგვარებელი??რატომ არ არიან ასეთი პრობლემების მქონე ადამიანები შესაბამის დაწესებულებაში და რატომ დადიან ქუჩაში თავისუფლად??