უგენიოსესი იყო ცხონებული!
ყველაფერზე აქვს ნათქვამი, ხშირად, ნაწინასწარმეტველები!!! <3
***********
..... -ვიცი მე შალვა, რასაც უპირებს კოცი ჩვენს ბიჭებს!
– რას უნდა უპირებდეს?!
– სადაა კარცერები?.. სარდაფში, ხომ?
– მერე?
– დერეფნის ცალ მხარეს რომ კარცერებია, მეორე მხარეს საკნებია, ხომ?.. ვინ ზის იმ საკნებში, თუ იცი?
– აღარ მახსოვს. თქვი, რისი თქმა გინდა?
– მამათმავლები სხედან მერვე საკანში, მამათმავლები, შე ჩემი ცოდვით სავსევ! დიღლია, დარდაკა, ხარჩო, დარჩო, ალისკერა, რუდოლფ ვალენტინოვიჩი... ვინაა კიდევ იქ?..
– მერე?
– მერე და, კარცერებში მარტო, თითო–თითოდ უზის კოცს ჩვენი გიმნაზიელები! წარმოიდგინე, ახლა, ღამით... გაუღებს კარს და შეუშვებს იმ ერთი ციცქნა კაკალაშვილთან იმხელა სპილოსავით დარდაკას, – შედი და ქენი, რაც მოგეხასიათოსო!
პირი დავაღე – არც მეტი, არც ნაკლები! პირველი რაც გავიფიქრე, ის იყო, რომ ასეთ სიბილწეს კლასიონის მეტი მსოფლიოში ვერავინ გამოიგონებდა...
– როგორი საბაბია, ა?! – კლასიონს ძლევამოსილი მხედართმთავრის თუ ახალი მატერიკის პირველაღმომჩენის იერი ჰქონდა. – წარმოიდგინე, ახლა, მაგას ციხე რომ შეიტყობს...
– ხმა კრინტი არ დასძრა, კლასიონ!
– რატომ, ნეტავი?
– კოცს ეგ, იქნებ, აზრადაც არა ჰქონდეს, მაგრამ თუ მის ყურს მაგისთანა შესაძლებლობა მისწვდა, ვინ იცის, გააკეთოს კიდეც, – ახლა მე მომივიდა გული.
– მაგ არის სწორედ საქმე!
– რა საქმე! – ეგ სულაც რომ არ მოხდეს და მხოლოდ ვერსია გავრცელდეს... შენ გესმის რომ სამუდამო კომპრომეტაციაა?! მართლაც და, სად უნდა გამოყოს ცხვირი... პოლიტიკაა, ხელად წამოაძახებენ: აქა და აქ, ამა და ამ წელს დარდაკას საყვარელი იყავიო! – ხმა, კრინტი არ დასძრა!
– როგორ, შე კაცო, ამ ოთხი ათას შვიდას კაცში ჩემხელა ტვინის პატრონი მეორე აღარ მოიძებნება, ვითომ?.. შორს ნუ წახვალ, აგერ, ჩვენი საკუთარი აბრაგი უკვე მიხვედრილია ყველაფერს, მომკალი
თუ გინდა.
– რა იცი?
– რაის რა ვიციო... პოქტია დატოვა ეზოში გუშინ სეირნობის მერე და, ჩემი ყურით გავიგონე, რომ ეუბნებოდა; – ზუსტად დაადგინე, ვინ ზის იქ და რამდენ–რამდენი სხედან კარცერშიო. რისთვის ჭიროდა, თუ კაცი ხარ? ახლა, დათას გაზით ვერ ამოგლეჯ პირიდან მაგას, მარა, სხვაც მიხვდება ვინმე და გველივით გამოხოხდება ხმა, ცხადია ეს.
იმის მოყოლა რა საჭიროა, თუ კომიტეტში როგორი რეაქცია გამოიწვია ჩვენმა ნათქვამმა. პირველი შთაბეჭდილების ტალღამ ჩაიგრიალა და, როგორც უკვე ვთქვი, – ყველა მოვლენას ამბოხების თვალსაზრისით აღვიქვამდით–მეთქი, ამ საქმემაც იმავე კუთხით გამოიხედა. ივარგებს თუ არა საბაბად და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ?! კოცის განზრახვა – მიუხედაეად იმისა, განხორციელდებოდა იგი თუ არ განხორციელდებოდა, – აფექტის და, მაშასადამე, აფეთქების პოტენციას ეჭვს გარეშე შეიცავდა!
– კოცი ასე და ისე აპირებსო... მარტო ჭორი და მითქმა–მოთქმა ვერ იკმარებს საბაბად, – კატეგორიულად განაცხადა კლასიონმა.
– მეც ახე მგონია, ვერ იკმარებს, – დაუდასტურა თომა კომოდოვმა.
– მაშ, რა იკმარებს? – იკითხა პეტრე ანდრაშჩუკმა.
სიჩუმე ჩამოვარდა. ყოველი ჩვენგანი გრძნობდა, რომ აფეთქებისთვის იმ სისაძაგლის მოხდენა, სისრულეში მოყვანა ან სხვა, თანაბარი აღმაშფოთებლობის შემცველი ბოროტება იყო საჭირო, მაგრამ, აბა, რომელი გაბედავდა ესოდენ დიდი შეურაცხყოფისთვის, სამუდამო კომპრომეტაციისთვის გაემეტებინა ამხანაგი, თანამებრძოლი – ასეც ნუ იქნეგა – უბრალოდ, ადამიანი!
– რევოლუცია სუფთა რამეა, ჭუჭყიანი რამეები არ იქნება! – თქვა ჰამბომ და ყველას გულზე მოგვეშვა, რომ სათქმელი ითქვა.
– მართალია ეგ, ჰამბო–ბატონო, – მიაგება კლასიონმა, – მაგრამ რევოლუცია ბრძოლაა, მსხვერპლს და დანაკარგს მოითხოვს და როცა საკითხი ამბოხებას ეხება... – კლასიონი შეყოყმანდა. თომა და ჰამბო თვალებმი შეჰყურებდნენ. დათა თუთაშხია აქამდე მხართეძოზე იწვა – წამოდგა, ფეხები შეიკეცა და ისიც კლასიონს მიაშტერდა.
სხვებს თავები ჩახრილი ჰქონდათ, ძირს იყურებოდნენ. მე ხან ერთს შევცქეროდი, ხან – მეორეს.
– უნდა მოხდეს ეგ – ამგოხება თუ გინდათ, უნდა მოხდეს, – მტკიცედ თქვა კლასიონმა. – ყველა მასე ფიქრობთ და თქმის გეშინიათ!..
– კლასიონ კვიმსაძე! – სიჩუმე დაარღვია დათა თუთაშხიამ – შენ რომ გვთავაზობ, მასეთი გზებით გამარჯვებული რევოლუციის დროშაზე კაკალაშვილი და დარდაკა უნდა იყოს ოქროს ძაფით ამოქარგული, ასე ვფიქრობ მე...
– გამომივიდა ესაც!.. დამიწყეს აქ... წმიდა ბერი წმინდად წაწყდაო, ნათქვამია!.. დროშა და ის... კიდევ!.. – ადუდღუნდა კლასიონ კვიმსაძე....
***************************
დანარჩენზე, თქვენ იფიქრეთ....
* * *